ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელი სუფსა არა მხოლოდ გურიაში, არამედ მთელ დასავლეთ საქართველოშია განთქმული მებოსტნეობითა და მეყვავილეობით, სუბტროპიკული მცენარეებისა და ციტრუსის ბაღებით.
თითქმის ყოველი ოჯახის ძირითადი შემოსავალი ბოსტნეულის და ყვავილების ნერგების რეალიზაციით მიღებული თანხებია. ყვავილების მცირე პლანტაციებს და სათბურებს აქ მრავლად ნახავთ. სუფსის მცხოვრების, თვითნასწავლი მეყვავილე ჯუმბერ ჟორდანიასთვის მცენარეების მოვლა და გაყიდვა ერთადერთი ბიზნესია. მის საოცარ ეზოში უამრავი ჯიშის მცენარე და ყვავილი ხარობს _ ინდური დაფნა, ემონიუსი, ღვია, სხვადასხვა ჯიშის წიწვოვანები, გარდეზია, უსურიის კივი, მექსიკური ავოკადო, კვიპაროსი, კალესტემონი, ოთახის გარდენია, სხვადასხვა სახეობის ბზა, პოდაკარპუსი, ტუია, მახუნია, აიკუბი, კამელია _ ეს არასრული ჩამონათვალია იმ მცენარეებისა, რომელთაც თვითნასწავლი სელექციონერის ფართობში შეხვდებით.
ჯუმბერ ჟორდანია დაწვრილებით გვიყვება სხვადასხვა ჯიშების გამოყვანისა და მოვლის შესახებ.
_ დასათესი რაცაა (ვაშლი, მსხალი, ატამი), იანვარში უნდა დაითესოს. კივი გაზაფხულზე ითესება. აპრილიდან ხდება ჩითილების ღია გრუნტში გადატანა.
ინდური დაფნა სურნელოვანი მარადმწვანე ბუჩქია ღია ვარდისფერი ყვავილებით. აგვისტოში მისი მოჭრილი ტოტი უნდა ჩაირგოს მიწაში, დაახლოებით 20 სანტიმეტრ სიღრმეზე. ერთ წელიწადში მოხდება მისი დაფესვიანება. მასთან შედარებით კამელია უფრო გვიან იკეთებს ფესვს _ შეიძლება სამ წლამდეც კი დააგვიანოს. ერთი წლის შემდეგ ხდება აზალიის ჩითილის გადარგვაც. ყველა ეს მცენარე მოჭრილი ტოტით მრავლდება. ბევრი მოვლა არ სჭირდებათ, მაგრამ თავიდან ხშირი მორწყვაა საჭირო.
კალესტემონი მარადმწვანე დეკორატიული მცენარეა. ყვავის ზაფხულში, იკეთებს თეთრ ყვავილს. გაზაფხულზე საჭიროა მისი გადაკრეჭვა. საერთოდ, მარადმწვანე მცენარეები წლის ნებისმიერ დროს შეიძლება გაიკრიჭოს.
მახუნიაც მარადმწვანეთა სახეობებს მიეკუთვნება. ძალიან ადვილი მოსავლელია, ისიც ტოტით მრავლდება. მის მოჭრილ ტოტს ჩაარჭობ მიწაში და ერთ წელიწადში უკვე ჩითილია. შავ წვრილ ნაყოფს ისხამს, რომელსაც ხალხი ჩინურ ყურძენს უწოდებს.
ავოკადო ტროპიკული ხილია, ძირითადად მექსიკაში და კარიბის ზღვის ქვეყნებში ხარობს. დასავლეთ საქართველოს კლიმატური პირობები სრულიად მისაღები აღმოჩნდა მისთვის. მეყვავილის ეზოში სამწლიანი ნარგავი ვნახეთ, რომელსაც უკვე ფოთლებიც ჰქონდა გამოღებული. წელს პირველ მოსავალსაც ელიან. ჯუმბერ ჟორდანია აპირებს ავოკადოს ახალი ნარგავები გამოიყვანოს და გაყიდოს.
ფეიხოა სუბტროპიკული ხილია და დასავლეთ საქართველოს რეგიონების მცხოვრებთათვის კარგადაა ცნობილი. იგი თესლით მრავლდება სპეციალურად მოწყობილ ჭურჭელში, რომელშიც მცირე რაოდენობის მდინარის სილასაც ყრიან. ფეიხოას პატარა ნარგავებში აუცილებელია ნაკელის შეტანა. როცა თესლით ამრავლებენ, აუცილებელი ხდება მისი დამყნობა.
კივის დაკალმება ადრე გაზაფხულზე ან აგვისტოს დასაწყისში უნდა მოხდეს. დაკალმებით გამოყვანილი კივი 40 წელიწადს ძლებს. კივი უნდა გაისხლას ადრე გაზაფხულზე ან ზაფხულში, აუცილებლად ესაჭიროება ნაკელი.
ჯუმბერ ჟორდანიას ფართობში მრავალი სახეობის წიწვოვანი ნარგავები ხარობს _ ურთხელი, ესპანური და ჩვეულებრივი ღვია, კანადური ვერცხლისფერი ნაძვი, კვიპაროსი, ჭაღარა ტუია, ოქროსფერი ტუია, ფრიალა ნაძვი. ამ მცენარეებზე დიდი მოთხოვნაა დღეს საქართველოში _ მათ პარკებისა და ბულვარების გასაშენიანებლად იყენებენ. წიწვოვანების გამრავლება თესლით ხდება, ახალგამოყვანილ ჩითილებს მორწყვა ესაჭიროება. კარგია ნარგავების ნაკელით გამდიდრებაც.
აზალიას ხშირად წააწყდებით გურულ ეზოებში. იგი ძალიან ადვილად მოსავლელი მცენარეა _ მხოლოდ გადაკრეჭვა სჭირდება, როცა ტოტები უსწორმასწოროდ გაიზრდება. სასუქით ან ნაკელით გამდიდრებას თითქმის არ საჭიროებს. სასურველია, გაზაფხულზე შემოიბაროს.
როენა მეგრელაძე დამწყები მეყვავილეა, მაგრამ ფართობში კარგად მოვლილი ნარგავები და ახალ გამოყვანილი ჩითილები აქვს. მისი ეზო შედარებით მცირეა, მაგრამ მცენარეთა მრავალფეროვნება აქაც საგრძნობია. იგი კმაყოფილია თავისი ახალი საქმით, რომელიც შემოსავლის მომცემიცაა ოჯახისთვის: “შემოდგომაზე და მარტში საჭიროა ნარგავების შემობარვა. ნაკელის შეტანა ხდება წელიწადში ორჯერ. კარგია ფოსფორიც _ მიწას ამდიდრებს. მცენარეების გამრავლება კალმით ხდება. ახალ ამოყრილ ტოტს შევაჭრით და ვაჩითილებთ. ერთი წლის ნარგავები ნიადაგში გადაგვაქვს, თავიდან დახურულია, როცა დათბება თავზე გადავაძრობთ. გაზაფხულზე უნდა შემოიბაროს, შემდეგ კი მოეყაროს სასუქი. ეს ყვავილები ჩვენთვის შემოსავლის წყაროა,” _ ამბობს დიასახლისი.