“გურია ნიუსი” იმ ინფორმაციის გასაჯაროებას ითხოვს, რომელსაც ნათია მოგელაძის უწყებამ საიდუმლო გრიფი დაადო. ბეჟაშვილის მისამართით გაგზავნილი საჩივრის მთავარი მოთხოვნა კი ასეთია:
1. ბათილად ცნოს საქართველოს კონტროლის პალატის ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის მიერ გამოცემული 03 აპრილის #82/26 ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი;
2. დაევალოს საქართველოს კონტროლის პალატის საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელ პირს მოგვაწოდოს ჩვენს მიერ 2012 წლის 20 მარტს #72 კორესპონდენციით გამოთხოვილი საჯარო ინფორმაცია, კერძოდ, საქართველოს კონტროლის პალატის პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის სამსახურის საშტატო ნუსხა (სახელობითი სია) შრომის ანაზღაურების მითითებით.
2012 წლის 20 მარტს, საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის მიზნით, “გურია ნიუსმა” განცხადებით მიმართა საქართველოს კონტროლის პალატის საჯარო ინფორმაციაზე პასუხისმგებელ პირს და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-10 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, მე-12, 28-ე, 37-ე, 38-ე და 39-ე მუხლების საფუძველზე მოვითხოვეთ საქართველოს კონტროლის პალატის პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის სამსახურის საშტატო ნუსხა (სახელობითი სია) შრომის ანაზღაურების მითითებით.
საქართველოს კონტროლის პალატის ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის, დავით კაპანაძის 2012 წლის 3 აპრილის კორესპონდენციით გვეცნობა, რომ საქართველოს კონტროლის პალატის პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურის საშტატო ნუსხა გათვალისწინებულია 19 საშტატო ერთეულით შემდეგი სახით:
სამსახურის უფროსი – 1 საშტატო ერთეული;
სამსახურის უფროსის მოადგილე – 1 საშტატო ერთეული;
მთავარი კონსულტანტი – 4 საშტატო ერთეული;
ექსპერტ-ანალიტიკოსი – 12 საშტატო ერთეული;
სპეციალისტი – 1 საშტატო ერთეული.
ამავე წერილით განგვიმარტეს, რომ კონტროლის პალატა მოკლებულია შესაძლებლობას გადმოგვცეს ინფორმაცია ზემოთ აღნიშნულ საშტატო ერთეულებზე მომუშავე საჯარო მოსამსახურეთა ვინაობის შესახებ, მათი თანამდებობრივი სარგოების მითითებით, ვინაიდან ხსენებული ინფორმაცია შეიცავს პერსონალურ მონაცემებს.
თუმცა, ამავე წერილში არ იყო მითითებული მუხლი, რომელიც ამ უარს ან განმარტავდა ან დაასაბუთებდა.
თუმცა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 42-ე მუხლი შეიცავს ინფორმაციის ჩამონათვალს, რომლის გასაიდუმლოებაც დაუშვებელია. მათ შორის არის საჯარო დაწესებულების იმ საჯარო მოსამსახურეთა ვინაობა და სამსახურებრივი მისამართი, რომელთაც უკავიათ თანამდებობა ან ევალებათ საჯარო ინფორმაციის გასაიდუმლოება ან საზოგადოებასთან ურთიერთობა და მოქალაქეთათვის ინფორმაციის მიწოდება.
“საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 1-ლი მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, “საჯარო სამსახური (შემდგომ – სამსახური) არის საქმიანობა სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში.” ამავე კანონის მე-4 მუხლი განმარტავს საჯარო მოსამსახურის ცნებას: “საჯარო მოსამსახურე (შემდგომ − მოსამსახურე) ამ კანონით დადგენილი წესით ეწევა ანაზღაურებად საქმიანობას სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის დაწესებულებაში.”
ნათია კაპანაძე, ქართული მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრის ხელმძღვანელი: “საქართველოს კონტროლის პალატის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად “კონტროლის პალატა არის სახელმწიფო საფინანსო-ეკონომიკური კონტროლის უმაღლესი ორგანო, რომელიც ახორციელებს აუდიტს. შესაბამისად საქართველოს კონტროლის პალატა წარმოადგენს საჯარო დაწესებულებას, ხოლო საქართველოს კონტროლის პალატის პარტიების ფინანსური საქმიანობის, მონიტორინგის სამსახურში მომუშავე პირები არიან საჯარო მოსამსახურეები.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 27-ე მუხლის “თ” ქვეპუნქტის თანახმად, პერსონალური მონაცემები ეს არის საჯარო ინფორმაცია, რომელიც პირის იდენტიფიკაციის შესაძლებლობას იძლევა.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 28-ე მუხლით განისაზღვრება ინფორმაციის ხელმისაწვდომობა, რაც გულისხმობს, რომ საჯარო ინფორმაცია ღიაა, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა და დადგენილი წესით სახელმწიფო, კომერციულ და პირად საიდუმლოებას მიკუთვნებული ინფორმაციისა. ამავე კოდექსის 271 მუხლის თანახმად კი პერსონალური მონაცემების პირად საიდუმლოებად მიჩნევის საკითხს, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა, წყვეტს პირი, რომლის შესახებაც არსებობს ეს ინფორმაცია.”
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 42-ე მუხლის “ნ” ქვეპუნქტის თანახმად დაუშვებელია იმ ინფორმაციის გასაიდუმლოება, რომელიც კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით არ არის მიჩნეული სახელმწიფო, კომერციულ ან პირად საიდუმლოებად. მოცემულ შემთხვევაში კი საქართველოს კონტროლის პალატის პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის სამსახურის საჯარო მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურება არ არის ცნობილი სახელმწიფო, კომერციულ ან პირად საიდუმლოებად.
ყოველივე ზემოაღნიშნულ გარემოებათა გათვალისწინებით, საქართველოს კონტროლის პალატის პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის სამსახურის საშტატო ნუსხის (სახელობითი სია) შრომის ანაზღაურების მითითებით, რომელსაც განცხადებით ვითხოვდით, გასაიდუმლოება დაუშვებელია.
ნათია კაპანაძე: “საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.
მოცემულ შემთხვევაში, საქართველოს კონტროლის პალატის ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის პასუხი – ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი ეწინააღმდეგება კანონს, რადგან როგორც უკვე იქნა ზემოთ აღნიშნული, დაუშვებელია საქართველოს კონტროლის პალატის პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურის საშტატო ერთეულებზე მომუშავე საჯარო მოსამსახურეთა ვინაობის შესახებ, მათი თანამდებობდრივი სარგოების მითითებით ინფორმაციის გასაიდუმლოება და ამ ინფორმაციის პერსონალურ მონაცემად ცნობა.”