რამდენიმე დღის წინ, საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა:
“საბჭოთა დროს, ძალიან ბევრი საინტერესო ხალხიც სწავლობდა და მუშაობდა აქ, მაგრამ სოციალურად სტატუსი “გეპეისი” იყო, რომ თუ ვერსად ვერ მოეწყობოდი, მერე აუცილებლად შეგტენიდნენ “გეპეიში”. ლამის იყო სასჯელის ტოლფასი და ეს ძალიან ჩქარა იცვლება”, _ განაცხადა შეხვედრაზე სააკაშვილმა.
როგორც გავარკვიეთ, პრეზიდენტის გამოთქმის მიხედვით, “გეპეიში” ძალით შეტენილების” რიცხვი, დღევანდელ ხელისუფლებაში ძალიან დიდია: გურიის გუბერნატორი ვალერი ჩიტაიშვილი; ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატი საქართველოს პარლამენტში გოჩა შანიძე; ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარე ალეკო მამეშვილი; ლანჩხუთის მაჟორიტარი დეპუტატი საქართველოს პარლამენტში გია გოგუაძე; ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებელი, გია გოგუაძე; ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარე ერეკლე მრელაშვილი, _ ეს იმ ადამიანების მცირე ჩამონათვალია, რომლებიც დღევანდელ ხელისუფლებას წარმოადგენენ და რომლებმაც სწორედ “გეპეი” დაამთავრეს.
ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატის, გოჩა შანიძის თქმით, “გეპეიში” მხოლოდ ორი წელი სწავლობდა.
_ “გეპეიში” ორი წელი ვსწავლობდი. ჩეხეთში დავამთავრე სასწავლებელი.
_ ხომ სწავლობდით?
_ კი.
_ ძალით “შეგტენეს”?
_ ეს რა შეკითხვაა?!
_ ეს მიხეილ სააკაშვილმა თქვა სტუდენტებთან შეხვედრისას. პრეზიდენტის განცხადებით, საბჭოთა დროს, “გეპეიში” სტუდენტებს “ძალით ტენიდნენ”. თქვენც საბჭოთა დროს სწავლობდით. ამიტომ, გვაინტერესებს როგორ მოხვდით იქ?
_ ძალიან ცუდი შეკითხვაა და ასე არ შეიძლება. ტელეფონს ვერ გაგითიშავთ, მაგრამ ასეთი კითხვა არ უნდა დასვათ.
_ ბატონო გოჩა, ეს პრეზიდენტმა თქვა სულ ცოტა ხნის წინ…
_ მე “გეპეი” არ დამიმთავრებია.
_ თუმცა, სწავლობდით…
_ კი, და თუ ის გაინტერესებთ როგორი მოსწავლე ვიყავი, შეგიძლიათ სკოლაში იკითხოთ და ჩემი პედაგოგები გეტყვიან, _ გვითხრა შანიძემ.
ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარეს, ალეკო მამეშვილს ჩვენი შეკითხვა იმდენად არ ესიამოვნა, რომ ტელეფონი გაგვითიშა, თუმცა მანამდე რამდენიმე კითხვაზე პასუხის გაცემა მოახერხა:
_ ბატონო ალეკო, როგორც ვიცით “გეპეი” გაქვთ დამთავრებული.
_ საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი დავამთავრე.
_ ეს ხომ “გეპეი” იყო ადრე?
_ ალბათ.
_ “ძალით შეგტენეს” თუ იქ როგორ მოხვდით?
_ რა შეკითხვაა, “შეგტენეს” რა სიტყვაა.
_ ბოდიშს გიხდით, მაგრამ საქართველოს პრეზიდენტის ციტირებას ვაკეთებ _ ეს მან ბრძანა “გეპეის” სტუდენტებთან შეხვედრისას. მისი თქმით, საბჭოთა დროს, “გეპეიში” “ძალით ტენიდნენ” ადამიანებს. საბჭოთა დროს სწავლობდით თქვენც და ამიტომ გვაინტერესებს, თქვენც “შეტენილების” კატეგორიაში ხომ არ შედიხართ?
_ სიტყვები ის ქენით რა… “შეგტენეს” რა სიტყვა არის…
_ მე საქართველოს პრეზიდენტის სიტყვებს ვიმეორებ… _ ამის შემდეგ მამეშვილმა საუბრის გაგრძელება არ ისურვა და ტელეფონი გაგვითიშა.
მამეიშვილის მსგავსად, ტელეფონი გაგვითიშა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარემ ერეკლე მრელაშვილმა:
_ რა სიტყვებია, რას ჰქვია “შემტენეს”?
_ ეს საქართველოს პრეზიდენტმა ბრძანა, სტუდენტებთან შეხვედრისას.
_ ასეთ შეკითხვებს ნუ სვამთ, _ გვითხრა მრელაშვილმა და ტელეფონი გათიშა.
გურიის გუბერნატორმა, ვალერი ჩიტაიშვილმა, რამდენიმე მცდელობის მიუხედავად, ჩვენს სატელეფონო ზარს არ უპასუხა. ტელეფონს არც ლანჩხუთის მაჟორიტარმა დეპუტატმა, გია გოგუაძემ უპასუხა.
ლანჩხუთის გამგებელმა, გია გოგუაძემ კი, დანარჩენი ჩინოსნებისგან განსხვავებით, ჩვენს კითხვას ყოველგვარი ბრაზის გარეშე უპასუხა:
_ მე მედალოსანი ვიყავი და გამოცდების შემდეგ მოვხვდი “გეპეიში”.
_ ანუ, “ძალით შეტენილების” რიცხვში არ ხართ.
_ არა, ნამდვილად არა, _ აღნიშნა ლანჩხუთის გამგებელმა.
როგორც ხედავთ, ჩვენმა შეკითხვამ, გიორგი გოგუაძის გარდა, ყველა ჩინოვნიკში აღშფოთება გამოიწვია. საინტერესოა, იგივე რეაქცია ჰქონდათ თუ არა მათ მაშინ, როცა ეს სიტყვები პრეზიდენტისგან მოისმინეს?!