სამეურნეო დანიშნულებით საღვინე და სუფრის ყურძნის ჯიშია. ხასიათდება საშუალო ზრდა-განვითარებით და საშუალო მოსავლიანობით. ერთი ძირი მაღლარის მოსავალი საშუალოდ 20 კგ-ს შეადგენს. რქაზე ხშირად 1 ან 2 მტევანია, იშვიათად _ 3.
როგორც გურული ჯიშების უმეტესობას, მახათურსაც სოკოვანი ავადობანი დიდად ვნებს.
ტექნიკურ სიმწიფეს აღწევს ოქტომბრის მეორე ნახევარში.
მტევანი თხელია ან საშუალო ზომისაა, ცილინდრულ-კონუსური ფორმის, საშუალო წონა _ 140 გრამი. მტევანში მარცვლები უთანაბროდ მწიფდება, რაც მისი ჯიშობრივი თვისებაა.
მარცვალი მოშავო ფერის, საშუალო სიდიდის, ფორმით ოვალური, შუა წელში განიერი, ბოლო მომრგვალებული აქვს და სიმეტრიული. სქელკანიანი, საკმაოდ ხორციანი და წვნიანი, სასიამოვნო ტკბილი გემოთი.
წვენის გამოსავლიანობა _ 72,5%, ტკბილის შაქრიანობა _ 18,8%, საერთო მჟავიანობა _ 9,2%.
მახათურის ღვინო ცნობილი იყო გურიაში, როგორც ხალისიანი სასმელი. ახასიათებს კარგი შენახვის უნარი და ტრანსპორტაბელობა. ადრე ტიკებით ხანგრძლივი მგზავრობის დროსაც კი არ ილახებოდა.
ყურძენი ვაზზე დატოვებული და დაკრეფილიც ზამთრის განმავლობაში ინახება. ხასიათდება მაღალი გემური თვისებებით და საერთოდ, კარგი ორგანოლეპტიკური მაჩვენებლებით.