ხელისუფლება აქტიურად გადაერთო წინასაარჩევნო რეჟიმზე _ გახშირდა გამგებლისა და სხვა ჩინივნიკების შეხვედრები მოსახლეობასთან. დღეში ასეთი ბლიც-შეხვედრა ორ-სამჯერ იმართება და ნახევარ საათზე მეტ ხანს არ გრძელდება.
ორშაბათს, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებელი გიორგი გოგუაძე და გამგეობის აპარატის თანამშრომლები შუხუთის მოსახლეობას შეხვდნენ. ჩვენი წყაროს მეშვეობით გავიგეთ, რომ შეხვედრა საკმაოდ მწვავე ხასიათის იყო და შუხუთელებს გამგებლის მიმართ დიდი კეთილგანწყობა არ გამოუხატავთ.
სამშაბათს, გვიმბალაურისა და ჯუნეწრის მოსახლეობის ჯერიც დადგა. ჯერ გვიმბალაურისთვის მოიცალა ჩვენმა ხელისუფლებამ. შეხვედრა გვიმბალაურის ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაციული შენობის ეზოში შედგა და, რა თქმა უნდა, სოფლის რწმუნებული ნიკო იმნაძე და საკრებულოს დეპუტატი ლევან იმნაძეც ესწრებოდნენ. სწორედ მსგავსი შეხვედრების ორგანიზება ევალებათ რწმუნებულს და მის თანამშრომლებს, თორემ გადატვირთული სამუშაო გრაფიკით ნამდვილად ვერ დაიჩივლებენ.
როგორც ასეთ შეხვედრებზე ვართ მიჩვეულები, დაპირებები უხვად გაიცა. ხალხს გვიმბალაურში, ძირითადად, გაზიფიკაციის და წყლით მომარაგების საკითხები აინტერესებდა. გაირკვა ის, რაც, ფაქტობრივად, ყველამ იცოდა _ “სოკარი” კერძო კომპანიაა და სახელმწიფო ვერ ჩაერევა მის კომერციულ გეგმებში. კომპანია, თურმე, მაშინ დაინტერესდება, როცა მოსახლეობის 60 პროცენტზე მეტი დათანხმდება საკუთარი ხარჯებით გაზის გაყვანას და ხელმოწერით დაადასტურებს ამ თანხმობას.
გამგებელმა დანამდვილებით ვერ თქვა, როდის მოხდება სოფლის გაზიფიცირება. გვიმბალაურის მსგავსად ჯუნეწრელებთან შეხვედრაზეც მრავლად იყო დაპირებები, მაგრამ აქაურები უფრო პირად პრობლემებზე საუბრით შემოიფარგლნენ: ზოგი ავარიული სახლის შეკეთებას ითხოვდა, ზოგიც _ “შიფერს” სახლის გადასახურად. შეკრებილი ხალხის უმრავლესობა, უმუშევრობით და უსახსრობით გაწამებული ადამიანები, ძირითადად, სოციალურ შემწეობებს ითხოვდნენ.
გაირკვა, რომ ახლად გარემონტებულ კლუბში, რომლის შიდა ინტერიერი ხელახლა გასაკეთებელია, ხელისუფლება სარიტუალო დარბაზის გაკეთებას და ხალხისთვის “ჩუქებას” აპირებს.
მოსახლეობამ ვერ გაიგო, რა ბედი ეწევა გზას, რომლის შეკეთებას, წლებია, ითხოვს სოფელი _ გამგებელს ამაზე პასუხი არ ჰქონდა. რაც შეეხება წყლით მომარაგებას, გოგუაძის თქმით, აქაურები კმაყოფილებიც კი უნდა იყვნენ, სამ დღეში ერთხელ რომ მოდის წყალი: _ მოსახლეობა, თითქმის, არ იხდის ფულს წყალში, ხოლო სისტემის რეაბილიტაციის შემდეგ, ყველას ინდივიდუალურ მრიცხველებს დაგიყენებთ და თქვენც ისევე გადაიხდით წყლის გადასახადს, როგორც ქალაქის მცხოვრებლები იხდიან, _ “დააიმედეს” მოსახლეობა შეხვედრაზე მისულმა ხელისუფლების წარმომადგენლებმა.