როგორც “გურია ნიუსისთვის” გახდა ცნობილი, კონტროლის პალატის წარმომადგენლის მიერ დაკითხული ერთ-ერთი მოქალაქე, რესპუბლიკური პარტიის აქტიური მხარდამჭერი, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ოზურგეთში მცხოვრები სოსო კონწოლიძე, რომელიც ასევე აქტიურად იყო ჩართული ბიძინა ივანიშვილის მოქალაქეობის აღდგენასთან დაკავშირებით ხელმოწერების შეგროვებაში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო სამსახურში დაასაქმეს.
ჩვენი წყაროს ინფორმაციით, მისი დასაქმების ბრძანება გუშინ, 15 მარტს დაიწერა.
ინფორმაციის გადასამოწმებლად “გურია ნიუსი” სოსო კონწოლიძეს დაუკავშირდა.
_ ბატონო სოსო, ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ თქვენ სახანძრო სამსახურში დაგასაქმეს. რამდენად შეესაბამება ეს ინფორმაცია სინამდვილეს?
_ კი, სინამდვილეა. თუმცა, ჯერ სამსახურში არ გავსულვარ.
_ ალბათ, არ უარყოფთ, თქვენ აქტიურად იყავით ჩართული ივანიშვილის მოქალაქეობის აღდგენასთან დაკავშირებით ხელმოწერების შეგროვებაში. როდის გადაწყდა თქვენი დასაქმების საკითხი?
_ კი, ვაგროვებდი ხელმოწერებსაც. თუმცა, ასევე შეტანილი მქონდა გამგეობაში განცხადება ჩემი დასაქმების შესახებ და საკითხი დადებითად გადაწყდა.
აღსანიშნავია, რომ ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ეს მოქალაქეების გადაბირების ერთადერთი ფაქტი არ არის.