ამერიკის ელჩის მრჩეველი პოლიტიკურ საკითხებში, ემი დიაზი საქართველოში ბოლო დროს განვითარებული ცნობილი მოვლენებით დაინტერესდა.
ამერიკის საელჩოსა და არასამთავრობო ორგანიზაციის “დემოკრატიული ჩართულობის ფონდის” ინიციატივით, 21 მარტს ქუთაისში შედგა საელჩოს წარმომადგენლისა და ქართველი ოპოზიციონერების შეხვედრა. შეხვედრას ესწრებოდნენ რესპუბლიკური პარტიის რაიონული ორგანიზაციების წარმომადგენლები ლანჩხუთიდან, ქუთაისიდან, ვანიდან, ზესტაფონიდან. ლანჩხუთიდან შეხვედრაზე იმყოფებოდნენ რომან ბიწაძე და ლილი ებრალიძე. ებრალიძე წინა კვირაში თავად გახდა კონტროლის პალატის ზეწოლის ობიექტი.
რესპუბლიკელებმა ემი დიაზს მიაწოდეს დეტალური ინფორმაცია კონტროლის პალატის მიერ გახორციელებულ რეპრესიულ ქმედებებზე. ელჩის წარმომადგენელი დაინტერესდა, თანახმა იყვნენ თუ არა ქართველი ოპოზიციონერები, ეს ინფორმაციები ამერიკის საელჩოს ოფიციალურად მიეწოდებინა სხვადასხვა ქვეყნების საელჩოებისთვის და ეცნობებინა ამერიკელი ხალხისთვის.
რომან ბიწაძემ აღნიშნა, რომ დიაზს ჰქონდა ინფორმაცია მისი სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ. გათავისუფლებიდან მეორე დღეს ბიწაძე აღადგინეს სამსახურში. ვისი ბრძანებით მოხდა ეს, მან არ იცოდა: “ჩვენ ვთხოვეთ ელჩის წარმომადგენელს, ამერიკის საელჩოს მოეძიებინა მასალები, რამდენად სწორად ახორციელებს მოგელაძის უწყება დაკითხვებს. სხვათა შორის, შეხვედრაზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ვანის ერთ-ერთი სოფლის რწმუნებული ზეწოლას ახდენდა გაზეთ “ქართული ოცნების” გამავრცელებელ მამაკაცზე. იმ მოტივით, რომ თუ ის არ შეწყვეტდა გაზეთის გავრცელებას, ადგილობრივი მთავრობა სოფელში გაზს და წყალს არ შეიყვანდა”, _ აღნიშნა ბიწაძემ.
ელჩის წარმომადგენელი დაჰპირდა შეხვედრის მონაწილეებს, რომ მისთვის მიწოდებულ ინფორმაციებს სხვადასხვა ქვეყნის ელჩებს გააცნობდა. რომან ბიწაძის აზრით, სწორად ამ ფაქტის გამოძახილი იყო აკაკი ბობოხიძის სატელევიზიო გამოსვლა, რომელშიც მან განაცხადა, რომ ამერიკის ელჩი ვერ ჩაერევა საქართველოს მთავრობის საშინაო საქმეებში.