ფესტივალი პირველად 1998 წელს გაიმართა, რომელიც იმერეთის რეგიონს მოიცავდა. იგი იმდენად წარმატებულად აღმოჩნდა, რომ მასშტაბები გაფართოვდა და 2001 წელს ჩატარდა პირველი საგალობლების ფესტივალი, რომელიც სრულიად საქართველოს მოიცავდა.
ფესტივალს ბევრი მხარდამჭერი გამოუჩნდა, მათ შორის საქართველოს კულტურის სამინისტრო და ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი. კულტურის სამინისტრომ გამოსცა განკარგულება, რომ ყოველ სამ წელიწადში ჩატარდეს იგი.
წელს, რიგით მეოთხე ფესტივალში ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრთან არსებული მგალობელთა გუნდი “ამაღლება” (ხელმძღვანელი ლალი კორიფაძე) მონაწილეობდა.
“ამაღლების” ყველა წევრს გადაეცა სიგელი და ქართული საგალობლების კრებული. ნაჩვენები იქნა ნანა ჯანელიძის ფილმი “გალობის რაინდები”.
ლია ვეშაპიძე, ფესტივლის დამფუძნებელი და ორგანიზატორი: _ განსაკუთრებული მადლობა მინდა ვუთხრა ჩოხატაურელებს, რომლებმაც ფესტივალში წარმატებით მიიღეს მონაწილეობა. “ამაღლებამ” შესანიშნავად იგალობა. დასასრულს, ყველა მონაწილის მიერ შესრულებულმა “მრავალჟამიერმა” ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. “ამაღლება” კი ყველაზე წარმატებული და მართლაც ამაღლებული იყო.
ნანა ვალიშვილი, ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის მუსიკის მიმართულების ხელმძღვანელი: _ ძალიან მოხარული ვარ, რომ ტრადიციად იქცა ფესტივალის ჩატარება. ფესტივალი მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისითაც, რომ ანსამბლებმა მნიშვნელოვნად გააუმჯობესეს საშემსრულებლო დონე. სასიამოვნო სურათი იხატება ქართული გალობის აღორძინებისა და განვითარების თვალსაზრისით. ფესტივალი მნიშვნელოვანია იმითაც, რომ ხდება შემოქმედებითი გამოცდილებების გაზიარება, სხვადასხვა ანსამბლების წევრები ეცნობიან ერთმანეთს. ამასთანავე მუშაობს სპეციალისტთა ჯგუფი _ შევხვდით მგალობელთა რეგენტებს, მოვისმინეთ, რა პრობლემები აქვთ. მათი მოსაზრებები აუცილებლად იქნება გათვალისწინებული. ჩოხატაურმა ძალიან გვასახელა _ იმედი მაქვს, რომ ისინი კიდევ უფრო მეტს მიაღწევენ.