14 მარტს, ლანჩხუთში, “თავისუფალი დემოკრატების” წარმომადგენელმა ელგუჯა ჩხაიძემ ჟურნალისტებისთვის ბრიფინგი გამართა.
_ 11 მარტს დაიწყო კონტროლის პალატის უწყებების დარიგება ლანჩხუთში. ვაცნობე ჩვენი კოალიციის შტაბ-ბინას თბილისში და მოვითხოვე, გამოეგზავნათ ადვოკატები, რომ თითოეული დაკითხულის უფლებები ყოფილიყო დაცული. 22:00 საათზე სათაო ოფისიდან მოითხოვეს გავმგზავრებულიყავი თბილისში, _ თქვა ელგუჯა ჩხაიძემ.
_ შეიკრიბნენ კოალიციური პარტიების წარმომადგენლები, კვალიფიციური იურისტები და ვიმსჯელეთ შექმნილ მდგომარეობაზე.
მე რეკომენდაცია მივეცი ჩემი პარტიის წარმომადგენლებს, არ გამოცხადებულიყვნენ დაკითხვაზე ადვოკატის გარეშე. მოგვდიოდა ინფორმაცია, რომ ლანჩხუთის გამგეობის შენობის მესამე სართული მთლიანად იყო ბლოკირებული პოლიციის მიერ. იქ შეჰყავდათ ადამიანები და 4-5 საათის განმავლობაში ამყოფებდნენ დაკითხვაზე, ეკითხებოდნენ, ჰქონდათ თუ არა რაიმე კავშირი “ქართულ ოცნებასთან”, ვინ ავრცელებდა პარტიის გაზეთს, აიღეს თუ არა ფული ხელმოწერებში.
გამგებლის ოთახში დაკითხეს ჩვენი პარტიის წევრი ბადრი კილაძე, მას გახადეს ქურთუკი, ჩამოართვეს მობილური ტელეფონი. ეკითხებოდნენ, აიღო თუ არა ფული ივანიშვილის მოქალაქეობის აღდგენისთვის ხელმოწერების შეგროვებაში..
მთელი იმ დღევანდელი დღის განმავლობაში და არც მეორე დღეს, საკრებულოს არც ერთ დეპუტატს არ გამოუთქვამს უკმაყოფილება ამ ფაქტის გამო და არ მიუმართავს პროტესტისთვის.
მე არ მეშინია იმის აღიარების, რომ ათასი ლარი ავიღე პარტიული საქმიანობის გასახორციელებლად. ხშირად მიწევს მანქანით გადაადგილება სხვადასხვა საქმეებზე, ამ ფულით ბენზინი შევიძინე. არაფერია იმაში დასამალი, რომ ჩვენს აქტივისტებს ფულს ვუხდით საქმიანობაში, არსებობს შრომითი ხელშეკრულებები და მათი ხელფასების ოცი პროცენტი, საშემოსავლო გადასახადის სახით, სახელმწიფო ბიუჯეტში მიდის.
მათ კონკრეტულად აინტერესებდათ, არა ფინანსური გადარიცხვები და ზოგადად ფულის მოძრაობა, არამედ ის, თუ ვინ არიან “ქართული ოცნების” მხარდამჭერები, აქტივისტები, გაზეთის გამავრცელებლები. პირდაპირ ამას ეკითხებოდნენ იქ მყოფ ადამიანებს. ინფორმაციას აგროვებდნენ მხარდამჭერების შესახებ.
13 მარტს, ჩვენი კოალიციის ხელმძღვანელები შეხვდნენ უცხოელ დიპლომატებს და მიაწოდეს ინფორმაცია არსებული მდგომარეობის შესახებ.
_ ბატონო ელგუჯა, სად იყვნენ კოალიციის წევრი სხვა პარტიების წარმომადგენლები ამ დროს?
_ “რესპუბლიკური პარტიის” მხარდამჭერებიც იყვნენ დაბარებული დაკითხვაზე. “ქართული ოცნების” რაიონული ორგანიზაცია კი ჯერ საბოლოოდ არ ჩამოყალიბებულა.
_ პრესაში ვრცელდება ინფორმაციები კოალიციის ლანჩხუთელი თავკაცის და დეპუტატობის სავარაუდო კანდიდატის შესახებ. შეჯერდით ერთ კანდიდატზე?
_ საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელად მოიაზრება სამი კანდიდატურა – სოსო ბოლქვაძე, ელგუჯა ჩხაიძე და რომან ბიწაძე. ხოლო საპარლამენტო კანდიდატის ვინაობას ჯერჯერობით ვერ დავასახელებ.
_ ვრცელდება ხმები კოალიციაში არსებული დაპირისპირების შესახებ. რატომ არ არიან დღეს თქვენს გვერდით რესპუბლიკელები?
_ არ ჩავთვალე საჭიროდ, რომან ბიწაძისთვის მეთქვა. ის მუშაობს და სამუშაო საათებში სამსახურს ვერ დატოვებს. ჩვენ 6 საათის შემდეგ ვხვდებით ერთმანეთს და სხვადასხვა საკითხებზე ვთანამშრომლობთ.
12 მარტს, კონტროლის პალატის წარმომადგენლებმა დაკითხვაზე დაიბარეს გაზეთ “ლანჩხუთის მოამბეს” ჟურნალისტი ელენე გურგენაძე. კონტროლის პალატას მასთანაც მსგავსი შეკითხვები ჰქონდა.