როგორც ჩანს, ხელისუფლებამ ბოლომდე ჯერ კიდევ ვერ გამოავლინა “კანონდამრღვევები” და დაკითხვების სერიას ისევ აგრძელებს _ 19 მარტს, ოზურგეთში, კონტროლის პალატამ ის მოქალაქეები დაკითხა, რომლებიც სხვადასხვა მიზეზების გამო არ გამოცხადდნენ წინა დაკითხვაზე.
11 მარტს, “თავისუფალი დემოკრატების” ლანჩხუთის ორგანიზაციის ხელმძღვანელი ელგუჯა ჩხაიძე და რესპუბლიკელი რომან ბიწაძე თბილისში იმყოფებოდნენ, ამიტომ, 19 მარტს მოუხდათ კონტროლის პალატის მიერ დასმულ კითხვებზე პასუხის გაცემა.
_ ამჯერად უფრო რბილად იქცეოდნენ, ზედმეტი აგრესიის გარეშე. პოლიტიკურ შეკითხვებს თავს არიდებდნენ და ძირითადად, ფინანსური მხარით ინტერესდებოდნენ. დაკითხვაზე 40 წუთის განმავლობაში ვიმყოფებოდი. ადვოკატის მომსახურებაზე მე თვითონ ვთქვი უარი, _ გვითხრა ელგუჯა ჩხაიძემ.
სტაჟიანი რესპუბლიკელი, რომან ბიწაძე შეეცადა, დაკითხვაზე ჟურნალისტის თანხლებით შესულიყო, მაგრამ ვერ მოახერხა: _ კანონიდან გამომდინარე, დაკითხვაზე ერთი თანმხლები პირის შეყვანის უფლება მქონდა. თუ ეს არ იქნებოდა ადვოკატი, შეიძლებოდა, ყოფილიყო ნებისმიერი სხვა პროფესიის ადამიანი, მაგრამ კონტროლის პალატის თანამშრომლებმა უარი მითხრეს ჟურნალისტის შეყვანაზე. მე მინდოდა, ჟურნალისტი გიორგი გირკელიძე დასწრებოდა დაკითხვას. დაირღვა კანონი, დაცვის პოლიცია უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდა. აღსანიშნავია, რომ პოლიცია ღირსეულად იქცეოდა.
მოვითხოვე ტელეფონის შეტანის უფლება მოეცათ, რადგან ბეჟაშვილმა განაცხადა ტელევიზიით _ “ჩვენ მოუმზადებელი აღმოვჩნდით ამ კონკრეტული შემთხვევისთვის და ჩაწერას ვერ ვაწარმოებთო”. კანონით უფლება გვაქვს, თუ თვითონ ვერ ახორციელებენ ჩაწერას, ჩვენი ძალებით გავაკეთოთ ეს. ამ თხოვნაზეც უარი მივიღეთ _ გვითხრეს, ასეთი წერილობითი მითითება არ გვაქვსო.
ბეჟაშვილი ერთს ლაპარაკობს, მაგრამ რეალურად სულ სხვა სურათი გვაქვს _ ხელქვეითები მის გადაწყვეტილებებს არ ითვალისწინებენ.
რაც შეეხება დაკითხვას, იგი კორექტულად ჩატარდა, თვითონვე ჩანდნენ დათრგუნულები. მკითხეს შემოსავლების შესახებ. არ დამიმალავს, რომ სახელმწიფო სამსახურში ვიყავი დასაქმებული და ხელფასსაც ვიღებდი. გარდა ამისა, დეკემბერში ერთჯერადად მაქვს მიღებული ანაზღაურება “რესპუბლიკური პარტიიდან”.
დღეს გავიგე, რომ ლანჩხუთის საკრებულოს თავმჯდომარე ჩიტიძე დაინტერესებულია ჩემი სამსახურიდან წასვლით. ჩემზე დაკისრებულ მოვალეობას ზედმიწევნით კარგად ვასრულებდი, ამიტომ გათავისუფლების საფუძველი არ ჰქონდათ. არ მინდოდა, ჩემი ხელმძღვანელი, ვლადიმერ ჩხაიძე უხერხულ მდგომარეობაში ჩამეყენებინა და თავად დავწერე განცხადება. დარწმუნებული ვარ, რომ ჩიტიძეს ვიღაცამ დაავალა, მაგრამ მას შეეძლო ჩემთვის პირადად ეთქვა ეს და არ შემოეთვალა შუამავლის პირით. დავწერე განცხადება გათავისუფლების თაობაზე, მაგრამ ვპირდები მათ, რომ საზოგადოებისთვის ნათელს გავხდი მთელი რიგი კანონდარღვევების ფაქტებს, რომელსაც ადგილი აქვს მუნიციპალიტეტის საბიუჯეტო თანხების ხარჯვის დროს, _ თქვა რომან ბიწაძემ.
ჩვენ შევეცადეთ ამ ფაქტთან დაკავშირებით რევაზ ჩიტიძის კომენტარიც მოგვესმინა, მაგრამ იგი ოზურგეთში იმყოფებოდა.