მან საუბრის დაწყებისთანავე საქართველოს დასაქმების მინისტრის გურიაში ამასწინანდელი ვიზიტი გაიხსენა და მის გამოსვლას გურულებისთვის შეურაცხმყოფელი უწოდა.
_ ეს არის მინისტრი ბრჭყალებში, ვისი აზრითაც, მთავარი პრობლემა დასაქმება კი არ ყოფილა, არამედ გურულების გაუნათლებლობა. მე მოვითხოვ, ბატონმა მინისტრმა _ პაატა ტრაპაიძემ ბოდიში მოუხადოს გურულებს შეურაცხყოფისთვის. მისი თქმით, თურმე, აქ გაუნათლებელი ხალხი ცხოვრობს. მე დებატებშიც მინდოდა მისი გამოწვევა. მსურს, თქვენი საშუალებით მივმართო და მოვუწოდო, მთელ გურიას ბოდიში მოუხადოს იმისთვის, რაც მან აკადრა გურულებს. რაც შეეხება წინასაარჩევნო პერიოდს, როგორც მიმდინარეობს იგი, კარგად ვიცი და მე, საკრებულოს დეპუტატმა, რომელსაც ხალხმა ნდობა გამოუცხადა, მინდა ვთქვა, რომ ხელისუფლებას ამ დროს სჭირდება, როგორც “შავი ფულის” ხელში ჩაგდება, ისე _ “თეთრი ფულისაც”. არსებობს ბიუჯეტი, ყულაბა, რომელიც განსაკუთრებით საარჩევნოდ ივსება. ამიტომ ხელისუფლება ცდილობს, შეავსოს ეს ყულაბა. ამიტომ ჩაატარეს უკანასკნელ ერთ კვირაში საკრებულოს სხდომა ორჯერ და თითქმის მილიონით შეავსეს ბიუჯეტი. 835 ათასი ლარი ჩაიდო საარჩევნო ყულაბაში და ხელისუფლება ცდილობს, არჩევნებამდე გააორმაგოს ეს რიცხვი. იწვევენ რიგგარეშე სხდომებს და ამბობენ, რომ შემოსავლები გაიზარდა და რაღაც ხომ უნდა მოუხერხონ ამ ფულს? სინამდვილეში საკრებულოს სხდომაზე შემოტანილი ბოლო ორი ცვლილება არის სიყალბე. 9 მილიონი იყო ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი და გახდა 17 მილიონი _ ამას ნაციონალური მოძრაობის ყულაბა ჰქვია.
მინდა ვიკითხო _ ყოველივე ამასთან რა კავშირი აქვს ინფრასტრუქტურის მინისტრს, რამაზ ნიკოლაიშვილს? ის დიდი ალბათობით მოიაზრება ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად, ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან. დარწმუნებული ვარ, მას დეპუტატობა არ სურს, რადგან მინისტრისთვის ეს დაქვეითებაა, თუმცა, ეს არის პრეზიდენტის სურვილი და გურიას კვლავაც განაგებს კორუმპირებული სამინისტროს ჩინოვნიკი, უხეში ადამიანი, რომელსაც არანაირი მიდგომა არ გააჩნია, როგორც კოლეგების, ისე, ადამიანების მიმართ.
ლელა ნაცვალაძემ ისაუბრა სკოლამდელი დაწესებულებებიდან თანამშრომელთა გათავისუფლების შესახებ: _ ყველა ის ადამიანი, ვისაც აქვს განსხვავებული აზრი, დევნილია ხელისუფლებისგან. ხელისუფლებამ სკოლამდელ დაწესებულებებში ქარბორბალასავით ჩამოიარა. ხელშეკრულება შეუჩერდა ბევრ აღმზრდელს, რომლებიც არ მოსწონს “ნაციონალები”, არ დადიან მათ მიერ დაკვეთილ შეკრებებზე _ ისინი გაათავისუფლეს სამსახურიდან. თუ მათ დააბრუნებენ უკან, დარწმუნებული ვარ, რომ მისცემენ დავალებას, ემსახურონ ნაციონალურ მოძრაობას, თუმცა მე მინდა, თქვენი საშუალებით ვუთხრა, რომ ამას ვერ შეძლებენ, _ თქვა მან.