მანქანაზე მომსახურე პირებისა და გაზის შემომტანი ინდმეწარმეებისთვის ცნობილი არ არის, როდიდან მოხდება თხევადი გაზის შემოტანა.
ერთ-ერთი ვერსიით, წელიწადში ერთხელ, თხევადი გაზის დასატუმბი ქარხანა, რომელიც ბაქოში მდებარეობს, პროფილაქტიკური სამუშაოების გამო ერთი თვით წყვეტს მუშაობას. სწორედ ამ მომენტს იყენებენ გაზის შემომტანი კომპანიები და გაზის ფასის კორექტირებას საკუთარი ბიზნესის სასარგებლოდ ცდილობენ: _ მარტივად რომ ვთქვათ, ყოველწლიურად თხევადი გაზის ფასი მხოლოდ იმიტომ იზრდება, რომ ბაქოს გარდა, ამიერკავკასიაში არ არსებობს თხევადი გაზის დასატუმბი ქარხანა და მხოლოდ საკუთარ მოგებაზე ორიენტირებული ბიზნესმენები ამით სარგებლობენ, _ მიიჩნევს ერთ-ერთი ინდმეწარმე, თუმცა, ეს მხოლოდ მისი პირადი ვარაუდია. რასთან გვაქვს საქმე სინამდვილეში, ამის დადგენა ლანჩხუთში შეუძლებელი აღმოჩნდა.
გაზის დასატუმბი მანქანების აბსოლუტური უმრავლესობა ლანჩხუთში დღეს არ მუშაობს. მასზე მომსახურე პირები ამბობენ, რომ არ გააჩნიათ კომპეტენცია, ამ საკითხის ირგვლივ წამოჭრილ კითხვებს უპასუხონ.
ქალაქში მოარული ხმებით, თხევადი გაზის რეალიზაცია უკვე ახალი, გაძვირებული ტარიფებით მოხდება და კილოგრამზე 4.5 ლარს მიუახლოვდება. ამ ხმებს ზოგი ინდმეწარმე ადასტურებს, ზოგიც თავს იკავებს. ეს ხმები რომ ახლოა სიმართლესთან, გუშინ ამაში თვითონ დავრწმუნდით _ ქობულეთში თხევადი გაზის დასატუმბ ერთადერთ მოქმედ მანქანაზე კილოგრამი გაზი 4 ლარი ღირდა.
წინასაარჩევნოდ პური უკვე გაძვირდა. სავარაუდოდ, მალე თხევადი გაზის ფასიც მოიმატებს. მთავრობა, რომელიც არჩევნებამდე 2 თვით ადრე ძალიან “გაჰუმანურდა”, ალბათ დაფიქრდება, ღირს თუ არა ისედაც ძალზე შეჭირვებული ამომრჩევლის კიდევ უფრო გაღიზიანება არჩევანის გაკეთების წინ.