დღეს, ძირითადად ამ ჭურჭელს ფუნქცია თითქმის დაკარგული აქვს და არა ერთ ოჯახში სამუზეუმო კუთხეში, ან მარანში გაყუჩულა.
ერთი ასეთი კუთხე ჩემს ოჯახშიც არსებობს, სადაც უქმად მდგარი თიხა-ჭურჭელი ყავლგასულობას ვერ ეგუება თითქოს და სამზეოზე კვლავ გამოსვლას და ღვინის დასალევად ან სულაც წყაროზე წასვლას ნატრობს.
ამ თიხის ჭურჭლის უმეტესობა, საუკუნეზე მეტი ხნისაა. შინაურთა და ახლობელთა გადმოცემით, ამ კოკებში წყლისა და ღვინის მდინარეებმა გაიარა.
ძველ საქართველოში ყოფილა ასეთი ჩვეულება, _ მევენახეობის ტრფიალნი აყენებდნენ და ბერიკაცობამდე აძველებდნენ ღვინოს, რათა სიკვდილის შემდეგ მათი კაცობა ამ ღვთიური სასმელის ავკარგიანობის მიხედვით შეეფასებინათ. საუკუნეგამოვლილ უტყვ ჭურჭელს, კეცებსა თუ დოქებს მეტყველი მემატიანე ჰყავს.
ჰამლეტ სურგულაძე 82 წლისაა და კარგად ახსოვს, საკუთარ ოჯახში თუ სამეზობლოში როგორ მოიხმარდნენ ამ საოჯახო აუცილებელ ატრიბუტებს: _ ჭარიკა გურულად ჰქვია, აჭარაშიც ასე ეძახიან. დიდი კოკა, საღვინე ჭურჭელია, წყლისთვისაც იყენებდნენ. ძირითადად კი საწყაო დანიშნულება ჰქონდა. იყო 10, 15, 16, 20 და 22-ლიტრიანი კოკები. ჭარილა დიდი დოქი უფროა, კოკაზე მომცრო. უფრო დიდი მე არ მახსოვს. ღვინისთვის ცალკე კოკა იყო და მხოლოდ იმ დანიშნულებით იყენებდნენ, რომ საწნახელში დაწურული ღვინო ჭურში გადაეტანათ, _ ამბობს იგი და იგონებს, ყვიბარში, ანუ 30-ლიტრიან პატარა ჭურში როგორ ინახავდნენ ხეჭეჭურ მსხალს: _ ბებია და ბაბუა ახალმოკრეფილ მსხალს, დეკემბერში ჩააწყობდნენ ამ ყვიბარში, აავსებდნენ კარგად და თავს თიხამიწით მოუგოზავდნენ. როცა გაზაფხულზე გახსნიდნენ, მწვანე ფერის ხეჭეჭური ჰაერზე უცებ შავდებოდა, თუმცა, გემოს და ხარისხს ნაკლებად კარგავდა. დერგში ანუ ხალამში ყველს ინახავდნენ _ აადუღებდნენ სველს, შეაზავებდნენ მარილით და შიგ ჩალაგებულ ყველს ზემოდან მოასხამდნენ, მოფარავდნენ მთლიანად. შემდეგ ამასაც თავს მოუგოზავდნენ. ასევე ხდებოდა თეთრი ფხალის (კეჟერას) წიწაკით შეზავებულ მარილწყალში დამჟავება და შენახვა. ზოგადად, სხვა ჭურჭელი ხომ არ არსებობდა წინათ და კეცი თუ ქოთანი ძირითადად მჭადის გამოსაცხობად და საკვების მოსამზადებლად გამოიყენებოდა. თუმცა, დოქსა თუ კოკაში დიდხანს არ თბებოდა წყალი და ამ მხრივ ზაფხულში მისწრება იყო, განსაკუთრებით, ნადისა თუ “ნადურის” შემდეგ ყელის გასაგრილებლად.
ყველაზე დიდი ჭური, რომელიც ჩვენი ოჯახის პაპის დროინდელი სიმდიდრეა, 800-ლიტრიანია და 80 წელზე მეტია, თხილის ჩეროში განცალკევებულა. იქვე ნაცარა ვაშლის ხეა და არაერთხელ მტკივნეული ფიქრიც მიპყრობს, ნოდარ დუმბაძისეული ხაზარულას ისტორია არ განმეორდეს ანაზდად.