“მ.წ. 25 ივლისს, კოალიცია “ქართული ოცნების” აქტივისტები წააწყდნენ მორიგ უკანონო ქმედებას, რომელიც მიმართული იყო ბ-ნი ბიძინა ივანიშვილის და ჩვენი კოალიციის წინააღმდეგ. კერძოდ, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატანებში, ერთ-ერთი საბავშვო ბაღის ხელმძღვანელი ქალბატონი ცარიელ თაბახის ფურცლებზე მოსახლეობაში აგროვებდა ხელმოწერებს და მოქალაქეთა პირად ნომრებს, თითქოსდა ბ-ნი ბიძინა ივანიშვილის და “ქართული ოცნების” სახელით, ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის მხარდასაჭერად. მას შემდეგ, რაც პროცესში ჩაერთნენ ჩვენი აქტივისტები და დააფიქსირეს, რომ ამ პროცესს არანაირი კავშირი არა აქვს “ქართულ ოცნებასთან”, ქალბატონმა განაცხადა, რომ მას შეეშალა და ეგონა, რომ აღნიშნული პარტია კოალიციაში შედიოდა. ამ ქალბატონმა ადგილზევე, ჩვენი წარმომადგენლების თხოვნით წერილობით დაადასტურა მომხდარი ფაქტი. მან ასევე დაადასტურა, რომ არის საბავშვო ბაღის ხელმძღვანელი და “ნაციონალური მოძრაობის” აქტივისტი. აღნიშნული დოკუმენტის დედანი გადაეგზავნა კოალიციის შტაბს თბილისში, სათანადო რეაგირებისთვის და ამ ეტაპზე ჩვენ არ გავახმაურებთ არც ამ ქალბატონის და არ იმ პარტიის ვინაობას, რომლის სასარგებლოდაც ქალბატონი ეწეოდა აგიტაციას ბ-ნი ბიძინა ივანიშვილის და “ქართული ოცნების” სახელების გამოყენებით.
აღვნიშნავთ, რომ ცარიელ ფურცლებზე ხელმოწერების ფაქტები დაფიქსირდა ორი დღის წინათაც, ქალაქ ოზურგეთში. როგორც ჩანს, ეს “ქართული ოცნების” წინააღმდეგ გამოგონილი ახალი ტრიუკია, რაც ამ დღეებში აქტიურად გამოიყენება.
მოგმართავთ ჩვენს თანმამოქალაქეებს, გამოიჩინოთ მაქსიმალური სიფრთხილე და არასდროს მოაწეროთ ხელი ცარიელ ფურცლებზე, რადგანაც ეს შესაძლებელია შემდგომში თქვენს წინააღმდეგ კომპრომატად იქნეს გამოყენებული. ასევე გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ “ქართული ოცნების” სახელით წინასაარჩევნო კამპანიას და ნებისმიერ აქტივობას ადგილებზე წარმართავენ ჩვენი კოორდინატორები და აქტივისტები, რომელთაც მოსახლეობა კარგად იცნობს. მსგავსი ფაქტების განმეორების შემთხვევაში, გთხოვთ. სასწრაფოდ შეატყობინოთ კოალიციის შტაბს,” _ აღნიშნულია განცხადებაში.
“გურია ნიუსი” ამ თემაზე მოკვლევას აგრძელებს და დამატებით დეტალებს მოგვიანებით შემოგთავაზებთ.