კონტროლის პალატის ფინანსური მონიტორინგის სამსახური მიიჩნევს, რომ “სახეზეა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1641 მუხლით გათვალისწინებული ამომრჩევლის მოსყიდვის დანაშაულის ნიშნები, რაც გამოიხატება საარჩევნო მიზნით, პირდაპირ ან არაპირდაპირ ფულის, ფასიანი ქაღალდის (მათ შორის, ფინანსური ინსტრუმენტის), სხვა ქონების, ქონებრივი უფლების, მომსახურების ან სხვა რაიმე უპირატესობის დაპირებაში.
ფინანსური მონიტორინგის სამსახური მიმართავს საქართველოს მთავარ პროკურატურას დაინტერესდეს აღნიშნული ფაქტით და კომპეტენციის ფარგლებში მოახდინოს მისი შესწავლა და რეაგირება”.
იმავე დღეს, იმერეთის შს სამმართველოში დაიწყო ფლაერების დარიგების ფაქტზე გამოძიება, რის შესახებ საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია: “2012 წლის 5 ივნისს, მედია საშუალებებით გავრცელდა ინფორმაცია ქუთაისში პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნების” წარმომადგენელთა მხრიდან ამომრჩეველთათვის საარჩევნო ფლაერებზე დართული მნიშვნელოვანი მატერიალური ფასეულობების გადაცემის დაპირების შემცველი ბლანკების დარიგების შესახებ.
ვინაიდან აღნიშნული ქმედება შეიცავს დანაშაულის, კერძოდ, ამომრჩევლის მოსყიდვის ნიშნებს, ფაქტების შესწავლის მიზნით, გამოძიება დაწყებულია იმერეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს მთავარ სამმართველოში. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისად, გამოძიებას ზედამხედველობას უწევს პროკურატურა.
საქართველოს კანონმდებლობით გარანტირებულია გამოხატვის თავისუფლება და პოლიტიკური საქმიანობის უფლება. გამოძიების მიზანია დანაშაულებრივი ჩარევისაგან წინასაარჩევნო პროცესების დაცვა და პოლიტიკური პარტიებისა და მოქალაქეების საარჩევნო უფლებების უზრუნველყოფა”.
მოისყიდა თუ არა კოალიცია “ქართულმა ოცნებამ” ამომრჩეველი, ამასთან დაკავშირებით “გურია ნიუსმა” განმარტების გაკეთება არასამთავრობო ორგანიზაციებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას და კონსტიტუციის 42-ე მუხლს, ასევე “ქართული ოცნება _ დემოკრატიული საქართველოს” წევრს, იურისტ არჩილ კბილაშვილს თხოვა.
_ ბატონო არჩილ, რამდენად საფუძვლიანია კონტროლის პალატის მონიტორინგის სამსახურის ბრალდება, როცა ისინი “ქართულ ოცნებას” ამომრჩევლის მოსყიდვაში ადანაშაულებენ?
_ ამომრჩევლის მოსყიდვა უნდა იყოს იდენტიფიცირებული. ანუ უნდა იყოს მომსყიდველი და ის, ვინც ყიდულობს. ამ შემთხვევაში, ეს ბარათები ერთგვარ სოციოლოგიურ გამოკვლევას ემსახურებოდა, რათა კოალიციამ თავის პრიორიტეტები ააგოს იმ ნიშნულებზე, რომელსაც მოსახლეობა დააფიქსირებს. იქ არავითარი სახელი, გვარი არ ფიგურირებდა, შეიძლება ვიღაცამ მიაწერა, მაგრამ, ყოველ შემთხვევაში ჩვენ სახელი, გვარი, საიდენტიფიკაციო ნომერი და მისამართი არ გვაინტერესებს. ასე თუ ვიმსჯელებთ, საუბარია მთელი საქართველოს მოსახელობის მოსყიდვაზე. ამ შემთხვევაში, ამას მოსყიდვა კი არა, საარჩევნო პროგრამა ჰქვია.
ამ საკითხის მიმართ მსგავსი განმარტება და დამოკიდებულება ღიმილს იწვევს. ეს არის ხელისუფლების შიში ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებაში მოსვლისა.
_ კონტროლის პალატის მიმართვის შემდეგ, რა იურიდიული საფუძველი აქვს მთავარ პროკურატურას მოკვლევის დასაწყებად?
_ იურიდიული საფუძველი არ არსებობს. ჩვენ შეიძლება ვისაუბროთ იურიდიულ შედეგებზე. იდეაში, ნებისმიერ სისხლის სამართლის დანაშაულზე გამოძიება დადებით შემთხვევაში უნდა დასრულდეს იმით, რომ გაირკვეს, ვინ ჩაიდინა ეს დანაშაული და ვინ იქნა მოსყიდული, ანუ უნდა მოხდეს იდენტიფიცირება.
_ ხომ შეიძლება აღმოჩნდეს ისეთი ადამიანი, რომელმაც “ქართული ოცნების” მიერ დარიგებულ ბიულეტენში ოცნების ასახდენად პირადობის ნომერი ჩაწერა და მისი იდენტიფიცირება პრობლემა არ იქნება. ამ შემთხვევაში რა პასუხი ექნება კოალიცია “ქართულ ოცნებას”?
_ იმის გამო, რომ ზოგიერთმა ადამიანმა სახელი, გვარი და ტელეფონის ნომერი მიაწერა, ამაზე ჩემი დამნაშავეობა-უდანაშაულობა არ არის დამოკიდებული.
კონკრეტული ადამიანის მოთხოვნას ჩვენ იმიტომ კი არ ვსწავლობთ, რომ მას ბინა მივცეთ. არამედ მისი ტექსტიდან ჩვენთვის ცხადი ხდება, რა ტიპის სოციალურ პრობლემასთან გვაქვს საქმე. თუ ვინმე წერს, რომ მკურნალობა ან წამალი უნდა, ჩვენ წამალს კი არ ვაძლევთ. ვხვდებით, რომ ამ კატეგორიის ადამიანებს ჯანდაცვის ტიპის პრობლემებთან აქვთ საქმე. ეს არის ჩვენთვის გამოკვლევის და შესწავლის საგანი. დანაშაული იქნებოდა, თუ ის ჩვენგან მიიღებდა წამალს, ბინას და ა.შ.
_ დაახლოებით, რამდენი ადამიანია ამ ბუკლეტებში?
_ მე ნამდვილად არ ვიცი. ალბათ ეს იქნება ასეულ ათასობით. ვიცი, რომ ასეთი ბარათები ყველასთვის ხელმისაწვდომი იყო. უშუალოდ მის დახარისხებაში მონაწილეობა არ მიმიღია.
_ ქუთაისში დარიგებული ბუკლეტები _ “ჩვენ ვიწყებთ” და თბილისში 27 მაისის აქციამდე და აქციის დღეს დარიგებული ბუკლეტები ერთმანეთის იდენტურია. თქვენი აზრით, რატომ დაინტერესდა კონტროლის პალატა კოალიციის დარიგებული ბუკლეტით მხოლოდ მაშინ, როცა მისი დარიგება ქუთაისში დაიწყეს?
_ ეს კითხვა უნდა დაუსვათ იმ ადამიანს, ვინც ეს მოიფიქრა. შეიძლება ვიფიქროთ, რომ გარკვეულ კონიუნქტურაზეა აგებული. არ ვიცი, რამდენად სწორი ანალიზი იქნება, მაგრამ დაუშვათ, რომ 27 მაისის აქციაზე 150 ათასამდე ადამიანი მოვიდა. ხელისუფლებამ ეს დაინახა და ცდილობს ყველაფერი გააკეთოს იმისთვის, რომ რაიონებში აქციაზე ისეთი დიდი ტალღით არ მოვიდეს ადამიანებიDდა ერთი კვირის მერე გააკეთა განცხადება.
ყოველ შემთხვევაში, რატომ არ მოხდა 27-ში განცხადების გაკეთება და რატომ მოხდა დღეს, სხვა რამე უფრო ლოგიკური ახსნა ამისა არ გამაჩნია.
_ რას ემსახურება კოალიციის მხრიდან ბუკლეტების დარიგება და დარიგდება თუ არა პრაისლისტები სხვა ქალაქებში?
_ მე ორგანიზაციულ საკითხებს არ ვწყვეტ მაგრამ, თუ მსგავსი ბუკლეტი დარიგდება ამას მივესალმები. რადგან კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ეს არის სოციოლოგიური გამოკითხვა, რომელიც პოლიტიკურ კოალიციას ესაჭიროება რათა განსაზღვროს სამომავლო პრიორიტეტები.
ყველა პოლიტიკური კოალიცია ემსახურება საზოგადოების დაკვეთის შესრულებას. ამიტომ მისთვის სასარგებლოა, გაიგოს რას ითხოვს საზოგადოება, რა პრობლემა აქვს მას. სხვანაირად, პოლიტიკური პარტიების არსებობა ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია. ამიტომ, ბუნებრივია ასეთი ფორმით აზრის გამოკითხვის მიღება სრულიად ლეგალურია.
დიმიტრი ხაჩიძე, “კონსტიტუციის 42-ე მუხლის” წევრი.
_ როგორ შეაფასებთ კონტროლის პალატის ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიმართვას, გენერალური პროკურატურისადმი? მონიტორინგის სამსახური არ საუბრობს იმაზე, რომ დანაშაული მოხდა, არამედ ამბობს, რომ არის დანაშაულის ნიშნები.
_ მე ჩემს პირად მოსაზრებას გეტყვით _ კონტროლის პალატა, რა თქმა უნდა, ვერ ისაუბრებს რომ ეს დანაშაულია, ეს პროკურატურის პრეროგატივაა, კონტროლის პალატას ამას არავინ ეკითხება. მე ვერ ვხედავ აქ დანაშაულს. ის, რომ მე ოცნება მაქვს, მაცივარი და სარეცხი მანქანა მქონდეს, ეს არ არის ჩემი მოსყიდვა. კანონით, დეკემბრის რედაქციით, მე თუ პოლიტიკურ პარტიასთან მივიდოდი და მოვითხოვდი, მაცივარი მინდა და მომეცით,-მეთქი, ეს დანაშაული იქნებოდა ჩემი მხრიდან. მაგრამ ჯერ ეს ფაქტია გამოსაკვლევი _ გადასცა მატერიალური სიკეთე ამომრჩეველს?! იყო მოსყიდვა?! ბუკლეტის გავრცელება არანაირად არ ნიშნავს ამომრჩევლის მოსყიდვის მცდელობას.
ეკა ფოფხაძე, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი.
_ ქალბატონო ეკა თუ დადასტურდა რომ “ქართულმა ოცნებამ” მოისყიდა თუნდაც ერთი ამომრჩეველი. რა სანქციები ემუქრება პარტიას და კონკრეტულ პირს, რომელმაც მიიღო მატერიალური სიკეთე?
_ თუ დადგინდა, რომ ამომრჩევლის მოსყიდვას აქვს ადგილი? ამას არეგულირებს სისხლის სამართლის კოდექსის 1641 მუხლი, სადაც აღნიშნულია, რომ ფაქტი იწვევს თვითონ ფიზიკური პირის პასუხისმგებლობას და არა პარტიის. ისჯება თავისუფლების აღკვეთით, ვადით სამ წლამდე ან ჯარიმით.
_ პარტიას რა სანქცია ემუქრება?
_ კანონში პარტიებთან დაკავშირებით აღნიშნულია რომ, თვითონ პარტია სისხლის სამართლის პასუხს არ აგებს.