”რამდენიმედღიანი წვიმების შედეგი მძიმე აღმოჩნდა, პროექტის შეცვლა მოგვიწევს, რადგან ის რაც უნდა აღდგენილიყო, ჩამოიშალა და აღარ არსებობს. 4 ივნისს, როდესაც ჩვენ ეს კოშკები ვნახეთ, განსხვავებული ვითარება იყო. მაშინ, ჯერ კიდევ შესაძლებელი იყო კოშკების აღდგენა, მაგრამ ეხლა უნდა დაიშალოს და ხელახლა აშენდეს”
კომპანიის წარმომადგენლებმა შატილი 4 ივნისს მოინახულეს, გეგმაც შეადგინეს, თუმცა ტენდერის გამოუცხადებლობისა და თოვლის გამო სამუშაოების დაწყება შეფერხდა.
გაჩეჩილაძე აცხადებს რომ ყველაზე მძიმე მდგომარეობა 43-ე, 44-ე და 45-ე კოშკებზეა, დაზიანებულია მე-4 და მე-6 კოშკიც. სამუშაოების დაწყება თუ დროულად არ განხორციელდა, და ეს კოშკები ბოლომდე ჩამოიშალა, ციხე-ქალაქს იერი დაეკარგება.
”სამწუხაროდ, კოშკების დაშლა მოგვიწევს, რომ არ დავშალოთ ფილები, რითაც კოშკია ნაგები, დაზიანდება და ვეღარ გამოვიყენებთ. ამ შემთხვევაში, დასანგრევია 43 კოშკი, რადგან 44 ისედაც აღარ არსებობს, თუ არ ჩავთვლით 2 კედელს, რაც შემორჩა,” _ აცხადებს ნუგზარ გაჩეჩილაძე„ გურია ნიუსთან“ საუბარში.
შატილის კომპლექსში შემავალი კოშკების მდგომარეობა რომ სავალალო იყო, ამის შესახებ ინფორმაცია კარგა ხანია ვრცელდება, თუმცა დუშეთის გამგებელი და კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტო, ამ დრომდე მხოლოდ უმნიშვნელო დაზიანებაზე საუბრობენ.
”შატილის კომპლექსს საფრთხე არ ემუქრება, კოშკის საყრდენი კედელი დანგრეული არ არის,, წინა მხარეს მხოლოდ რამდენიმე ქვა ჩამოვარდა“ _ აცხადებს მედიასთან დუშეთის გამგებელი ბესიკ შაღაშვილი.
”შატილში გაგზავნილმა ექსპედიციამ არსებული სიტუაცია შეამოწმა და გაირკვა, რომ სამხრეთის ნაწილში იყო ქვების ცვენა და ერთი კედელი ჩამოიშალა, – ამ ინფორმაციას კი დღეს უკვე კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
შატილის რებილიტაციის აუცილებლობის საკითხი დღის წესრიგში შარშანაც იდგა. 2011 წელს, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს მიერ შემუშავებული პროექტი #43 კოშკის დაშლას და ხელახალ აშენებას ითვალისწინებდა. ამისათვის კოშკი მოექცეოდა ლითონის გარსაცმში და მისი დაშლა ბანიდან დაიწყებოდა. 2012 წელს სააგენტომ გეგმა შეცვალა და კოშკის დაშლისა და ხელახლა აწყობის ნაცვლად, მისი არსებულ მდგომარეობაში გაამაგრება გადაწყვიტა.
”წინადადება ფრიად სარისკოა, თუმცა მარტივი გზებით მნიშვნელოვანი ტექნიკური ამოცანის გადაწყვეტა შეუძლებელია” ნათქვამია დასკვნაში” შატილის ციტადელის კოშკების მზიდი კონსტრუქციების ტექნიკური მდგომარეობის შესახებ.”
1 თვის წინ, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ, შატილის ავარიული კოშკების სარეაბილიტაციო სამუშაოებზე ელექტრონული ტენდერი გამოაცხდა. ტენდერში მონაწილეობა ერთადერთმა კომპანიამ შპს „კონსტრუქტორი 2012“ მიიღო. შატილის სამი კოშკის რეაბილიტაციის ღირებულება სააგენტომ 60 ათასი ლარით განსაზღვრა.
აღსანიშნავია, რომ ”კონსტრუქტორი 2012” მიმდინარე წლის თებერვალში დარეგისტრირდა და უკვე მოასწრო ერთი 60 ათას ლარად ღირებული პროექტის დასრულება _ მიწისძვრით დანგრეული სურბნიშნის ტაძრის აღდგენა.
შატილის კომპლექსი 80 – დე კოშკსა და 2 ციხეს მოიცავს. ქართული სამშენებლო ხელოვნების ეს უნიკალური ძეგლი 2007 წლის 24 ოქტომბრიდან იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის საცდელ სიაშია შეტანილი. შატილი უნიკალურია განაშენიანების საინჟინრო გადაწყვეტილებით, ციხე-ქალაქი აგებულია ფიქალის ფირფიტებისგან დუღაბის გარეშე.
”კონსტრუქტორი 2012” – ის დირექტორი აცხადებს, რომ ნგრევამ სამუშაოების შესრულება კიდევ უფრო გაართულა, თუმცა ძეგლისთვის პირვანდელი იერსახის შეუნარჩუნების პირობას დებს.