“ჩვენი ამოცანა სწორედ ის არის, რომ არანაირი კანონდარღვევა არ მოხდეს და პროცესი იყოს გამჭვირვალე. თუ ვინმე არღვევს კანონს, სულერთია, კონტროლის პალატის თანამშრომელი იქნება თუ რომელიმე პარტიის აქტივისტი, მას პასუხი მოეთხოვება,” _ ასეთ კომენტარს აკეთებს “გურია ნიუსთან” რეგიონული პოლიტიკის, თვითმმართველობისა და მაღალმთიანი რეგიონების კომიტეტის თავმჯდომარე, პარლამენტარი ვახტანგ ბალავაძე.
_ ბატონო ვახტანგ, როგორ შეაფასებდით კონტროლის პალატის მიერ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მოწყობილ მოქალაქეთა მასობრივ დაკითხვებს? მაგალითად, გურიაში გამგეობების მუნიციპალიტეტების მუშაობა ამის გამო პარალიზებულია, ჩაიშალა საკრებულოს სხდომა, არ უშვებენ მედიის წარმომადგენლებს გამგეობებსა და საკრებულოებში…
_ უკაცრავად, მაგრამ კარგად ვერ გავიგე, რა არის თქვენთვის პრობლემა? ის, რომ კითხავენ ამ ადამიანებს, თუ ის რომ გამგეობის შენობებში კითხავენ? თანაც დაკითხვის დროს მედია რატომ უნდა შეუშვან იქ?
_ მედია იმიტომ უნდა შეუშვან, რომ ადმინისტრაციული სამართალწარმოება ღია პროცესია და მასში მონაწილეობის უფლება ყველა დაინტერესებულ პირს აქვს. გარდა ამისა, სერიოზული პრობლემაა ისიც, რომ კონტროლის პალატა ამ ადამიანებს კონკრეტული ფაქტების საფუძველზე კი არ იბარებს, ადგილზე იწყებენ რაღაცეების გარკვევას.
_ ჩემი აზრით, რა მიდგომაც თქვენ გაქვთ, ეგ არ არის სამართლიანი პოზიცია. ეს, უბრალოდ, ჩემი აზრია.
რაც შეეხება გამგეობის შენობებში დაბარებას, ეგეც ნორმალური ამბავია. ეგ ხალხი არ არის ეჭვმიტანილი რაიმე სახის სისხლის სამართლის დანაშაულში და მაგიტომ იბარებენ მუნიციპალიტეტებში. წინააღმდეგ შემთხვევაში, შინაგან საქმეთა სამინისტროში ან პროკურატურაში დაიბარებდნენ.
კონტროლის პალატა იმიტომ იბარებს და ის, რაც ხდება იმიტომ ხდება, რომ არის გარკვეული კითხვის ნიშნები ამ ადამიანების მიმართ. კონტროლის პალატა ცდილობს, გაერკვეს, რამდენად არიან ეს ადამიანები კავშირში ამა თუ იმ პოლიტიკურ სუბიექტთან. თუმცა, პირდაპირ კავშირში ყოფნა არც არის აუცილებელი.Mმთავარი აქ ის არის, ირღვევა თუ არა ამ ადამიანების უფლებები. მათ შეუძლიათ აიყვანონ ადვოკატი და ისე მივიდნენ ამ დაკითხვებზე. თუკი დადასტურდება ის ფაქტი, რომ ვიღაცის უფლება ირღვევა და იქ რამე სხვანაირად ხდება, ეგ უკვე სხვა თემაა და ამას შესაბამისი რეაგირებაც უნდა მოყვეს. კონტროლის პალატის მოვალეობაც სწორედ ეგ არის, რომ გაერკვიოს სიტუაციაში. თუ ზოგადად შევხედავთ, ეს არის ქართული საზოგადოების დაკვეთა. პოლიტიკაში ნათელი უნდა იყოს ყველაფერი, ვინ რას ხარჯავს და როგორ.
რაც ხდება, ეს კონტროლის პალატის ბრალი არ არის. იმ პოლიტიკური სუბიექტების ბრალია, რომლებიც ცდილობენ კანონის გვერდის ავლით იმოქმედონ და ითამაშონ ბინძური წესით. ფულის გათეთრება და მოქალაქეების მოსყიდვა არ გამოუვათ. კონტროლის პალატის მოვალეობაა არ დაუშვას ეს. შესაბამისად, ამ მოქალაქეების შეწუხებაში ის პოლიტიკური ორგანიზაციებია დამნაშავე, რომლებიც ცდილობენ ეს ადამიანები უკანონო ქმედებებში ჩართონ.
_ კონტროლის პალატის მიერ რიგითი მოქალაქეებიც არიან დაბარებულები. ბევრ მათგანს არ აქვს იმის საშუალება იყოლიოს ადვოკატი და დაიცვას საკუთარი უფლებები.
_ ჩვენ ყველანი რიგითი მოქალაქეები ვართ. ისეც ხომ არ არის საქმე, რომ შეჰყავთ ეს ადამიანები გამგეობის შენობებში, კეტავენ იქ, აწამებენ და აღარ უშვებენ. არ არის საჭირო სიტუაციის ასე გაბუქება და დამძიმება. შესაძლოა, იქ დაბარებულმა ადამიანებმა სულაც არ იცოდნენ, რომ თავიანთი ქმედებით რაიმე კანონს არღვევენ. ამიტომ პასუხისმგებლობა მთლიანად ეკისრება იმ ორგანიზაციას, რომელმაც ჩაითრია ეს ადამიანი და ზუსტად იცოდა, რომ ამით კანონს არღვევდა. არის მეორე ვარიანტიც, როცა ადამიანმა ზუსტად იცის, რასაც აკეთებს, კანონდარღვევაა, მაგრამ შეგნებულად მიდის ამაზე.
ფაქტია, ამ ყველაფრის უკან დგას ერთი პოლიტიკური სუბიექტი, რომელიც ერთის მხრივ, ცდილობს უკანონოდ გაათეთროს ფული და მეორეს მხრივ, ამისთვის იყენებს ადამიანებს, რათა შემდგომ მათკენ გაიშვიროს ხელი.
_ ამ ახსნა-განმარტების პროცესში ადგილი ჰქონდა ადამიანებზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას. “გურია ნიუსის” ერთ-ერთი რესპონდენტი ღიად საუბრობს იმაზე, თუ როგორ ემუქრებოდნენ მას დაპატიმრებით. ესეც კანონის სახელით კეთდება? ვინ უნდა გამოიკვლიოს მსგავსი ფაქტები და ვინ აგებს პასუხს ამაზე?
_ ჩვენი ამოცანა სწორედ ის არის, რომ არანაირი კანონდარღვევა არ მოხდეს და პროცესი იყოს გამჭვირვალე. თუ ვინმე არღვევს კანონს, სულერთია, კონტროლის პალატის თანამშრომელი იქნება თუ რომელიმე პარტიის აქტივისტი, მას პასუხი მოეთხოვება. ის, რომ რაღაცის თქმა არ მინდოდეს და მაიძულებდნენ ამას, ეს არასერიოზულად ჟღერს. თუმცა, გამორიცხულიც არაფერია. მთავარია, სისტემა არსებობდეს ისეთი, რომ ამ ადამიანს თავდაცვის მექანიზმი ჰქონდეს.
თქვენს რესპონდენტს შეუძლია მიმართოს სამართალდამცავ ორგანოებს ან სასამართლოს და განაცხადოს, რომ ზეწოლას ჰქონდა ადგილი. დარწმუნებული ვარ, ამას კანონით გათვალისწინებული რეაგირება მოყვება. მაგრამ აქ არის მეორე ფაქტორიც _ შეიძლება ეს ადამიანი მართლაც იყო ამ საქმეში გარეული და მსგავსი ტიპის განცხადებები თავდაცვის ერთ-ერთი მექანიზმია. სხვადასხვაგვარი მიზეზები შეიძლება არსებობდეს.
მთავარი ისაა, რომ ეს არის კანონიერი პროცესი. ძალიან ცუდი ფაქტია, რომ ერთ-ერთი პოლიტიკური ორგანიზაცია ცდილობს, ამდენ ადამიანს შეუქმნას გარკვეული სახის პრობლემები იმისთვის, რომ თვითონ იხეიროს.
_ “ქართულ ოცნებაზე” გაქვთ საუბარი?
_ აბა ვისზე უნდა ვსაუბრობდე? მაგას არც ვმალავ. ძირითადად ეს პოლიტიკური სუბიექტია მსგავს საქმიანობაში შემჩნეული და კონტროლის პალატის მხრიდან, არა ერთხელ, სრულიად კანონიერად მოხდა მათ ქმედებებზე რეაგირება.