საქმე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის ილია ვაშაყმაძის ფარულ ჩანაწერს ეხება, რომელიც ტელეკომპანია მე-9 არხმა გაავრცელა.
“ერთ-ერთი შემთხვევა, რომელიც კომისიამ შეისწავლა, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის ილია ვაშაყმაძის ფარულ აუდიოჩანაწერს უკავშირდება. უწყებათაშორისი კომისია, როგორც გამგებელს, ასევე გამგეობის წევრებს და ნაციონალური მოძრაობის ოფისს დაუკავშირდა. კომისიასთან საუბარში ილია ვაშაყმაძემ განმარტა, რომ ის დანიშვნის დღიდან რეგულარულ შეხვედრებს მართავს, როგორც მოსახლეობასთან, ასევე პარტიულ აქტივთან. აღნიშნულ საქმიანობას ის, კანონმდებლობის საფუძველზე, როგორც გამგებელი და მეორე მხრივ, როგორც ნაციონალური მოძრაობის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე, ეწევა. ილია ვაშაყმაძემ ჩანაწერის ზუსტი თარიღი ვერ დააზუსტა, თუმცა განმარტა, რომ საქმე შეეხებოდა პარტიის ოფისში გამართულ ერთ-ერთი შეხვედრას, რომელსაც პერიოდულად პარტიის რაიონული ორგანიზაციის ფორმირების, მომავალი საარჩევნო ტაქტიკისა და სხვა საორგანიზაციო საკითხების შესახებ მართავდა. გამგებლის ცნობით, სიების შევსება მათი პარტიული აქტივისტების მიერ მხარდამჭერების მობილიზებას უკავშირდებოდა და მხოლოდ შიდა პარტიული მოხმარებისთვის იყო განკუთვნილი.” _ წერია უწყებათაშორისი კომისიის გავრცელებულ რეკომენდაციაში.
თუმცა, სანამ ამ ინფორმაციას გაავრცელებდა უწყებათაშორისი კომისია, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, მიხეილ მაჭავარიანმა ”გურია ნიუსს”, ერთ-ერთი მორიგი გასაიდუმლოებული შეხვედრის შემდეგ, რომელსაც რამაზ ნიკოლაიშვილთან ერთად მართავდა, ასეთი კომენტარი გაუკეთა:
_ ბატონო მიხეილ, “გურია ნიუსმა” არაერთი მასალა გამოაქვეყნა იმის შესახებ, როგორ იბარებდნენ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე და გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ყველა საჯარო მოხელეს, აიპებში დასაქმებულებს, სოფლის რწმუნებულებს, მართავდნენ გასაიდუმლოებულ შეხვედრებს, სადაც სთხოვდნენ მათ, რომ მოეტანათ “ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერი მინიმუმ ათი კაცის სია და პირადობის მოწმობის დამადასტურებელი ნომრები. არის თუ არა ეს ზეწოლა და რამდენად კანონიერია მათი ეს ქმედება?
_ მე, ამ შემთხვევაში, სრულიად დამაკმაყოფილა იმ პასუხმა, რომელიც ბატონმა ილია ვაშაყმაძემ გასცა კითხვებს ამ ინფორმაციის შესახებ. ამავე დროს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მოვალეობის შემსრულებელი ილია ვაშაყმაძე არის პარტიის თავმჯდომარე.
_ ანუ მას სრული უფლება აქვს, ასეთი ქმედებები კვლავ გააგრძელოს?
_ ჩვენ ყველაფერს კანონის ჩარჩოში ვაკეთებთ. აი, დღევანდელი შეხვედრაც კანონიერად მიმაჩნია.
თუმცა, უწყებათშორისმა კომისიამ, რომლის თავმჯდომარეც გიგა ბოკერიაა, მიხეილ მაჭავარიანის მიერ კანონიერად მიჩნეული ქმედებები, მთლად კანონიერადაც არ მიიჩნია.
“გურია ნიუსი” “საერთაშორისო გამჭვირვალობა _საქართველოს”- თI–ის პროგრამების დირექტორს ნინა ხატისკაცს დაუკავშირდა.
_ ნინა, თქვენი აზრით, რამდენად დადებითად ან უარყოფიდად შეაფასებდი რეკომენდაციას, რომელიც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობას გაეწია.
_ მთლიანობაში, დადებით შეფასებას იმსახურებს ის ფაქტი, რომ ასეთი მაღალი თანამდებობის პირებით დაკომპლექტებული ჯგუფი რეაგირებას ახდენს წინასაარჩევნო დარღვევებზე. სამწუხაროდ, დადებით ტენდენციასთან ერთად, პრობლემად რჩება ის ფაქტი, რომ საკანონმდებლო რეგულაციების და შეზღუდვების ინტერპრეტაციისას აქცენტი უფრო მეტად მათ ფორმალურ მხარეზე კეთდება, ვიდრე – არსსა და მიზანზე. მეტიც, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, უწყებათაშორისის შეფასებები არაზუსტია.
კერძოდ, რეკომენდაციაში ვკითხულობთ: „კომისია თვლის, რომ აუდიო ჩანაწერში სამსახურებრივი დავალდებულების ნიშნები მართლაც არ ჩანს“. ამის საწინააღმდეგოდ, გავრცელებულ აუდიოჩანაწერში ოზურგეთის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ვაშაყმაძე განუმარტავს შეხვედრის მონაწილეებს, რომ მათ ევალებათ ხელისუფლების მაღალჩინოსნების ჩამოსვლისას მათ მიერ მმართველი პარტიის მხარდამჭერი 10-მდე ადამიანის მობილიზება და მათი შეხვედრაზე გამოყვანა. ამას გარდა, ვაშაყმაძის მიერ მონაწილეებისადმი შეხვედრის შინაარსის გასაიდუმლოების მოთხოვნა უწყებათაშორისი ჯგუფის მიერ იმით არის ახნილი, რომ „მათ არ სურდათ წინასაარჩევნო რეჟიმში გადასვლის შესახებ ინფორმაცია კონკურენტებისთვის ხელმისაწვდომი გამხდარიყო.“ თუმცა, გაუგებარია, პარტიის ოფისში პარტიულ და საარჩევნო თემატიკაზე საუბრის გასაიდუმლოება და ამის სანაცვლოდ იმის გაცხადება, რომ პარტიის ოფისში ვითომდა ქალაქში მიმდინარე პროექტებზე საუბრობდნენ. სწორედ ეს შეუსაბამობები და აუდიოჩანაწერის მთლიანი შინაარსი გვაფიქრებინებს, რომ ეს შეხვედრა მართლაც საჯარო სივრცეში ხორციელდებოდა კანონდარღვევით. აქედან გამომდინარე, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ამგვარ რეკომენდაციას დადებითი გავლენის მოხდენა შეუძლია წინასაარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაზე.
_ როგორ ფიქრობთ, ამ რეკომენდაციებს გაითვალისწინებს გამგეობა და გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი, რომელიც ამავე დროს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეა?
_ რეკომენდაციების გათვალისწინება მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება, თუ მართლაც იარსებებს ხელისუფლების პოლიტიკური ნება, რეალურად აღმოფხვრას ადმინისტრაციული რესურსების არამიზნობრივად გამოყენების ფაქტები. ეს კი მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ ადეკვატური რეაგირება მოყვება დარღვევის თითოეულ ფაქტს და სამაგალითოდ აგებს პასუხს თითოეული კანონდამრღვევი. ასეთი პრეცედენტები, სამწუხაროდ, უმნიშვნელოა.
_ საზოგადოებას აინტერებს, როდესაც ილია ვაშაყმაძე მოსახლეობას ხვდება, მაშინ დაპირებები, გამოსვლები და ა.შ. როგორ მიიღოს ხალხმა, როგორც გამგებლისგან თუ როგორც პარტიის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარისგან?
_ ძალიან ძნელია ამ ზღვრის დანახვა – სად იწყება პარტიული საქმიანობა და სად მთავრდება მისი საჯარო უფლებამოსილება. აუდიო ჩანაწერის მიხედვით, როდესაც ვაშაყმაძე პარტიული დავალებებს გასცემს, იქვე დასძენს, რომ მათ ეყოლებათ ადამიანები, ვინც გადააკონტროლებს მათ მიერ მობილიზებული ხალხის თანამდებობის პირებთან შეხვედრებზე გამოცხადების სისრულეს. აქედან გამომდინარე, როდესაც პირი თავად არ ცდილობს, ზღვრის გავლებას პარტიულ საქმიანობასა და სამსახურებრივ უფლებამოსილებას შორის, უფრომ მეტიც, ზეწოლასაც ახდენს მისდამი დაქვემდებარებულებზე, ძალიან ძნელია იმის წარმოდგენა, რომ საზოგადოება მოახერხებს ამ ზღვარის გავლებას.
_ და ბოლოს, “საერთაშორისო გამჭვირვალობა _ საქართველო” აქტიურად მუშაობს არჩევნებთან დაკავშირებით, რა სახის შემთხვევებს აქვს ადგილი რეგიონებში და რა რეაგირება ხდება აღნიშნულ ფაქტებთან დაკავშირებით?
_ ადმინისტრაციული რესურსების არამიზნობრივი გამოყენების კუთხით, უკვე არაერთი ინფორმაცია მივიღეთ საჯარო მოსამსახურეების მიერ უფლებამოსილების გადაჭარბების და მათდამი დაქვემდებარებულებისთვის პარტიული დავალებების მიცემის შესახებ. ამას გარდა, აშკარა ტენდენციაა გამოკვეთილი სახელმწიფო ბიუჯეტიდან საარჩევნოდ მოტივირებული ხარჯების გაწევის კუთხით. ამის შესახებ შემდეგ კვირაში უფრო ვრცელი ანგარიში გვექნება. პოლიტიკური ნიშნით ზეწოლის შემთხვევებიც ხშირია და ამაზეც ახლო მომავალში გამოვცემთ ანგარიშს.