გოჩა ჭანიშვილი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დვაბზუში ცხოვრობს და მეშვიდე კლასიდან მისი ჰობი ყვავილების მოვლაა. მის კარმიდამოში ყოველთვის ყვავის ყვავილები.
_ გოჩა, როდის დაიწყეთ პირველად ყვავილების მოვლა-პატრონობა?
_ ამ მცირეოდენ მიწის ნაკვეთზე ყვავილების მოშენება დაიწყო სახალხო მასწავლებელმა ნინო უნგიაძემ, ჩემმა ბებიამ, რომელმაც 50 წელი ემსახურა მოსწავლე-ახალგაზრდობის აღზრდას და, ბუნებრივია, ბავშვების საყვარელი მასწავლებლისთვის ყველაზე ძვირფასი საჩუქარი იყო ყვავილები. რადგან შეიტყვეს, რომ მასწავლებელს უყვარდა ყვავილები, მოჰქონდათ სხვადასხვა სახის ნერგები. აქ არის დღეს ის ნერგები, რომელიც რუდუნებით უვლიდა ბებიაჩემი. მისი გარდაცვალების შემდეგ, ხსოვნის პატივსაცემად, გადავწყვიტეთ, შეგვენარჩუნებინა, გაგვემრავლებინა, გაგვეახლებინა ყვავილები.
_ აქ მხოლოდ ყვავილებია?
_ ამ ეზოში ხუთი ჯიშის ბზა არის მხოლოდ, ასევე ყვავილოვანი; არის 17 სხვადასხვა ფერის ჯიშის ვარდი; შროშანის ჯიშის სხვადასხვა სახეობა, დაახლოებით ათამდე. რაც შეეხება ქოთნის ყვავილებს, კაქტუსის 145 ჯიშია. ქოთნის 500 კაქტუსის მქონდა სულ, ზამთრის გამოვლის შემდეგ კი დარჩა 350 _ ძალიან დაგვიზიანდა ყინვების გამო; 9 სახის ფოთლოვანი ბეგონიაა და სხვადასხვა ყვავილებია უამრავი.
_ მამაკაცისთვის ყვავილების მოვლა ძნელი არ არის?
_ მიყვარს ბუნება. როგორც ამბობენ, ბუნება თავად ქმნის შედევრებს და აქ უამრავი ყვავილია, რომელიც ძალიან მიყვარს, განსაკუთრებით, ბებიაჩემის მიერ დარგული. მცენარე ცოცხალი არსებაა _ უყვარს მოვლა, მოფერება, მოფრთხილება, საზრდოს დროული მიწოდება. ამისთვის ყველაფერს ვაკეთებ, რაც ნამდვილად არ არის ჩემთვის ძნელი.
ბუნებრივია, შრომა სჭირდება, მაგრამ ეს იმდენად სახალისო შრომაა, რომ არ არის დამღლელი. ერთადერთი პრობლემა ისაა, რომ აქ წყალგაყვანილობა საერთოდ არ არის, მოზიდული წყლით ყვავილების გამოკვება კი რთულია. ამ პატარა ბაღში თუ ყვავილებს ვუვლი, ეს სულაც არ არის მაინცდამაინც შრომატევადი.
_ როგორ ხდება ყვავილების გამრავლება?
_ სხვადასხვა ჯიშების გამოყვანა არ მიცდია. ბებია რომ გარდამეცვალა, მეშვიდე კლასში ვიყავი და მას შემდეგ ვუვლი ყვავილებს. უკვე ხელი შეჩვეული მაქვს.
ერთი სერიოზული ფაქტის შესახებ მოგიყვებით _ 90-იან წლებში, დედაჩემის ნათლულის ცოლი მაიკო სალუქვაძე გვესტუმრა. ახალი ჩამოსული იყო თბილისიდან და ერთ-ერთმა ჩვენმა მეზობელმა ჰკითხა, თბილისში რა ღირს ბინებიო. მან უპასუხა, გაძვირდა ბინები, მაგრამ გოჩას რა ენაღვლება _ ერთი ბინის ფასი ქოთნებში აქვს ჩალაგებულიო. ჩემი ყვავილების ღირებულება იგულისხმა. იმ დროს, ჩვენთან, სტუმრად სხვებიც იყვნენ. დილით კიბეზე განლაგებული ქოთნებიდან ყვავილები ამოლაგებული დამხვდა _ ვიღაცამ იფიქრა, რომ მე ფული მქონდა ქოთნებში დამარხული და კიბეზე გამოდგმული.
_ როგორც ამბობენ, თქვენთან უცხოეთიდან შემოტანილი ყვავილიც ხარობს.
_ კი, “ხომალდი” ჰქვია (კაქტუსი). საბერძნეთიდან მაქვს ჩამოტანილი, იქ მაჩუქეს. ყვავილობს კიდევაც. გავამრავლე და რამდენიმე ადამიანსაც ვაჩუქე.
_ თქვენთვის ეს საქმე ბიზნესს თუ წარმოადგენს?
_ არა, ბიზნესთან არანაირი შეხება არ მაქვს. ძალიან ბევრი ადამიანი მოსულა აქ, ხშირად უცხოელებიც. მათ უნდოდათ ეყიდათ ყვავილები, მაგრამ იმდენად მიყვარს თითოეული მათგანი, ამ საქმეს ბიზნესად ვერ ვაქცევ. თუ მაქვს რამდენიმე ნერგი, მირჩევნია, ვუწილადო და ვაჩუქო. არასოდეს მიფიქრია გაყიდვა _ რასაც შვილივით უვლი, იმას ვერ გავყიდი.
გოჩა ჭანიშვილის თქმით, მარტო ჰაერი და ნიადაგი არ კმარა ყვავილების მოვლისთვის, სხვადასხვა კომპონენტებია საჭირო, რომ უფრო განავითარო და მრავალფეროვანი გახადო კოლექცია:
_ მე ყვავილებისთვის არასდროს არ ვიყენებ იმ სასუქებს, რომელიც დღეს შემოაქვთ საქართველოში. აქ რასაც ხედავთ, ყველა ყვავილი ბუნებრივი სასუქებით არის გაზრდილი. ყველა ქოთანში არის მიწა, რომელიც მე ერთი კვირის განმავლობაში ვამზადებ და შემდეგ იქ ყვავილის ნერგები ხარობენ.
_ როგორ ამზადებთ მიწას ყვავილის ნერგისთვის?
_ ეს უნდა იყოს აუცილებლად გადამუშავებული მიწა, რომელიც ხშირად იბარება და არ არის თიხოვანი, წებოვანი და ა.შ. ამ დამუშავებულ მიწას ვურევთ გადამწვარ ნაკელს, აუცილებელია მდინარის ქვიშა. გააჩნია, როგორ ჭურჭელში უნდა მოთავსდეს მიწა, შესაბამისად, ერთ-ერთზე ხდება შერევა. მიწა კენჭებისგან და სხვადასხვა ჭუჭყისგან უნდა გათავისუფლდეს. შემდეგ ირგვება მცენარე. ეკლოვან ყვავილებს, მაგალითად, კაქტუსებს ნაკლებად სჭირდებათ წყალი, ფოთლოვნებს კი _ გაცილებით მეტად.