ასოციაცია “ჭიათურელთა კავშირის” წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ მიუხედავად იმისა, რომ “ჯორჯიან მანგანეზში” მომუშავე ადგილობრივ მოქალაქეთა რაოდენობა გაიზარდა, რაც მათ ოჯახებს თავის რჩენის მინიმალურ შესაძლებლობას მაინც აძლევს, მაგრამ წიაღისეულის მოპოვების პროცესი, ამ ეტაპისთვის, არანაირად არ შეესაბამება აღებულ ვალდებულებებს, საქართველოს კანონმდებლობას და საერთაშორისო შეთანხმებებს.
ასოციაციის ხელმძღვანელის შოთა გაფრინდაშვილი მიიჩნევს, რომ კარიერებზე აღდგენითი სამუშაოები არ ტარდება და განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობა უკვე “ჩამქრალ” კარიერებზეა შექმნილი:
_ მადნის მოპოვების შემდეგ, არ ტარდება ნიადაგის აღდგენითი სამუშაოები და არ ხდება მათი პირვანდელ ან მიახლოებულ მდგომარეობამდე აღდგენა, თუ არ ჩავთვლით მცირე მასშტაბის მექანიკურ-ტექნიკურ რეკულტივაციის მცდელობებს. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა შექმნილი უკვე “ჩამქრალ”, მიტოვებულ კარიერებზე, რომლის მექანიკურ-ტექნიკურ-ბიოლოგიური აღდგენა უკვე დიდი ხნის დაწყებული უნდა იყოს.
ასოციაცია “ჭიათურელთა კავშირის” მიერ მოკვლეული ინფორმაციით დგინდება, რომ ამგვარ უბნებს მიეკუთვნება: რგანის ზეგანი (კავთელაძეების უბანი); დარკვეთი (სხირტლაძეების უბანი); დარკვეთის მაღარო (სოფელი ზოდი, გიორგაძეების უბანი); მღვიმევის მაღარო (თაბაგრებისა და ხრამის უბნები); რგანის მაღარო (27-ე უბნის კარიერი); სტალინის მაღარო (პერევისა და ნაფაარცხევის უბანი); აკაკი წერეთლის მაღარო (საშევარდნოს უბანი ქალაქის თავზე); რგანი (ნაბარდევის უბანი).
ასოციაციამ ჯერ კიდევ ივნისში წერილობით მიმართა შპს “ჯორჯიან მანგანეზის” გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს გენადი ტიკვას, რომლითაც მოითხოვდა საჯარო გამხდარიყო რა რაოდენობის თანხაა გათვალისწინებული სარეკულტივაციო ღონისძიებებისთვის ან რატომ არ ჰყავს მუშახელი, არ აქვს შესაბამისი ტექნიკა რეკულტივაციის სამსახურს.
ასოციაცია ტიკვასთვის გაგზავნილ წერილში იმ უმძიმეს პრობლემებზე წერდა, რომლებიც ჭიათურაში ეკოლოგიის თვალსაზრისით დგას, თუმცა, დღემდე პასუხი არ მიუღია.