დღეისთვის ოზურგეთის მუნიციპალიტეტში სასაკლაოები არსად არის და არც არავის უნახავს, სადმე მშენებლობა დაეწყოთ. პირუტყვის დაკვლა კვლავ კარდაკარ ხდება, ვეტექიმის ადგილზე მისვლით. არავინ ფიქრობს, დასაკლავად საჭირო ფართობის გამოყოფას. გარდა ამისა, დაკვლამდე აუცილებლად ჩასატარებელ დათვალიერებას არავინ ახდენს. ვერავინ გეტყვით, ჩატარებული აქვს თუ არა პირუტყვს აცრა, ამის დადასტურება მხოლოდ ზეპირი განცხადებით ხდება. მხოლოდ გარეგნული დათვალიერებით, ვერავინ მიხვდება, არის თუ არა დაავადებული პირუტყვი ვთქვათ, ბრუცელოზით ან სხვა დაავადებით.
“გურია ნიუსი” ოზურგეთში არსებულ ხორცის სახლსა თუ მაღაზიებში არსებულ სექციებს ეწვია. უმეტესად გვპასუხობენ, რომ “უფროსი” ადგილზე არ არის, ასახელებენ ლაბორატორიის მისამართს, მაგრამ ხელთ არავის აქვს დათვალიერების აქტი ან სხვა დოკუმენტაცია, რასაც იმით ხსნიან, რომ “ბუღალტერი გასულია”.
“ხორცის სახლი” ოზურგეთში, გურიის ქუჩაზე, # 12-ში მდებარეობს. ადგილზე მომუშავე ხორცის გამყიდველებმა თავდაპირველად სახელისა და გვარის გამხელა არ ისურვეს, შემდეგ კი გვითხრეს, რომ, პასუხის გაცემა ჩვენი საქმე არ არის, მოვა უფროსი, ახლა შვილის გამოცდებზეა და არ სცალიაო.
_ ჩვენთან სულ “ასობი” ხორცია, დეკნის, მთის საქონლის, სურების, ნახეთ, რა კარგია, _ ამბობს ერთი მათგანი, ვლადიმერ გოგუაძე.
_ სად, რომელ სოფელში დაკალით, ბოლოს ძროხა და ვინ არის პატრონი?
_ ქალი ცერცვაძე უნდა იყოს, რობერტი მეთხილეა სოფელ ოზურგეთში.
_ ვეტექიმი გახლდათ?
_ კი, იყო, აბა?! ხომერიკი დადის.
_ კიდევ სად დაკალით პირუტყვი?
_ ბუკისციხეში დავკალით, ნესტორ მახარაძის ოჯახში.
_ ექიმი იქაც გახლდათ?
_ კი, იყო, კეკელიძეა იქ, ერთი.
_ მოქალაქეები გვაწვდიან ინფორმაციას, რომ ვეტექიმები ადგილებზე არ მიჰყვებიან ყასბებს…
_ ამოწმებს ექიმი ლაბორატორიაში, არის ამის საბუთები. მოვა უფროსი.
სამწუხაროდ, არავინ მოსულა ადგილზე, ხოლო დათვალიერების აქტი და სხვა დოკუმენტაცია, “ბუღალტერს აქვს, რომელიც გასულია”.
გურიის ქუჩაზე #35 მაღაზიაში, სადაც მხოლოდ ხორცი იყიდება, გამყიდველი ამირან მაჭარაშვილი გვესაუბრა:
_ დღეს მე გასაყიდად მაქვს სოფელ ორმეთში დაკლული ძროხის ხორცი. გუშინ საღამოს დავკალით. დაკვლის დროს ადგილზე ექიმი არ მიგვყვება, მაგრამ აქ როცა ჩამოვიტანთ, მაშინ აუცილებლად ხდება შემოწმება. ამოწმებს ექიმი ზვიად მგელაძე. შარშან ჩვენ თვითონ მიგვყავდა ოჯახში ექიმი, მაგრამ ახლა ამას ვეღარ ვახერხებთ, რადგან ძალიან ძვირი ჯდება ეს ყველაფერი. თუ რაიონიდან გავდივართ, მაშინ კი კეთდება ფორმა # 2 ან საკარანტინო წესები თუ არის შემოღებული, მაშინ, რა თქმა უნდა, ექიმი მიგვყავს.
_ კანონით რომ ვალდებული ხართ, ექიმი ადგილზე მიიყვანოთ?!
_ ძნელია ეს ყველაფერი. ადგილზე როცა მოვიტანთ დაკლულ პირუტყვს, ექიმი ლაბორატორიაში ახდენს სათანადო შემოწმებას. ადრე ყველა სოფელს ჰყავდა ვეტერინარი.
ძველ ბაზარში მდებარე ხორცის მაღაზიებშიც ანალოგიური მდგომარეობა დაგვხვდა, მსგავსი პასუხებით:
_ სასაკლაოზე ვინ მიიყვანს პირუტყვს, რომც იყოს, სად აქვს გლეხს მაგის საშუალება?! ორ სოფელში რომ იყოს ერთი ვეტერინარი, შეიძლება ასე საქმეს მოევლოს და როცა რაიონში მხოლოდ ერთი ვეტექიმია, რა უნდა ქნას ამ ერთმა კაცმა? აქ, ადგილზე, დაკლულს როცა მოვიტანთ, ნამდვილად ხდება შემოწმება. ხშირად მოდის ექიმი, _ გვითხრეს თამაზ ჯიბლაძემ და ზაზა გოლიაძემ.
_ ასე ხომ ადვილი შესაძლებელია, ვთქვათ, ძროხა მოპარული ან დაავადებული იყოს?
_ რას ჰქვია მოპარული? აგერ ძროხის თავი ჩამოკიდული მაქვს მთელი დღის განმავლობაში, რომ რაიმე იყოს და მოვიდეს ვინმე. ექიმი კი სულ დადის.
_ ახლა ლაბორატორიული დასკვნა თუ გაქვთ ხელთ?
_ საბუთები ყველაფერი ბუღალტერთანაა, ახლა გასულია.
ვეტექიმმა მანანა ერქომაიშვილმა “გურია ნიუსს” უთხრა, რომ ლაბორატორიები მუშაობს აღმაშენებლის ქუჩაზე, “მოდერნში” და ხორცის სახლში:
_ მართალია, ადგილზე დაკვლის დროს, ვერ მიდის ექიმი, ეს პრობლემებთან არის დაკავშირებული, მაგრამ აქ მუდამ ხდება შემოწმება, ორგანოლეპტიკური გამოკვლევა, იკვეთება ჯირკვლები, ხდება ლიმფური კვანძების დათვალიერება.. თუ რამ საეჭვოა, მაშინვე იგზავნება საველე ლაბორატორიაში, ექადიაზე.
_ ბოლოს როდის მოხდა საველე ლაბორატორიაში სინჯის გაგზავნა?
_ ეს კარგა ხანია, არ მომხდარა.
_ რატომ არ მიყვება ვეტექიმი სოფელში თუ სხვაგან იმ პირებს, ვინც პირუტყვი უნდა დაკლას?
_ ადრე იყო ისე, რომ მიყვებოდა. ახლა არ არის ბევრი ექიმი. მხოლოდ ერთია ვეტექიმი, ჯუმბერ ხომერიკი და მას სხვა ფუნქციაც ხომ აქვს?! ახლა აღარც არის ამდენი შტატი.
ჩვენი წყაროები მიუთითებენ, რომ ხშირად ხდება ჯანდაკი ძროხის ან ავადმყოფი ღორის დაკვლა. ერთ-ერთ მაღაზიაში, სადაც ღორის ხორცი იყიდებოდა, დაკვლის ადგილად დაასახელეს სოფელი, სადაც ახლახან ორ ოჯახში ღორის სიკვდილიანობას ჰქონდა ადგილი. სოფლებში ხშირია საქონლის ქურდობის ფაქტებიც. ეს ყველაფერი კი დიდ ეჭვს იწვევს მოსახლეობაში, რომ ხშირად არაჯანსაღ პროდუქტს ვიძენთ.
ამ თემას ჩვენ კვლავ მივუბრუნდებით.