_ დახმარება რომ მოეცათ ჩემთვის ან კიდევ პოლისი მქონოდა, ჩემს ქმარს ვუმკურნალებდი. არ ის მომცეს. ამიტომ მივდივარ მიხეილ სააკაშვილთან თხოვნით და თუ არ დამეხმარა, მაშინ საქართველოში არ ყოფილა კანონი. თუ ჩქარა არ წავიდა, მჯერა, რომ შევხვდები, _ ეს სიტყვები სოფელ წვერმაღალის მკვიდრს ნინო ჭიღლაძეს ეკუთვნის. ის სოფლიდან მარტო ჩამოვიდა და ისე დაბრუნდა სახლში, რომ პრეზიდენტს ვერ შეხვდა.
ნატანებელი გუგული მიმინოშვილი ამბობს, რომ ამ ქვეყანაში სიმართლის დრო უნდა დადგეს და ხალხმა უნდა ამოისუნთქოს: _ ჩვენი გაჭირვება ვუთხრათ, "ფარშივობა" არ გვინდა, გვინდა რეალობა. ექიმთან ვერ მიხვალ, წამალსაც ვერ იყიდი, გზაზე ბენზინი ძვირია, პროდუქტი ძვირია _ რომელი ერთი დავასახელო? უმუშევრები ვართ სახლში, პენსია არ გვყოფნის. საოპერაციო შვილი მყავს და ამდენი თანხა კი არ მაქვს. მიწა რად მინდა? 45ლარიანი სასუქი ვერ ვიყიდე. რა ამბავია ამდენი მაფია, ამდენი გაჭირვება, რა მოხდა, კაცო ასეთი? ერთი ტომარა სასუქი მოგვცა ამ კაცმა და ერთი ტომარა სასუქით იქნება ყველაფერი? კი, ბატონო მადლობელი ვართ, _ თქვა გუგული მიმინოშვილმა.
_ წამალი ძვირია და რაც ვიყიდე, მაინც არაფერია შედეგი. 25 დღე ვიღებდი წამალს და კი ვარ ისე, როგორც ვიყავი გაჭირვებული. სახსრები მტკივა და თავი მიბუჟდება. მზესუმზირას ვყიდი, რადგან მხოლოდ პენსია არ მყოფნის. _ გვითხრა ურეკში მცხოვრებმა 86 წლის ქალბატონმა.
მარგალიტა გელაშვილი ურეკში ცხოვრობს, მაგრამ ვერც ის შეხვდა პრეზიდენტს: _ შეხვედრა კი მინდა, მაგრამ შემახვედრებენ? ჩერნობილში ნამყოფი მეუღლე მყავს. ოზურგეთში არ მომაქციეს ყურადღება, გურიის გუბერნატორთანაც ვიყავი. განცხადებაც დავწერე, მაგრამ არავინ ჩემი პატრონი არ არის. ვარ მრავალშვილიანი დედა. ერთი შვილი ავად მყავს, პენსია არ აქვს. სადაც კი მივედი, არ გეკუთვნით პენსიაო, მითხრეს, არადა, წერა-კითხვაც არ იცის. _ გვითხრა მარგალიტა გელაშვილმა.
წყალწმინდელი ნათელა ქარჩილავა სულ სხვა პრობლემების შესახებ გვიამობს: _ აქვე ახლოს არის წყალწმინდა. გადმოირიცხა ფული და წყალი არ კეთდება, არაფერი არ კეთდება. მოსახლეობაში აგროვებენ 40-40 ლარს. სახელმწიფო გადმორიცხა ფული და არ უნდა გაკეთდეს საქმე?! პენსიონერს არანაირი შემოსავალი არ აქვს, არადა ისეთი სოფელია, რომ ასე არ უნდა იყოს. პენსიონერერებს სთხოვენ ფულის დამატებას.
_ ქალბატონო ნათელა, ვინ ითხოვს ფულს?
_ ვინ ითხოვს და ვისაც აბარია სოფელი. წყალი კი არ არის. ძალიან მდიდარი სოფელი უნდა იყოს და არაფერი არ არის აქ. ეს არის სიმართლე.
საუბარში თამარ წერეთელი ჩაერთო: _ რაც იყო გადმორიცხული ფული, ის არ ეყო და თანამონაწილე გახდა მოსახლეობა.
ნათელა ქარჩილავა: _ მაშინ ყველას უნდა უთხრათ ფულის დადება და არა მხოლოდ პენსიონერებს.
ქალბატონ ნათელა კიდევ ბევრ რამეს იტყოდა, მაგრამ, ამ დროს დავინახე, როგორ ანიშნა ახალგაზრდა მამაკაცმა მას, რომ აღარ გაეგრძელებინა საუბარი. იგი კურორტ ურეკის რწმუნებული ემზარ გოგიტიძე აღმოჩნდა, რომელმაც გვითხრა, ეს ჩემი და არის და არაფერი მისთვის არ მითქვამსო.
ნათელა ქარჩილავას თქმით, ემზარ გოგიტიძე მისი ძმაა.
"გურია ნიუსი" დაინტერესდება, თუ რა თანხა გადაიხადეს წყალწმინდელებმა, რომ წყალი ჰქონოდათ.