როცა ამ კონკრეტულ სოფელში მივედით, ინფორმაციის მომწოდებელ ქალბატონს საკუთარი ვინაობა არ დაუმალავს და იმ ადამიანის ვინაობაც გაგვიმხილა, ვინც თავი ბაწარში იმიტომ გაუყარა, რომ “ტაო-ბანკის” ვალი ვერ გადაიხადა.
ამ ეტაპზე ჩვენ თავს ვიკავებთ კონკრეტული პირების ვინაობის დასახელებისგან და აუდიოჩანაწერს რედაქციაში ვინახავთ.
რესპონდენტი ქალბატონის ნაამბობი ასეთი შინაარსისაა: _ ოჯახი, რომელზეც საუბარი გვაქვს, მრავალშვილიანია და ძალიან გაჭირვებულად ცხოვრობს. ხუთი შვილიდან სამი თავშესაფარში წაიყვანეს, უფროსი და ნაბოლარა კი სახლში არიან. მათი საცოდაობით აღარ ვარ. ოჯახი სოციალურად დაუცველია, ფსიქიკური მდგომარეობაც ვერ უწყობთ ხელს. ძალიან მიკვირს, ასეთი მდგომარეობის მქონე, სოციალურად დაუცველ ოჯახს როგორ მისცეს ბანკიდან სესხი? შეიძლება, მხოლოდ პირადობის მოწმობის საფუძველზე, სხვა რაიმე დოკუმენტი არ მოსთხოვო, ისე ანდო ფული გაჭირვებულს და მერე აიკლო, გინდა თუ არა გადაიხადეო? საინტერესოა, “ტაო-ბანკი” რა მიზნით გასცემს ასე სესხებს? მაღალი პროცენტის გამო ხომ არა? ახლა ვიღაცას მიუცია ჩემი ტელეფონის ნომერი და მირეკავს კრედიტ-ოფიცერი, რომ ამ საქმის ორგანიზებაში დავეხმაროთ, თან წესიერად არ მისმენს, რომ ავუხსნა, მე არაფერ შუაში ვარ და არც მევალება, ეს ამბები ვარკვიო. ახლახან ამ ოჯახში ქალმა თავის ჩამოხრჩობა სცადა _ ბაწარში გაჰყო თავი და ძლივს გადავარჩინეთ. რა ვიცი, კიდევ რას მოიმოქმედებს? მაინტერესებს, რატომ აძლევენ ასე ჰაიჰარად სესხს ადამიანს, რომელსაც გადახდა არ შეუძლია?
“გურია ნიუსი” აღნიშნულ ოჯახში მივიდა, თუმცა ცოლ-ქმარი შინ არ დაგვხვდა. უახლოესმა მეზობლებმაც ისაუბრეს მათ გასაჭირზე და უამრავ პრობლემაზე, რითაც გარშემო მყოფი ადამიანებიც შეწუხებული არიან და უკვირთ, ასე თავისუფლად როგორ აძლევენ სესხს ადამიანს, რომლის გადახდისუნარიანობა საეჭვოა?
“ტაო-პრივატ ბანკის” მმართველმა, ლევან ჩხაიძემ “გურია ნიუსს” მოკლე პასუხი გასცა: _ თუ ეს ოჯახი სოციალურად დაუცველია, სასამართლოს მიმართოს და ყველაფერი იქ გაირკვევა.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ოზურგეთის ოფისის ხელმძღვანელმა, თამაზ ტრაპაიძემ განმარტა, რომ სოციალურად დაცულიც რომ იყოს, მაშინაც უნდა გაარკვიოს სასამართლომ ეს საკითხი: _ მართალია, სასამართლო განიხილავს საქმეს და დაავალდებულებს პირს, რომ სესხის სახით მიღებული თანხა უკან დააბრუნოს, მაგრამ თუ არ აქვს, რა უნდა ქნას? ამიტომ, პირველ რიგში, თვითონ ბანკმა არ უნდა ჩაიგდოს თავი გამოუვალ მდგომარეობაში.
“გურია ნიუსი”ისევ მიუბრუნდება ამ საკითხს, მით უმეტეს, რომ ბანკიდან გამოტანილი სესხების გამო, არა ერთი ოჯახია მსგავს მდგომარეობაში.