თავდაპირველად, ფედერაციების პრეზიდენტებმა და გენერალურმა მდივნებმა სამუშაო შეხვედრა დახურულ კარს მიღმა გამართეს და მედიის წარმომადგენლები მხოლოდ ორიოდ წუთით დაასწრეს, ისიც ფოტოსურათების გადასაღებად. ჩვენი იქ ყოფნის დროს სტუმარ-მასპინძლებმა აღნიშნეს, რომ მხარეები საბოლოოდ შეთანხმდნენ და ჩამოყალიბდნენ ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობაზე პრეტენზია ერთობლივად გამოეთქვათ. ზვიად სიჭინავამ განაცხადა, რომ მიუხედავად მასმედიის საშუალებებით გავრცელებული სხვადასხვა ინფორმაციებისა, საქართველო და აზერბაიჯანი ერთობლივად იბრძოლებენ ევროპის საფეხბურთო ფორუმის სამასპინძლოდ.
მუშა შეხვედრის შემდეგ სფფ-ის პრეს-შეფმა, ოთო გიორგაძემ საპრესკონფერენციო დარბაზში გვიხმო, სადაც ორი ქვეყნის ფედერაციათა პირველმა პირებმა საპრეზენტაციო სიტყვის შემდეგ ქართველი და აზერბაიჯანელი ჟურნალისტების კითხვებს უპასუხეს.
ზვიად სიჭინავა: _ მოხარული ვარ, რომ დღეს აღნიშნული შეხვედრა შედგა და ბოლოს და ბოლოს, ბოლო მოეღო ქართული და აზერბაიჯანული მედიასაშუალებებით გავრცელებულ იმ ინფორმაციებს, რომ თითქოს ჩვენს მიერ გაცხადებული სურვილი ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობასთან დაკავშირებით არის ბლეფი და ადამიანთა გარკვეული ჯგუფის მიერ მოგონილი. მინდა გითხრათ, რომ ჩვენი ორი ქვეყნის მიერ გაკეთებულია განაცხადი, რომელიც მიზნად ისახავს გამარჯვებას.
როვნაგ აბდულაევი: _ დღეს შედგა მნიშვნელოვანი და მეტად პროდუქტიული შეხვედრა ორი ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციის მაღალჩინოსნებს შორის. ჩვენ ერთობლივად ვაპირებთ “ევრო-2020”-ის მასპინძლობას და ეს არის სერიოზული განაცხადი. ორი ქვეყნის ფეხბურთის ფედერაცია ჩვენი ქვეყნების ხელისუფალთა მხარდაჭერით მაქსიმუმს გააკეთებს, რათა ჯერ ევროპის უდიდესი საფეხბურთო ფორუმის მასპინძლობის უფლება მოვიპოვოთ, ხოლო შემდეგ ის ღირსეულად ჩავატაროთ.
_ ბატონო ზვიად, თქვენ დახურულ კარს მიღმა ესაუბრეთ აზერბაიჯანელ კოლეგას. რაიმე კონკრეტულზე თუ იყო საუბარი და როგორია უახლოესი გეგმა?
_ არის შეთანხმება ორ ქვეყანას შორის. ჩვენი ფედერაციები ყველაფერს გააკეთებენ, საკითხის დადებითად გადასაწყვეტად. გვაქვს სახელმწიფოების მხარდაჭერის დიდი გარანტიები, ამასთან სურვილი და საკმაოდ კარგი შანსები, რომ “ევრო-2020”-ს ვუმასპინძლოთ. გენერალური მდივნების ერთობლივი მუშაობით, უახლოესი 10 დღის განმავლობაში უნდა ჩამოყალიბდეს მუშა-ჯგუფი. სწორედ ამ პერიოდში გაირკვევა ამ ჯგუფის შემადგენლობა და ის მნიშვნელოვანი საკითხები, რომლებიც აუცილებელი იქნება იმ განაცხადისთვის, რომლის წარდგენაც 30 ივნისამდე უნდა გახორციელდეს.
_ აზერბაიჯანის და საქართველოს რომელი ქალაქები იქნება შერჩეული?
_ დახურულ შეხვედრაზე ჩვენ არ გვქონია კონკრეტულ ქალაქებზე საუბარი! ეს მუშა ჯგუფის დასადგენია და დღეს ნამდვილად არ არის ლაპარაკი იმაზე, თამაშები ვანში ჩატარდება, ხონში თუ სუმგაითში.
_ ბატონო ზვიად, რამდენად რეალურია ჩვენი განაცხადი იმ სიტუაციაში, როცა ისეთმა ქვეყნებმა, როგორებიცაა გერმანია და ჰოლანდია, თავიანთი კანდიდატურები მოხსნეს? ამას გარდა, სტამბულში გამართულ შეხვედრაზე უეფას პრეზიდენტმა მიშელ პლატინიმ ღიად დაუჭირა თურქეთს მხარი…
_ შანსი ყოველთვის არის! რაც ყველაზე მნიშვნელოვანია _ დღეს გერმანიას შეუძლია ერთი თვის განმავლობაში უმასპინძლოს ევროპის ჩემპიონატსაც, ჩემპიონთა ლიგის ფინალსაც და მსოფლიო პირველობასაც კი. ინფრასტრუქტურულად არიან გამართულები. უეფასა და პლატინის პოლიტიკა კი ის არის, რომ ჩვენისთანა ქვეყნები განვითარდეს. ჩვენთან ხალხი უნდა დაუბრუნდეს სტადიონებს, აქ უნდა ჩატარდეს ლიგის ფინალები, მსოფლიო ჩემპიონატები, ევროპის ჩემპიონატები, თორემ 50 000 კაცი გერმანიის სტადიონებზე ყოველ შაბათ-კვირას იკრიბება, ჩვენთან კი მხოლოდ ათასი, 2 ათასი კაცი მოდის (ქართული ფეხბურთის მესაჭე პასუხს 2 ენაზე იძლეოდა და რუსულ ვარიანტში მან ჩვენი ჩემპიონატის მატჩებში დასწრების მაჩვენებელი 3 ათასამდე “გაზარდა”. რედ.). ჩვენი სურვილია და ასევე უეფასიც, რომ ხალხს შევაყვაროთ ფეხბურთი და მივცეთ მიზანი. ასევე ადამიანებს საქართველოსა და აზერბაიჯანში, რომლებსაც უყვართ ფეხბურთი, მივცეთ იმედი. სწორედ უეფას სურვილია ის, რომ ჩვენნაირ ქვეყნებში მოხდეს ფეხბურთის პოპულარობა და განვითარება. ასე რომ, ეს არის საკმაოდ რეალური შანსი!
შანსებთან დაკავშირებით ერთსაც დავამატებდი: ქვეყნებმა, რომლების ასევე აცხადებენ პრეტენზიას ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობაზე, უბრალოდ განაცხადი შეიტანეს, ჩვენ კი განაცხადი შეგვაქვს იმისთვის, რომ აუცილებლად მოვიპოვოთ მასპინძლობის უფლება. ჩვენ არც ერთ ქვეყანაზე ნაკლები არ ვართ, ვინც აქამდე ჩაატარა ევროპირველობა. მეტიც, ჩვენთან მისი გამართვა იქნება გაცილებით საინტერესო და მასშტაბური. ჩვენს ქვეყნებს რომ ევროდონის ღონისძიებების გამართვა შეუძლიათ, ეს ბევრჯერ დამტკიცებულა და რაღა შორს წავიდეთ _ ბაქოში გამართული “ევროვიზიაც” საკმარისია.
_ სად გაიმართება ევროპის ჩემპიონატის ფინალი _ აზერბაიჯანში თუ საქართველოში?
ზვიად სიჭინავა: _ ჩვენთვის ამ ეტაპზე ეს საკითხი არ დგას დღის წესრიგში, რამეთუ მნიშვნელოვანია, მოვიპოვოთ უშუალოდ ამ შეჯიბრის მასპინძლობის უფლება. და რატომ მხოლოდ ფინალი? გახსნითი მატჩი სად გაიმართოს? გახსნა ფინალზე ნაკლებ მნიშვნელოვანია?
_ გახსნა ბაქოში, ფინალი თბილისში გაიმართოს!
ზვიად სიჭინავა: _ აწი, პირიქით რომ იყოს _ გახსნა თბილისში და ფინალი _ ბაქოში? ან ქუთაისი რატომ არა?
როვნაგ აბდულაევი: _ თქვენი ინტერესი გასაგებია, მაგრამ ეს საკითხი, დამერწმუნეთ, ჯერ ნამდვილად არ განიხილება.
_ კარგი, გახსნა ბაქოში ან თბილისში და ფინალი აქ, ბათუმში ჩამოიტანეთ.
ზვიად სიჭინავა: _ შესაძლებელია (ეღიმება). გასაგებია, ჟურნალისტებისთვის საინტერესოა ყველა დეტალი, თუ რა იქნება მომავალში, თუმცა დამერწმუნეთ, ამ ეტაპზე ორივე ქვეყნის ფედერაციისთვის მნიშვნელოვანია გადავდგათ ნაბიჯები წინ.
_ როგორც ცნობილია, საქართველომ და აზერბაიჯანმა თავიდან ერთობლივი განაცხადი გააკეთეს, შემდეგ მხოლოდ საქართველომ შეიტანა განაცხადი. ბოლო მომენტში ისევ ორივე ქვეყანა ერთობლივად აცხადებს პრეტენზიას. რამდენად შესაძლოა, ეს მომენტი ხელშემშლელი გამოდგეს?
ზვიად სიჭინავა: _ გარწმუნებთ, რომ ეს არანაირად არ იქნება ხელშემშლელი! ჩვენ მზად გვქონდა ორივე განაცხადი. უბრალოდ, ცოტა კომუნიკაციის (?!) პრობლემა იყო, რაც ჩვენს შიგა ჩემპიონატში შექმნილი პრობლემით იყო გამოწვეული. მთელი ფედერაცია აქეთკენ იყო გადართული _ მოგეხსენებათ, პრობლემები გვქონდა ეროვნულ ჩემპიონატში, იგივე მსაჯობასთან, გუნდებთან დაკავშირებით. ამიტომაც იყო მცირეოდენი გაურკვევლობა, თუმცა, მინდა გითხრათ, რომ უეფაში შეტანილია ორი ქვეყნის მიერ პირველობის ერთობლივად გამართვის განაცხადი და ამ კუთხით არანაირი პრობლემა არ არსებობს.