ნადირაძის თანამდებობიდან გათავისუფლების მიზეზად დედათა და ბავშვთა ცენტრის ინტერვენციული მედიცინის ცენტრთან გაერთიანება სახელდებოდა.
ექიმების განცხადებით, საავადმყოფოში კადრების შემცირების პროცესი ორი თვის წინ დაიწყო, რაც კლინიკის მფლობელი სადაზღვევო კომპანია “ალდაგი ბი-სი-აი” გახდა.
როგორც სამედიცინო პერსონალი ამბობს, კლინიკის “ალდაგი ბი-სი-აის” მფლობელობაში გადასვლის შემდეგ, სამსახურიდან ჯერ 90 თანამშრომელი გათავისუფლდა, მოგვიანებით კიდევ 25 დარჩა უმუშევრად.
ქუთაისში 90 ექიმის გათავისუფლებას, “ალდაგი ბი-სი-აის” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, მაია ივჩენკო “გურია ნიუსთან” საუბრისას ამ ფაქტს უარყოფს:
“ჩვენ როდესაც ვასაქმებთ ექიმებს, ყველა ექიმთან ტარდება ტესტირება. არცერთი ექიმი არ იყო გათავისუფლებული იმის გამო, რომ ოპტიმიზაცია გაკეთდა. ჩატარდა ტესტირება, ვინც გაიარა ტესტირება, დარჩა სამსახურში, ვინც ვერ გაიარა მოუწია სამსახურის დატოვება. ნამდვილად ვერ დავადასტურებ 90 თანამშრომლის გაშვების ფაქტს.
ჩვენს მფლობელობაშია ქუთაისის ცხაკაიას სახელობის ინტერვენციული კლინიკა, ასევე ვიყიდეთ მის გვერდით არსებული დედათა და ბავშვთა საავადმყოფო. ახლა ხდება ამ ორი საავადმყოფოს გაერთიანება. ყველა თანამშრომელი, რომელიც გაივლის გასაუბრებას, სამსახურში დარჩება.
თუ დირექტორის საკითხი გაინტერესებთ, გეტყვით, რომ როდესაც საავადმყოფო ერთიანდება, ორი დირექტორი ვერ ეყოლება.”
31 მაისს, “ალდაგი ბი-სი-აის” გამო სრულ გაურკვევლობაში იმყოფებოდნენ ქობულეთის სამშობიარო სახლის თანამშრომლებიც, რომლებსაც შენობის სასწრაფოდ დაცლა და ინვენტარის ცენტრალურ საავადმყოფოში გადატანა მოთხოვეს.
მაისის დასაწყისში, ქობულეთის სამშობიარო სახლის მომსახურე პერსონალს შეატყობინეს, რომ დაწესებულება კიდევ ერთხელ გაიყიდა და ამჯერად მათი მეპატრონე სადაზღვევო კომპანია “ალდაგი ბი-სი-აი” იქნებოდა.
ქობულეთის სამშობიარო ხუთ თვეში უკვე მეორედ გაიყიდა _ დეკემბერში, ის “იმედი ელის” შვილობილმა კომპანიამ “უნიმედმა” შეიძინა.
რაც შეეხება ახალ მეპატრონეს, “ალდაგი ბი-სი-აის”, მისი წარმომადგენლის გამოჩენას ექიმები დღემდე უშედეგოდ ელოდებიან.