26 აპრილს, ტუბკაბინეტი, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის “ჯანდაცვის” შენობიდან ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის შპს “ადითის” ჩოხატაურის ფილიალის მიმდებარე ტერიტორიაზე გადავიდა და სამედიცინო ლაბორატორიის შენობის ორი ოთახი დაეთმო.
_ 26 აპრილიდან, ტუბკაბინეტი ლაბორატორიის შენობაში განთავსდა. რადგან ჩვენი განყოფილება პოლიკლინიკის ერთ-ერთი შტატია, აქ გადმოგვიყვანეს, ერთ კონკრეტულ ტერიტორიაზე რომ ვყოფილიყავით, სხვა ყველაფერი ჩვეულებრივად გრძელდება _ ჩვენი პაციენტები საჭირო დახმარებას და მედიკამენტებს აქედან მიიღებენ. თუმცა, სასურველი იქნება, თუ კაბინეტს ცალკე შესასვლელი ექნება ან საერთოდ იზოლირებულ კაბინეტს გამოგვიყოფენ, რადგან არიან პაციენტები, რომელთაც ტუბერკულოზის რთული ფორმა აქვთ და საჭიროა სიფრთხილე. ჩვენთან პაციენტები თვეში ორჯერ მოდიან შესამოწმებლად, ნახველის ანალიზს ვაკეთებთ და ა.შ. კაბინეტის გვერდით კი, ლაბორატორიის ოთახია და ამ საერთო შემოსასვლელით სხვა ადამიანებიც სარგებლობენ, ზოგჯერ პატარა ბავშვები შემოჰყავთ და არ არის სასურველი, ამ დროს გვერდით ოთახში ტუბკაბინეტი იყოს. რაც შეეხება ახალ ოთახებს, მათ რემონტი სჭირდება. ასევე, საჭიროა სპეციალური ფანჯრის ამოჭრაც. დაგვპირდნენ, რომ ამ საკითხში დაგვეხმარებიან. რაც შეეხება მედიკამენტებს და სხვა ინვენტარს, რაც პაციენტისთვის არის საჭირო, ყველაფერი თავის დროზე გვაქვს. რა თქმა უნდა, წამლები და მომსახურება უფასოა, _ აღნიშნეს ჩვენთან საუბარში ტუბკაბინეტის ექიმებმა.