2009 წლის დეკემბრის მონაცემებით, საქართველოში რეგისტრირებულია 251 000-ზე მეტი, აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან იძულებით გადაადგილებული პირი, რაც საქართველოს მოსახლეობის დაახლოებით 6%-ს შეადგენს. 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, მათ რიცხვს კიდევ 26 000-მდე ადამიანი დაემატა.
იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მიმართ 2007 წლის 2 თებერვალს დამტკიცებული სახელმწიფო სტრატეგია წარმოადგენს საქართველოს მთავრობის მიდგომას იძულებით გადაადგილებულ პირთა _ დევნილთა მიმართ. იგი ადგენს სახელმწიფოს ორ უმთავრეს მიზანს: პირობების შექმნა დევნილთა ღირსეულად, უსაფრთხოდ დაბრუნებისათვის და მხარდაჭერის აღმოჩენა იმ დევნილთათვის, რომლებიც სტიქიურად დაბრუნდნენ მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე; დევნილი მოსახლეობისთვის ღირსეული ცხოვრების პირობების მხარდაჭერა, მათი საზოგადოებრივ ცხოვრებაში ინტეგრაცია.
ასეთი გახლავთ დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიის “საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს” ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებული შინაარსი.
რეალობა კი სხვაგვარია და ამ რეალობას კიდევ უფრო მეტად ამყარებს საქართველოს სახალხო დამცველის 2011 წლის კრიტიკული ანგარიში _ “უპირველეს ყოვლისა, ყურადღება უნდა გამახვილდეს დევნილის ცნების ცვლილებაზე _ კანონის ძველი რედაქციის პირველი მუხლის თანახმად, დევნილად ითვლებოდა პირი, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა თავისი საცხოვრებელი ადგილი და გადაადგილებულიყო საქართველოს ტერიტორიის ფარგლებში იმ მიზეზით, რომ საფრთხე შეექმნა, მას ან მასთან მცხოვრები ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას, ან თავისუფლებას, უცხო ქვეყნის აგრესიის, შიდა კონფლიქტის ან ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირად, დევნილად ჩაითვლება ის მოქალაქე ან საქართველოში მუდმივად მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც იძულებული გახდა, დაეტოვებინა თავისი მუდმივი საცხოვრებელი ადგილი და გადაადგილებულიყო საქართველოს ტერიტორიის ფარგლებში იმ მიზეზით, რომ საფრთხე შეექმნა მის ან მასთან მცხოვრები ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას უცხო ქვეყნის აგრესიის, შიდა კონფლიქტის ან ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევების გამო.” ეს ცვლილება ავიწროვებს დევნილის სტატუსის მქონე პირთა წრეს, რადგანაც დევნილად მხოლოდ ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს მოიაზრებს. სახალხო დამცველის ანგარიშის მიხედვით, მსგავსი ცვლილება არსებულ საერთაშორისო სტანდარტებს ეწინააღმდეგება.
გაერთიანებული ერების სახელმძღვანელო განმარტავს, რომ “იძულებით გადაადგილებულ პირებად ითვლებიან ის პირები, რომლებიც იძულებული გახდნენ დაეტოვებინათ თავიანთი სახლი, რათა გაქცეოდნენ შეიარაღებულ კონფლიქტს, ადამიანის უფლებათა ხელყოფასა და სტიქიურ ან ადამიანის მიერ შექმნილ კატასტროფებს. ამასთან არ გადაუკვეთავთ საერთაშორისო საზღვრები”.
ანუ ამ კონკრეტულ შემთხვევაში, აღნიშნული ნორმა დისკრიმინაციული გახდა იმ პირთა მიმართ, რომლებმაც საცხოვრებელი ადგილი დატოვეს არა ოკუპირებული ტერიტორიებიდან.
აღსანიშნავია, რომ სახალხო დამცველის 2010 წლის ანგარიშში საუბარი იყო ზემოთ ნახსენებ პრობლემაზე. წინა ანგარიშში სახალხო დამცველი, გიორგი ტუღუში აღნიშნავდა, რომ კონფლიქტის ზონის მოსაზღვრე სოფლებიდან არიან იძულებით გადაადგილებული პირები, რომელთაც მხოლოდ ფორმალურად შეუძლიათ დაუბრუნდნენ თავიანთ სახლებს, რადგანაც უსაფრთხოების პრობლემები კვლავაც არსებობს. როგორც ჩანს, ეს პრობლემა კვლავაც აქტუალურია.
გიორგი ტუღუში, ასევე, ყურადღებას ერთ ძალიან მნიშვნელოვან ფინანსურ ასპექტზე ამახვილებს _ დევნილთა შესახებ კანონის პირველი მუხლის “თ” ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს კანონმდებლობით დევნილთათვის განსაზღვრული იყო ერთჯერადი ფულადი შემწეობა. კანონის ახალ რედაქციაში მსგავსი ჩანაწერი აღარ გვხვდება, რის გამოც უნდა ვივარაუდოთ, რომ მსგავსი დახმარებებს “საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო” აღარ გასცემს.
ახალ კანონში ასევე აღარ გვხვდება ერთი მნიშვნელოვანი პუნქტი, რომლის გარეშეც ბუნდოვანია, როგორ უნდა გაუმკლავდეს სახელმწიფო მასობრივი გადაადგილების სიტუაციას _ კერძოდ, დევნილთა შესახებ კანონის მე-2 მუხლის მე-9 პუნქტი მასობრივი და ექსტრემალური გადაადგილების დროს დევნილის სტატუსის დაუყონებლივ მინიჭების წესს განსაზღვრავდა.
გიორგი ტუღუში სამინისტროს რეკომენდაციის სახით ურჩევს, დეტალურად გაწერონ იძულებით გადაადგილებულ პირთა უფლებები და ვალდებულებები.