ჩოხატაურის გამგეობის შენობიდან გიორგი შათირიშვილი ამ წუთებში გამოვიდა დაკითხვიდან. მისი თქმით, მას ადვოკატის მომსახურებაზე უარი არ უთქვამს: _ ჩემთვის არავის უთქვამს, რომ შემეძლო ადვოკატი შემომეყვანა, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას შათირიშვილმა.
მისივე თქმით, პალატის წარმომადგენლები ცდილობდნენ, გაეგოთ, რა კავშირი აქვს მას ვახტანგ გაჩეჩილაძესთან და ვლადიმერ სიხარულიძესთან:
_ აინტერესებდათ, ვიყავი თუ არა ქართული ოცნების წევრი, რამდენს მიხდიდნენ გაზეთების დარიგებაში და ხელმოწერების შეგროვებაში. ასევე, მეკითხებოდნენ, ვინ იყვნენ პარტიის სხვა წევრები, _ გვითხრა შათირიშვილმა.
როგორც მან აღნიშნა, კონტროლის პალატის წარმომადგენლებმა გააფრთხილეს, რომ არასწორი ჩვენების მიცემისთვის პასუხისგებაში მისცემდნენ.
დაკითხვიდან გამოვიდა გიორგაძეც. მისვე თქმით, კონტროლის პალატის წარმომადგენლები ეუბნებოდნენ, რომ მოიყვანდნენ ადამიანს, რომელიც იტყოდა, რომ ხელმოწერების შეგროვებაში მან ფული აიღო.
გიორგაძე ამბობს, რომ მან ხელმოწერები უსასყიდლოდ შეაგროვა:
_ ხელმოწერები იური ვაზაგაშვილის არასამთავრობო ორგანიზაციას ეგიდით მოვაგროვე სრულიად უსასყიდლოდ, _ გვითხრა გიორგაძემ.
ახლა შეიყვანეს დაკითხვაზე ზაალ მამალაძე. მას სამი ადვოკატი შეყვა, თუმცა, ერთ-ერთი გია ქარცივაძე რამდენიმე წუთის შემდეგ უკან გამოვიდა: _ გადმოვიდნენ პირად შეურაცხყოფაზე. ვაკეთებდი ოქმს, რას კითხავდნენ, ვინ იყო დამკითხავი, ისე, როგორც იქცევა ადვოკატი, რომელიც ესწრება დაკითხვას. ვინიშნავდი ჩემთვის საინტერესო მომენტებს. ჩამარტყა ხელში და წამოწია სავარაუდოდ დასარტყმელად. ამის შემდეგ დავტოვე ოთახი და გამოვედი. ვფიქრობ პროვოკაციის მოწყობა სურდათ, _ გვითხრა ქარცივაძემ.