ბოლო ტურის წინაც, “გურია” მეორე ადგილზე იყო, მაგრამ დასკვნითი მატჩების შემდეგ, მეხუთემდე ჩამოქვეითდა და შესაბამისად, ოთხეულში ვერმოხვედრილი გუნდი პირველ ლიგაში დარჩა.
თუმცა, საქართველოს 23-ე ეროვნული ჩემპიონატის დებულებით, “გურიას” უმაღლეს ლიგაში უნდა ეასპარეზა. საქმე იმაშია, რომ ჩვენებურებმა “ვიტ ჯორჯიასთან” ერთად 23-23 ქულა დააგროვა. დებულების მიხედვით, უპირატესობა ენიჭება ჩემპიონატში მოგებათა რაოდენობას, ეს მაჩვენებელი კი ლანჩხუთელებს უკეთესი აქვთ _ “გურიამ” სეზონში სულ 18 შეხვედრა მოიგო, ხოლო “ვიტ ჯორჯიამ” _ 13. თუმცა, რაკი გუნდები პირველ ეტაპზე სხვადასხვა ლიგაში ასპარეზობდნენ, ფეხბურთის ფედერაციამ მხოლოდ გადამწყვეტი პლეი-აუტის შედეგები გაითვალისწინა, სადაც ვიტელები ერთი მოგებით გვისწრებენ.
ისე, გურულები ასეთ მდგომარეობაში არ უნდა აღმოჩენილიყვნენ, ფეხბურთელებს ბოლო თამაშები რომ არ ჩაეგდოთ. თავად განსაჯეთ _ პლეი აუტის ლიდერებმა ბოლო 6 თამაშიდან 1 მოიგეს (“მერცხალთან”), სამი ფრედ დაასრულეს და 2-ჯერ დამარცხდნენ. ბოლო ტურში მათ ფრეც ჰყოფნიდათ თბილისში “ვიტ ჯორჯიასთან”, თუმცა, წააგეს.
არადა, ლანჩხუთელი ქომაგები დიდი ზეიმისთვის ემზადებოდნენ _ “მცხეთაპარკზე” 400-მდე ლანჩხუთელი გულშემატკივრიდან 300-ზე მეტი ლანჩხუთიდან საგანგებოდ გაემგზავრა. წითელი ბუშტებითა და ლენტებით “შეიარაღებულმა” ფანებმა კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ “გურიას” ქვეყნის მასშტაბით ყველაზე მრავალრიცხოვანი ფანკლუბი გვყავს.
მატჩი გურულებისთვის კოშმარულად დაიწყო _ მესამე წუთზევე ლაშა ჯანგიძემ, რომელმაც ბოლო თამაშებთან ერთად ეს შეხვედრაც ჩააგდო, თავის ზონაში მეტოქის შეტევაში ჩართულ მცველს იოლად დარტყმის საშუალება მისცა _ გუნდი ვერც მეკარემ გადაარჩინა.
ამის შემდეგ, რაც ყველაზე გასაკვირი იყო, “გურია” შეტევაზე ნაკლებად ფიქრობდა და მცველები რატომღაც ბურთის უკან გორებით დაკავდნენ, თუმცა შანსი მაინც მოგვეცა _ ჯერ თამაზ ჩარგეიშვილმა შანსი ვერ გამოიყენა, ხოლო შემდეგ გუნდისა და პლეი აუტის მთავარმეგოლე გიგა კვერენჩხილაძემ ჩინებული საგოლე მომენტი გაანიავა _ გია თოდუას გადაცემის შემდეგ, იგი ახლო მანძილიდან ურტყამდა და კარს ააცილა. არადა, ფორვარდს მცველები ხისტად ეთამაშნენ და რომ წაქცეულიყო, მსაჯს 11-მეტრიანს დანიშნავდა.
შემდეგ ხიფათები მასპინძლებმა შექმნეს. თუმცა, “გურიას” მატჩის გადარჩენის შანსი მაინც მიეცა _ შეტევაში ჩართულმა როინ ონიანმა დემურ შამშეიშვილი მონახა, რომლის დარტყმული მეკარემ რის ვაივაგლახით კუთხურზე გადააგდო.
67-ე წუთზე მომხდარმა ტრიბუნა დაადუმა _ მარტივ სიტუაციაში მორიგი შეცდომის შემდეგ, მეტოქემ ბურთი ჩვენებურთა კარისკენ გაგზავნა, რომელიც მართალია რიკოშეტით წავიდა კარისკენ, მაგრამ მეკარეს რეაგირება მაინც მართებდა _ 0:2.
ამას მესამე გოლი მოჰყვა და მატჩს ინტრიგა მთლიანად დაეკარგა. ასეთი უსუსური თამაში ლანჩხუთელებს საჩხერეშიც კი არ უთამაშიათ, სადაც ასევე სამარცხვინოდ _ 0:5 წააგეს.
გურული ქომაგები თანაკუთხელი “მერცხალის” იმედზე იყვნენ, რომელიც იმ დროისთვის 1:2-ზე აგებდა და თუ ფრედ ითამაშებდა “სიონთან”, “გურია” უმაღლესში მაინც გადადიოდა. თუმცა, ოზურგეთელებმა მათზე გაცილებით ძლიერ მეტოქესთან ვერაფერი გააწყვეს.
“ვიტ ჯორჯიასთან” მატჩს ლანჩხუთის ხელისუფლება სრული შემადგენლობით ესწრებოდა. გუნდის თამაშით აღშფოთებულმა გამგებელმა გიორგი გოგუაძემ თამაში მიატოვა. ასევე გაოგნებულები იყვნენ “გურიის” ხელმძღვანელი პირები, რომლებმაც გუნდს ყველანაირი პირობა შეუქმნეს, რათა წარმატებით ეასპარეზა.
დაბოლოს, “გურიას” გულშემატკივრებს რომ იმედი მივცეთ, აღვნიშნავთ, რომ დიდი შანსია, ახალი ჩემპიონატი 14, ან სულაც 16-გუნდიანი გახდეს. თუ ეს პროგნოზი გამართლდა, მომავალ ჩემპიონატში “გურია” ელიტლიგაში გამოვა.