2012 წლის 25 მაისს, 12 საათზე, საჯარო ინფორმაციის გამოთხოვასთან დაკავშირებით ჩანიშნული იყო “გურია ნიუსის” პირველი საჩივრის განხილვა, სადაც ჩვენს წარმომადგენელთან, ქართული მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრის ხელმძღვანელთან, ნათია კაპანაძესთან ერთად გამოვცხადდით.
საქართველოს კონტროლის პალატის დაცვის თანამშრომლებისა და შინაგანაწესის სამსახურის უფროსის (როგორც თავად წარმოგვიდგინა თავი) ჯიმშერ დობორჯგინიძის მხრიდან ჩვენი მისამართით გატარებულმა ჩხრეკის უპრეცედენტო ზომებმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. მისაღებში შეიქმნა პრობლემები, რომელიც არასოდეს არ გვქონია ამ კონკრეტულ შემთხვევამდე _ კერძოდ, არ მოგვეცა საშუალება შენობაში შეგვეტანა საკუთარი პერსონალური კომპიუტერი და ხელი შეგვეშალა პროცესზე საკანონმდებლო ბაზის ელექტრონულად გამოყენებაში. ჩამოგვართვეს მობილური ტელეფონები.
ამასთან, მოგვთხოვეს კუთვნილი დიქტოფონის მისაღებში დატოვება. ჯიმშერ დობორჯგინიძემ განგვიცხადა, რომ შინაგანაწესის თანახმად შენობაში ყოველგვარი ტექნიკისა და საკომუნიკაციო საშუალებების შეტანა გვეკრძალებოდა. შეზღუდვის ლეგიტიმურობის დადგენის მიზნით, ჩვენ მოვითხოვეთ დამადასტურებელი დოკუმენტი/შინაგანაწესი. დობორჯგინიძემ მხოლოდ ცვლილების ასლი ჩამოიტანა, რომელზეც გამოცემის თარიღად 2012 წლის 12 მარტი იყო მითითებული. რაც შეეხება განაწესის შინაარსს, კონტროლის პალატის თანამშრომლების თქმით, მისი სრულყოფილი გაცნობის უფლება მოგვეცემოდა მოგვიანებით. “მხოლოდ მას შემდეგ შეგიძლიათ მიიღოთ ბრძანების ასლი, თუ ოფიციალურად მოგვმართავთო”, – განგვიმარტეს მისაღებში. ჩვენი მოთხოვნის მიუხედავად, ასევე არ გვეცნობა და არასათანადოდ განგვემარტა აკრძალული ნივთების ჩამონათვალი.
ინციდენტს კონტროლის პალატის შესასვლელში, 14 სხვა თანამშრომელთან ერთად, ყურადღებით ადევნებდა თვალყურს კონტროლის პალატის პრესსამსახურის უფროსი, ფატი მამიაშვილიც, რომელმაც “აღმოაჩინა”, რომ შესასვლელში მიმდინარე მოვლენებს და მათ განცხადებებს დიქტოფონზე ვიწერდით. მან კატეგორიულად მოგვთხოვა დიქტოფონის გამორთვა.
მოულოდნელად, შინაგანაწესის სამსახურის უფროსი ჩვენს კუთვნილ დიქტოფონს წვდა და გამორთმევა დაგვიპირა, რასაც ჩვენი მხრიდან პროტესტი მოჰყვა. განცხადებას თან ერთვის აუდიოჩანაწერი, რომელზეც დაფიქსირებულია დიქტოფონის ჩამორთმევის მცდელობაც.
გარდა ზემოაღნიშნულისა, ჩვენს კანონიერ მოთხოვნებს დობორჯგინიძემ დემაგოგია უწოდა.
“მიგვაჩნია, რომ საჯარო დაწესებულების მხრიდან ჩარევა უნდა იყოს შეძლებისდაგვარად პროგნოზირებადი და არ უნდა გასცდეს გონივრულობის საზღვრებს. მხოლოდ კანონის მეშვეობით უნდა მოხდეს ადმინისტრაციის საქმიანობის რეგულირება და არ შეიძლება შეზღუდვა ემყარებოდეს გაურკვეველ და სუბიექტურ პრინციპებს. დაინტერესებულ პირს უნდა გააჩნდეს ნებისმიერი აკრძალვის დამადასტურებელი დოკუმენტის მყისიერად გაცნობის შესაძლებლობა. დაუზუსტებელი და არამკაფიოდ განსაზღვრული ზოგადი ხასიათის ნორმები ადმინისტრაციაში დასაქმებულ პირებს არ აძლევს უფლებას ცალკეულ შემთხვევაში თვითონ განსაზღვრონ ადმინისტრაციის შენობაში მყოფი პირების თავისუფლების ფარგლები. ამასთანავე დაცული უნდა იყოს გამოხატვის თავისუფლების რეალიზაციის შესაძლებლობა – მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია.
მოცემულ შემთხვევაში საქართველოს კონტროლის პალატის თანამშრომელმა ჯიმშერ დობორჯგინიძემ არაჯეროვნად შეასრულა თავისი სამსახურეობრივი მოვალეობა, კერძოდ:
1. არ მოგვეცა შენობაში პერსონალური კომპიუტერის შეტანის საშუალება, რითაც ხელი შეგვეშალა ზეპირ მოსმენაზე საკანონმდებლო ბაზის ელექტრონულად გამოყენებაში;
2. ცდილობდა დიქტოფონის წართმევას;
3. არ გაგვაცნო შინაგანაწესი ან/და სხვა დოკუმენტი, რომლის თანახმადაც შენობაში კუთვნილი ნივთების შეტანა გვეკრძალებოდა;
4. ჩვენს კანონიერ მოთხოვნებს უწოდა დემაგოგია.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გთხოვთ, ჯიმშერ დობორჯგინიძეს დააკისროთ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა”, _ ნათქვამია საჩივრის ტექსტში.
საჩივარს თან ერთვის აუდიოჩანაწერი შესაბამისი მტკიცებულებებით.