ახალი ღვინის ფესტივალი საქართველოში, უკვე მესამე წელია ტარდება. “მესამე სიხარულის” აღნიშვნა სადღესასწაულო ხასიათს ატარებდა. ფესტივალს არ აკლდა როგორც უცხოელი, ასევე ქართველი ღვინის გურმანი. ფესტივალში 27-მა მსხვილმა კომპანიამ, 40-მდე ოჯახური ღვინის მწარმოებელმა და მცირე მარნებმა მიიღეს მონაწილეობა. ფესტივალში მონაწილეები სტუმრების რაოდენობით, სტუმრები კი ღვინის ხარისხით იყვნენ კმაყოფილნი.
ავთანდილ კობახიძე, ღვინის კლუბის დამფუძნებელი, ახალი ღვინის ფესტივალის ორგანიზატორი: “უკვე მესამე წელია, ტარდება ფესტივალი. იგი საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ ქართული ღვინის პოპულარიზაციას ემსახურება. უამრავი სტუმარი გვყავს მოწვეული, ისინი აგემოვნებენ ქართულ ღვინოს. ბევრი ადამიანი მოვიდა და ძალიან კმაყოფილი ვარ ფესტივალის ასეთი წარმატებით.
_ რაში მდგომარეობს მსხვილი კომპანიების დაინტერესება?
_ რადგანაც ეს ახალი ღვინის ფესტივალია, მსხვილი კომპანიების დაინტერესება სწორედ მათი ახალი პროდუქციის საზოგადოებისთვის გაცნობაში მდგომარეობს. შეიძლება ითქვას, რომ ისინი ერთგვარ პრომოუშენს უწევენ იმ ღვინოს, რომელსაც შემდგომში ბაზარზე გამოიტანენ.
“კარმიდამო ჩემი” გთავაზობთ ფესტივალში მონაწილე მეღვინეების შთაბეჭდილებებსა და მოსაზრებებს.
ეკა ხმიადაშვილი, კომპანია კახური ტრადიციული მეურნეობა: _ პირველად ვიღებთ მონაწილეობას ამ ფესტივალში. ძალიან მოხარულები ვართ, რადგანაც მოგვეცა შესაძლებლობა, გავაცნოთ ჩვენი პროდუქცია ჩამოსულ სტუმრებს და ადგილობრივ ღვინის მოყვარულებს. 15-მდე სახეობის ღვინო გვაქვს წარმოდგენილი და მათ შორის არის სუფრის და ქვევრის ღვინოებიც. გვაქვს სასუვენირე თიხის ღვინოც. ჩვენი კომპანია გამოირჩევა ხარისხით, პროდუქციის დაბალი ფასით, მრავალფეროვნებით.
ჯონი ოქრუაშვილი, კომპანია ოქრო ჯგუფი: _ ორი წელია ვიღებთ მონაწილეობას ფესტივალში. ჩვენ ბიოლოგიურად სუფთა პროდუქციით გამოვირჩევით _ არანაირი ქიმიური კომპოზიტი არ ღებულობს მონაწილეობას ღვინის დაყენების პროცესში. ჩვენს საუკეთესო პროდუქციას ნახევრადტკბილი საფერავი წარმოადგენს, რომელიც არც თუ ისე ხშირი წარმოშობისაა საქართველოში.
კობა ქვაჭრელიშვილი: _ ამ ქვევრში ჩაყენებული ღვინო გახლავთ ქისია, ნაოტრებიდან, ყვარლის რაიონიდან. ქისია კახური სტილითაა დაყენებული. ფაქტობრივად, სამი კვირის მოხსნილია ჭაჭიდან. ეს არის აბორიგენი ღვინო. მას თანამედროვე ტრადიციებით გაფილტვრა, დამუშავება არ სჭირდება _ ეს არის ნამდვილად ოჯახში, ქვევრში დაყენებული ღვინო.
ირაკლი სარდანაშვილი: _ ეს ღვინო ალექსანდროულის და მუჯუროთეულის ერთობლივი ნაზავია, რომელსაც ჰქვია ხვანჭკარა, ამ შემთხვევაში, სარდანაშვილების ხვანჭკარა. ჩემთვის მნიშვნელოვანია მსგავს ფესტივალებში მონაწილეობის მიღება, რადგანაც ეს ფაქტი, პირველ რიგში, ყურძნისა და ღვინის პოპულარიზაციას ემსახურება. კეთილი და კარგი საქმეა.
მორჩილი გიორგი მაჭარაშვილი: _ ეს ღვინო გახლავთ ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის ეპარქიიდან, კერძოდ ბუზმარეთის მამათა მონასტრიდან. მოხარული ვარ, რომ ხალხი აგემოვნებს ჩვენს ღვინოს და თან კმაყოფილებას გამოთქვამს.
მაია ბექაური, კომპანია “ასკანელი ძმები”: _ წელს პირველად ვიღებთ ამ გამოფენაში მონაწილეობას. უფრო მეტად, ექსპორტზე ვიყავით ორიენტირებულები და ადგილობრივ ბაზარზე მასიურად არ ვიყავით შესულები. მალე ჩვენი პროდუქცია ფართოდ გამოჩნდება ღვინის მაღაზიებში, რის საწყის ეტაპადაც ეს ფესტივალი იქცევა. ახალ მომხმარებელს დღეს ქინძმარაულს, ხვანჭკარას და მუკუზანს ვთავაზობთ.
მურად ჯუღელი, იმერული ღვინის კომპანია: _ ახალი ღვინის ფესტივალში პირველივე დღიდან ვმონაწილეობთ. ღვინოს, საკუთარი ვენახებიდან მოწეული, 12 ქართული თუ უცხოური, ჯიშის ყურძნიდან ვაყენებთ.
ფესტივალის მსვლელობისას ღვინის კლუბის პრეზიდენტმა, მალხაზ ხარბედიამ სტუმრებს ღვინის დღესასწაული მიულოცა და აღნიშნა, რომ ახალი ღვინის ფესტივალი ღვინის კლუბის წამოწყებაა, ამ წამოწყებით კი ღვინის მოყვარულებს საშუალება მიეცათ, სხვადასხვა ღვინის შესახებ საკუთარი შთაბეჭდილებები შეიქმნან: “მთელი მსოფლიო აღნიშნავს ახალი ღვინის დღესასწაულს, თუმცა, რატომღაც ათწლეულების მანძილზე საქართველო სამწუხარო გამონაკლისს წარმოადგენდა. და ახლა, ბოლო სამი წლის განმავლობაში, ჩვენც ვზეიმობთ”.
ქართული ვაზისა და ღვინის სიყვარულით სახელგანთქმულმა გიორგი ბარესაშვილმა სიხარული ვერ დამალა ფესტივალში მონაწილეთა რიცხვის ზრდასა და ქართული ღვინის ხარისხის ამაღლებასთან დაკავშირებით.
ასეთი ემოციებისა და თბილი განწყობის ფონზე ჩაიარა ახალი ღვინის მესამე დაბადების დღემ.