ახლახან პროექტ “ნიჭიერის” ფინალში ოზურგეთელ მუსიკოსთა ჯგუფი “ლურჯი იალქანი” გავიდა. გამარჯვებულები გაცხარებულ სამზადისში არიან. რეპეტიციები საღამოს ექვსი საათიდან გვიან ღამემდე გრძელდება.
18 ივნისს ისინი კიდევ ერთხელ წარდგებიან სრულიად საქართველოს წინაშე და როგორც მათი გულშემატკივარი გურულები ამბობენ, “ორი კოტა სიმინდის ამარა არ დატიებენ, ხვავიანი შემოქმედებითი მოსავლით დაბრუნდებიან დედაქალაქიდან”.
ვიდრე აფრებს აუშვებდნენ და გალაკტიონის გენიალობით ნაჩურჩულევ სტრიქონებს საკუთარ “გემს” დააწერდნენ, ოზურგეთის ულამაზეს და ტრადიციულ სოფელ ლიხაურში სამი ნინველი (ახლებურად თინეიჯერი) ჩეროში ჩამოჯდა და ერთმა მათგანმა გოგა გორდელაძემ “ორი კოტა სიმინდის” გალექსვის ნამდვილი ამბავი ხალისით გაიხსენა. ერთხელ, თურმე, მიაყურადა ბაბუის საუბარს, მეზობელ მეგობარ კაცს რომ მთელი გულწრფელობით უყვებოდა: ახალგაზრდობაში ნალიიდან სიმინდი ჩამევიღე და დავჯეი დასაფშვენად. უცებ ვინცხამ დეიძახა, გევიხედე და იმფერი ლამაზი ქალი დევინახე, ტელევიზორშიც არ მენახა მანამდე, მოვბრუნდი, შარვალი დევიფერთხე და გევედი, მაგრამ კი წასულიყო საცხაო.
შემდეგ ლერი შეწირულთან და გიგა ბელქაძესთან ერთად ღიღინ-ღიღინით გამოამზეურა გალექსილი ნამდვილი ამბავი და ოზურგეთში ჩავიდა. იქ ჯგუფის რიცხვი თერთმეტამდე გაიზარდა და მუსიკის სიყვარულმაც იმძლავრა. შეკრება უფრო სპონტანურად მოხდა. ერთმანეთს ფიზიკურად კი იცნობდნენ, მაგრამ სიმღერით გაცნობა თანდათან მოხდა. როკი, ფოლკლორის ელემენტები და კიდევ რაღაც, რაც თვითონაც არ იციან კარგად, ერთმანეთს შეუზავდა და წარმოიშვა ჰარმონია, რამაც ბიჭების თვითმყოფადობა წინა პლანზე წამოსწია. წინსვლისა და წარმატების მიზეზიც სწორედ ეს გახდა. სულ 11 არიან: გოგა გორდელაძე, ვაკო ბლიაძე, ლერი შეწირული, გიგა ბელქაძე, გიორგი გაფრინდაშვილი, გიორგი ჩავლეშვილი, გიორგი ბახტაძე, ილია წულაძე, არტურ ნიკოგოსიანი, ბექა მეფარიშვილი და ლიკა ღლონტი. თუმცა უკანასკნელი “ნიჭიერში” არ გამოსულა.
საკრავი ინსტრუმენტები: გიტარა, საქსაფონი, სალამური, დრამი, შეიკერი და ტამტამია, რის შეძენაც ძირითადად პირველი გამარჯვების შემდეგ მოახერხეს. ყველას ახსოვს მათ მიერ “ბარამბოს” სარეკლამო რგოლისთვის შესრულებული სიმღერა.
_ ამ სიმღერის ტექსტი ჩვენმა უსაყვარლესმა პედაგოგმა, დოდო დონაძემ დაგვიწერა, ჰონორარის სახით მაშინ 1700 დოლარი მივიღეთ და ინსტრუმენტები შევიძინეთ. საერთოდ კი, ასე ვთქვათ, ჩვენი პირველი აღმომჩენი ნამდვილად ვალერი ჩიტაიშვილია, ერთხელ ლიხაურში რესტორან “ნიაბაურში” მოგვისმინა, მაშინ ოთხი ვიყავით, ასეთი კარგი ჯგუფი გურიაში არ მინახავსო, დაგეხმარებითო, გვითხრა, ტელეფონის ნომერი მოგვცა და მერე სიტყვაც შეასრულა, კულტურის ცენტრში გამოგვიყვეს ოთახი, დაგვინიშნეს ხელფასი, მარინა ჯაფარიძემ სხვადასხვა კონცერტზე გაგვიშვა, ასე ჩამოვყალიბდით და მოვძლიერდით, _ ამბობს გოგა გორდელაძე.
_გოგა, შენ ხარ ანსამბლის ხელმძღვანელი, ბიჭები “ჩვენს ამფითეატრს” გეძახიან, რა როლი გაკისრია, მათ, ასე ვთქვათ, გამუსიკალურებაში?
_ ყველა თავისთავადი და ნიჭიერია, ხალასი, მიზანდასახული. პირიქით, მათ მომცეს ბევრი რამ, მე 28 წლის ვარ, ცოტა გვიან ავიღე ხელში მუსიკალური ინსტრუმენტი, ისინი 18-20 წლისანი არიან და სამ მათგანს ცხონებულ იური ჩიხლაძის ძალიან კარგი სკოლა აქვს გავლილი, დანარჩენებიც ბავშვობიდან არიან ნაზიარევი მუსიკალურ კულტურას.
_ თავიდან როგორ დაიწყეთ, მართლა ბაბუას ნაამბობმა გაგიჩინათ მუსიკალური მუზა?
_ სიმღერა სულ მიყვარდა, თუმცა ის რაღაც ისეთი მომენტი იყო, გალექსვა და მერე სომღერა მომინდა, ბაბუა და მისი ძმაკაცი ისეთი გულწრფელობით უყვებოდნენ ერთმანეთს ახალგაზრდობის ამბებს, ამ დროს კი მე მიყურადებული ვიყავი. . . ბაბუა ისე გარდაიცვალა, ეს არც გაუგია.
_ შენი “იალქნელი” ბიჭები ხუმრობენ, რაფერც გაიგო ბაბუამისმა მაი ამბავი, გარდაიცვალაო.
_ ჰო, ასეთ ხუმრობებს არ მაკლებენ.
_ შოკოლადიჭამიაა და ამიტომაც უმღერა ბარამბოსო, ამასაც ამბობენ
_ ეგ ნამდვილია, მართლა ძალიან მიყვარს შოკოლადი და ბარამბოს გემომაც ძალიან იმოქმედა. დავწერე და მიზანში გავარტყით.
_ ნაყინზეც ასე დაწერე?
_ ნაყინის შესახებ “ბარამბოს” პიარმენეჯერმა გვითხრა, თუმცა ლექსი ვერ გადავაკეთეთ და ჩვენმა უსაყვარლესმა მასწავლებელმა, დოდო დონაძემ ამოგვიყვანა გასაჭირიდან. . . “თოვლია თუ მართლა ნაყინი თოვს ციდან, მინდა ვიყოთ ერთად, გრძნობა მქონდეს წმინდა”. . .
_ რატომ მაინცა და მაინც “ლურჯი იალქანი”?
_ გალაკტიონზე უკეთ ვის უოცნებია ან ვის უთქვამს ოცნებათა შესახებ? ჩვენც გვაქვს ჩვენი იდუმალი ოცნება, და ეს მხოლოდ გამარჯვებაზე ფიქრი არ გეგონოთ, უპირველესად გვსურს, მსმენელი, მაყურებელი გავახაროთ. პოპულარობა გვსურს, რა თქმა უნდა და გვწადია ხალხის გახარება.
_ როდის შედგება “ნიჭიერის” ფინალური ტური და რა სიმღერებს ამზადებთ?
_ 18 ივნისს, თუმცა სიმღერას ვერ დაგისახელებთ, არც გვაქვს ჯერ ამორჩეული, რომელს შევასრულებთ.
_ გოგა, ძალიან ბევრს, თითქმის ყველა ახალგაზრდას აინტერესებს, გამართავს თუ არა “ლურჯი იალქანი” სოლო-კონცერტს?
_ ძალიან გვინდოდა, ფინალამდე მოგვესწრო ერთი სოლო კონცერტი, თუმცა ვერ მოვახერხეთ. ფინალის შემდეგ აუცილებლად გავმართავთ ოზურგეთის სახელმწიფო თეატრში კონცერტს.
_ წარმატებებს, გამარჯვებების და ესემესების ცვენას გისურვებთ!