ავტორის შედარებებით, 2004 წელს აშშ-ს და საქართველოს შორის საგარეო ვაჭრობაში, აშშ-ის მონაცემებთან შედარებით, ჩრდილში იყო მოქცეული მთლიანი საგარეო ბრუნვის 56,7%, 2005 წელს – 57,5%; 2006 წელს – 49%; 2007 წელს – 38,8%; 2008 წელს – 42%; 2009 წელს – 38%; 2010 წელს – 27,2%; 2011 წელს – 45,5%; 2012 წლის იანვარ-მარტში ჩრდილში იყო მოქცეული 46,5%. მაგალითისათვის, 2011 წელს აშშ-დან გამოგზავნილი ნავთობპროდუქტების 98,6% საქართველოში აღრიცხული არ არის იმპორტად. აშშ-ის ექსპორტმა საქართველოში “ვარდების რევოლუციის” შემდგომ პერიოდში ამერიკის მონაცემებით შეადგინა 3 008,7 მილიონი დოლარი. იმავე პერიოდში საქართველოს მონაცემებით აშშ-ის იმპორტმა საქართველოში შეადგინა 1 662,4 მლნ დოლარი. საქართველოს მხარემ დააფიქსირა 1 346,3 მლნ დოლარით ნაკლები, ანუ მთლიანი მონაცემის მხოლოდ 55,3%. სახელმწიფო ბიუჯეტმა ამ პერიოდში მარტო გადასახადების სახით დაკარგა მინიმუმ მილიარდი ლარი აშშ-დან მემოსული სხვადასხვა საქონლის განუბაჟებლობის (ანუ კონტრაბანდის) ან ნაკლებ ღირებულებად განბაჟების გამო. მართალია, ამ საქონლის ნაწილი, შესაძლებელია, რეექსპორტის სახით განუბაჟებლად გავიდა საქართველოდან, მაგრამ, როგორც პრაქტიკა გვიჩვენებს, რეექსპორტის წილი იმ შემთხვევაში, როცა თავიდანვე საქონლის რეალიზება საქართველოში იყო დაგეგმილი, ძალიან მცირეა და, შესაბამისად, ზემოაღნიშნულ დასკვნაზე მნიშვნელოვან გავლენას ვერ მოახდენდა.
აშშ-ის ოფიციალური მონაცემები აღებულია United States Census Bureau-დან (აშშ-ის სახელმწიფო აღწერის ბიურო, http://www.census.gov/foreign-trade/balance/c4633.html), ხოლო საქართველოს მონაცემები _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროდან და “საქსტატი“-დან.