“მეტი სარგებელი ხალხს!” _ ამ სლოგანით მმართველი პარტია დაახლოებით 2 მილიონ ბენეფიციარს დაზღვევის მართლაც უპრეცედენტო პაკეტს სთავაზობს.
თუმცა აღმოჩნდა, რომ გაფართოებული მომსახურების სანაცვლოდ დაზღვეულებს სრულიად უსამართლოდ შეეზღუდათ მზღვეველის არჩევის უფლება, მაშინ როდესაც სახელმწიფო დაზღვევის აქამდე არსებული ე.წ უმწეოთა დაზღვევის პროგრამა 2013 წლიდან ბენეფიციარებს საკუთარი მზღვეველის არჩევის საშუალებას აძლევს. ამ ორ პროგრამას შორის სხვა შეუსაბამობაცაა. სახელმწიფო უფრო მაღალშემოსავლიან სეგმენტს გაცილებით მრავალფეროვან და ფართო სადაზღვევო პაკეტს სთავაზობს, ვიდრე სოციალურად დაუცველებს. მაგალითად, პრევენციულ სამედიცინო მომსახურებას, მამოგრაფიას, ულტრასონოგრაფიას, ტომოგრაფიას, პალიატიურ მკურნალობას უკურნებელი სენით დაავადებული პაციენტებისათვის და სხვა.
“აქ ჩნდება ორი კითხვა: რატომ უნდა მოიცავდეს უფრო მაღალშემოსავლიანი სეგმენტისთვის განკუთვნილი სახელმწიფო დაზღვევის პროგრამა უფრო დაბალშემოსავლიანი სეგმენტისთვის განკუთვნილ პროგრამაზე უფრო მრავალფეროვანი მომსახურების პაკეტს?
რატომ ეძლევათ სახელმწიფო დაზღვევის ერთი პროგრამის ბენეფიციარებს მზღვეველის არჩევის საშუალება, ხოლო მეორე პროგრამისას _ არა?
მიგვაჩნია რომ საქართველოს მთავრობამ ან უნდა დაასაბუთოს ეს განსხვავებული მიდგომა ან აღმოფხვრას ეს შეუსაბამობები,” _ აცხადებს “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” მკვლევარი მიშა კუკავა.
2012 წლის მაისის მდგომარეობით ამჟამინდელ სახელმწიფო პროგრამის ბენეფიციართა 89% სოციალურად დაუცველია რომელთა სარეიტინგო ქულა 70 000-ს არ აღემატება.
საერთაშორისო გამჭვირვალობის მიერ ჩატარებულმა სადაზღვევო პოლიტიკის კვლევამ აჩვენა, რომ სახელმწიფო დაზღვევის პროგრამაში ის ადამიანებიც ხვდებიან, რომელთა შემოსავალიც ამ პროგრამისათვის დაწესებულ ზღვარზე ბევრად მაღალია.
” სახელმწიფო დაზღვევის 252 ბენეფიციარიდან რომელიც ჩვენმა კვლევამ მოიცვა, 40-მა განაცხადა რომ მათი თვიური ხელფასი 401-დან 3000 ლარამდეა, ხოლო 20-ის თქმით მათი თვიური ხელფასი 300-400 ლარია. ჩვენი აზრით ეს სიცრუეა, რადგან ბენეფიციარები
სადაზღვევოს სქემიდან ამოვარდნის შიშით ნამდვილ შემოსავალს მალავენ. აქედან გამომდინარე, მათი შემოსავალი უფრო მაღალი უნდა იყოს”, _ აცხადებს მიშა კუკავა.
კვლევამ აჩვენა, რომ სახელმწიფო დაზღვევის პროგრამაში არსებული დაახლოებით 144 ათასი ბენეფიციარის შემოსავალი აღემატება პროგრამისთვის დადგენილ ზღვარს და შესაბამისად პროგრამისთვის გამოყოფილი თანხის არამიზნობრივი ხარჯვა ხდება. აშკარაა რომ ეს ადამიანები სახელმწიფო დაზღვევის პროგრამაში სხვადასხვა თაღლითური გზებით მოხვდნენ.
სახელმწიფო დაზღვევის პროგრამაში ამაზე გაცილებით მძიმე დარღვევებიც აღმოჩნდა, რაც სახელმწიფო აუდიტის ანგარიშებმაც დაადასტურა. რამდენიმე მათგანი აშკარა დანაშაულის ნიშნებს შეიცავდა, მაგრამ მთავრობამ ამ საქმეებზე თვალი დახუჭა და “თანხის მიმთვისებელ სადაზღვევოებს” საავადმყოფოების აშენება აიძულა.
მაგალითად, სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა გამოავლინა , რომ სახელმწიფო დაზღვევის პროგრამის მონაწილე მზღვეველებს კონტრაქტების 75% დაგვიანებით ჰქონდათ გაფორმებული. მაშინ როცა სახელმწიფო კონტრაქტის მთელი ვადის განმავლობაში სადაზღვევო პრემიას იხდიდა. აუდიტის სამსახურმა დაზღვევის მონაცემთა ბაზაში 13,400 ბენეფიციარს საერთოდ ვერ მიაგნო. სახელმწიფო დაზღვევის პროგრამაში აღმოჩნდა სოციალური მომსახურების სააგენტოს 91 თანამშრომელი და მათი ოჯახების წევრები (სულ 430 ადამიანი). მათ სასარგებლოდ გადახდილი სადაზღვევო პრემია 109,925 ლარს შეადგენდა, ხოლო 3.703 მილიონი ლარი იმ 17,690 ბენეფიციარისთვის იყოს გადახდილი, რომლებიც მონაცემთა ბაზაში შეტანის დროისთვის გარდაცვლილები იყვნენ. გარდა ამისა, სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა დაადგინა, რომ 1842 ბენეფიციარი ორჯერ იყო მონაცემთა ბაზაში შეტანილი და მათ სასარგებლოდ გადახდილი სადაზღვევო პრემია 145,171 ლარს უდრიდა
საქართველოს მთავრობის №218 დადგენილება ორმაგი დაზღვევის საშუალებას იძლეოდა, რის შედეგადაც მილიონობით ლარი გაიფლანგა. 3,255 სამხედრო მოსამსახურე და მათი ოჯახის წევრები (სულ 15,359 ადამიანი) დაზღვეულები იყვნენ როგორც თავდაცვის სამინისტროს, ასევე სახელმწიფო დაზღვევის პროგრამის ფარგლებში და სადაზღვევო პრემიის სახით, მხოლოდ 2010 წლის ივლისიდან 2011 წლის იანვრამდე, მათ სასარგებლოდ 224,446 ლარი იქნა გადახდილი. გარდა ამისა, საშუალო სკოლების 3,183 თანამშრომელი იყო დაზღვეული როგორც განათლების სამინისტროს, ასევე სახელმწიფო დაზღვევის პროგრამის ფარგლებში და ამ ორმაგი დაზღვევის ღირებულებამ 904,567 ლარი შეადგინა.
მიუხედავად იმისა რომ სახელმწიფოს აქვს დაზღვევის პროგრამაში არასათანადო ბენეფიციარების გამოვლენის მექანიზმი, ის ამ საშუალებას მხოლოდ გარკვეულ შემთხვევებში იყენებს, მაგალითად, როდესაც პოლიტიკურად არასაიმედო პირებს იღებს ამ პროგრამიდან ან ემუქრება, რომ ამგვარი ქმედებით დაკარგავენ სახელმწიფო შეღავათებს.
გარდა ამისა, ხელისუფლება არასოდეს ახდენს მის მიერ განხორციელებული პროგრამების მონიტორინგს, არ აფასებს დაშვებულ შეცდომებს, არ ითვლის დახარჯული თანხის მიზანშეწონილობას.
ამის ერთ-ერთი ნათელი მაგალითია სასწრაფო დახმარების გამოძახებათა აღრიცხვა. როგორც ირკვევა ვარშავაში, რომლის მოსახლეობაც 4 მილიონია, ყოველდღიურად სასწრაფო
დახმარების 600 გამოძახება აღირიცხება, ხოლო 1.1-მილიონიან თბილისში _ 1500.