გასულ კვირას, ოზურგეთელი კოტე შარაშენიძე კოალიცია ქართული ოცნების ოზურგეთის ოფისის ხელმძღვანელად დაინიშნა. ჩვენ მიერ მოპოვებული ინფორმაციით, შარაშენიძეს ლობირება, ბიძინა ივანიშვილის ძმამ, ადიკო ივანიშვილმა გაუწია. ამ ინფორმაციის გადასამოწმებლად ბატონ ადიკოს ტელეფონით დავუკავშირდით. როგორც აღმოჩნდა, მისი კადრის დანიშვნის შესახებ საქმის კურსში არ იყო.
_ ბატონო ადიკო, “ქართული ოცნების” ოფისის ხელმძღვანელად ოზურგეთში კოტე შარაშენიძე დაინიშნა. ალბათ, გაქვთ ამის შესახებ ინფორმაცია.
_ უხ, თქვენ გენაცვალეთ.
_ ასე გაგიხარდათ?
_ მადლობელი ვარ. გამიხარდა კი არა, ძალიან მაგრად გამიხარდა.
_ მართალია, რომ შარაშენიძე თქვენი კადრი იყო?
_ მარტო ჩემი კადრი კი არა, გურულების კადრი იყო.
_ რით არის კოტე შარაშენიძე გამორჩეული?
_ რომ ნახოთ ეგ ბიჭი, შეგიყვარდებათ.
_ საკმაოდ კარგად ვიცნობთ, მაგრამ თქვენი აზრი გვაინტერესებს. რითი გამოარჩიეთ?
_ იმით, რომ ბიჭი ჩამოყალიბებულია და ხედავს ცხოვრებას.
_ თუმცა, ამბობენ რომ ხელისუფლებასთან და ზოგიერთ მაღალჩინოსანთან მეგობრობს…
_ არა. კარგით რა.
_ ეს მხოლოდ ჭორებია?
_ გამორიცხულია.
მართალია, ადიკო ივანიშვილი ადასტურებს, შარაშენიძისთვის რეკომენდაციის გაწევას, აღნიშნავს, რომ აპოლიტიკური პიროვნებაა:
_ მე არ ვერევი პოლიტიკაში. აპოლიტიკური კაცი ვარ, _ გვითხრა ადიკო ივანიშვილმა.
_ თუ არ ერევით, კადრებს რატომ არჩევთ?
_ რომელი შევარჩიე?!
_ მაგალითად, კოტე შარაშენიძე.
_ კოტე იყო შესარჩევი და შევარჩიე ერთადერთი კაცი. თუმცა, მხოლოდ რეკომენდაცია მივეცი.
_ კონკრეტულად ვისთან გაუწიეთ რეკომენდაცია შარაშენიძეს _ თქვენს ძმასთან?
_ არა. ჩემ ძმამდე არ მივსულვარ.
_ კარგი გავლენა გქონიათ იმ პოლიტიკურ წრეებში, რომელიც თქვენი ძმის ირგვლივ ტრიალებს…
_ გავლენა იმიტომ მაქვს, რომ მეც ისეთი კაცი ვარ, როგორიც უნდა იყოს ნორმალური ადამიანი, რომელიც დღევანდელ დღეს ხედავს,
_ როგორ ფიქრობთ, შარაშენიძე _ ოზურგეთში, ჯიქია _ ჩოხატაურში, ბოლქვაძე _ ლანჩხუთში, ის კადრებია, რომლებიც ქართულ ოცნებას აასრულებენ?
_ მე ვიცნობ კოტეს. ვიცი, რომ გურიის კოორდინატორი არის ჩემი ყოფილი “პრარაბი” და ძალიან კარგი კაცია. ამ ორ კაცზე მე თავს დავდებ.
_ ორივე თქვენი კანდიდატურაა?
_ ჩემი კანდიდატურა არ არის. ცხოვრებამ მოიყვანა ეგენი.
_ კოტე შარაშენიძეს საიდან იცნობთ?
_ დათო დარჩიასგან, რომელიც ჩემი ძმის, ბიძინას ჯგუფელია და რომელიც ახლა სახლში, უმუშევარი ზის, თუმცა ძალიან კარგი კაცია.