ეს ბრძანება ანტონ ხუნდაძემ 2012 წლის 12 მარტს გამოსცა, თუმცა, საჯარო მას შემდეგ გახდა, რაც "გურია ნიუსი" დაინტერესდა, რატომ არ შეგვიშვეს ადმინისტრაციულ შენობაში 13 მარტს, მაშინ, როცა კონტროლის პალატა ჩოხატაურელებს გამგეობის კუთვნილ შენობაში დაკითხვებს უწყობდა. 13 მარტს, ჩვენ არათუ შენობაში შესვლის, არამედ, განცხადების დატოვების საშუალებაც არ მოგვცეს.
მოქალაქეთა მიღების წესი, ნათლად არის გაწერილი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის დებულების 117-ე მუხლში. აი, რა წერია აღნიშნულ მუხლში:
1. საკრებულოს თანამდებობის პირები ვალდებულნი არიან, კვირაში ერთხელ მაინც, საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით დამტკიცებული გრაფიკის შესაბამისად, მოაწყონ მოქალაქეთა მიღება.
2. საკრებულოს წევრი ვალდებულია, ამ დებულებით დადგენილი წესით, სამ თვეში ერთხელ მაინც, მოაწყოს შეხვედრა ამომრჩევლებთან ამ დებულების 128-ე მუხლით დადგენილი წესით.
3. საკრებულოს აპარატი უზრუნველყოფს მოქალაქეთა მიღების გრაფიკის გამოქვეყნებას და მოქალაქეთათვის მათ გაცნობას.
4. მოქალაქეთა მიღების გრაფიკში აღინიშნება საკრებულოს თანამდებობის პირის მიერ მოქალაქეთა მიღების დღე, მიღების საათები (არა ნაკლებ 6 საათი), შესვენების დრო, მიღების ადგილი, თითოეული მოქალაქისთვის გამოყოფილი დროის რეგლამენტი (არა ნაკლებ, 10 წუთი).
5. საკრებულოს თანამდებობის პირის მიერ მოქალაქეთა მიღებას აღრიცხავს და მოქალაქეთა მიღების ოქმს ადგენს საკრებულოს აპარატის თანამშრომელი. მოქალაქეთა მიღების ოქმში აღირიცხება მოქალაქეთა მიერ დასმული საკითხები.
6. მიღების საათების დამთავრების შემდეგ, საკრებულოს თანამდებობის პირი ეცნობა და ხელს აწერს მოქალაქეთა მიღების ოქმს. მოქალაქეთა მიღების ოქმი ინახება საკრებულოს აპარატში.
7. საკრებულოს აპარატი უზრუნველყოფს მოქალაქეთა მიღების ოქმში დაფიქსირებული საკითხების შესრულების კონტროლს და კანონით დადგენილ ვადებში აწვდის ინფორმაციას მოქალაქეს მის მიერ დასმული საკითხის გადაწყვეტის მიმდინარეობის შესახებ."
ეს ყველაფერი ოფიციალურად. თუმცა, როგორც ირკვევა, მოქალაქეთა მიღების ოქმს, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო არ ადგენს, რასაც საკრებულოს თავმჯდომარე, წერილობით ასე გვიმარტავს: "მოქალაქეთა მიღების ოქმების შედგენას ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ საქართველოს ორგანული კანონი არ ცნობს". არადა, ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ კანონის 43-ე მუხლში წერია, რომ სამართლებრივი აქტების მომზადების წესს დებულება განმარტავს. დებულებაში, კი როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, განმარტებულია, რომ მოქალაქეთა მიღების ოქმები უნდა შედგეს და ის საკრებულოს აპარატში ინახებოდეს.
საკრებულოში და გამგეობაში არც მოქალაქეთა მიღების გრაფიკები აქვთ.
"რაც შეეხება მოქალაქეების საკრებულოს თანამდებობის პირებთან მიღებას, იგი წარმოებს ყოველდღიურად, არა სამუშაო დღეების გარდა," _ გვწერს ხუნდაძე. თუმცა, ბოლო თვეებში "გურია ნიუსმა", არაერთი ფაქტი დააფიქსირა, როცა შენობაში, დახმარების თხოვნით მისულ მოქალაქეებს იმ მიზეზით არ უშვებენ, რომ ესა თუ ის ჩინოვნიკი სამსახურში არ იმყოფება.
ადმინისტრაციულ შენობაში შესვლა, განსაკუთრებით გართულებულია "გურია ნიუსის" ჟურნალისტებისთვის. რამდენიმე თვეა, შენობაში პრაქტიკულად არ გვიშვებენ; ყველაზე ხშირი საბაბი ის გახლავთ, რომ პირი, რომელთან შეხვედრასაც ვითხოვთ, "კაბინეტში არ იმყოფება".
მიუხედავად იმისა, რომ 14 აგვისტოს, უკლებლივ ყველა მოხელე სამსახურში იყო, შენობაში მაინც არ შეგვიშვეს. მოქალაქეთა მისაღებში საშვის გამოწერა ბევრჯერ ვითხოვეთ, თუმცა უშედეგოდ. გამგეობის პრესსამსახურსაც ვთხოვეთ, მინიმუმ სხდომათა დარბაზის გადაღების უფლება მოეცა, მაგრამ უარი გვითხრეს _ 14 აგვისტოს, მოქალაქები უსაშვოდ სპეციალურ თათბირზე შეუშვეს, რომელიც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ, ჯამბულ ბაკურაძემ ჩაატარა.
განგვიმარტეს, რომ ჩვენთვის არავის ეცალა, მათ შორის არც სოფლის მეურნეობის სამსახურის უფროსს, აკაკი ყაჭეიშვილს, რომელიც კაბინეტში იმყოფებოდა, მაგრამ ჩვენს მიღებაზე უარი განაცხადა. სამაგიეროდ, უპრობლემოდ შეუშვეს მის კაბინეტში "ნაციონალური მოძრაობის" მასურში გამოწყობილი ახალგაზრდა, თანაც უსაშვოდ.
14 აგვისტოს, ადმინისტრაციულ შენობაში, ათობით მოქალაქე საშვის გარეშე შეუშვეს და გამოუშვეს; არადა, ადგილობრივი ხელისუფლების მიერ მიღებული წესებით, მოქალაქე, რომელსაც საშვს გამოუწერენ, ვალდებულია, თანამდებობის პირს ხელი მოაწერინოს და შეხვედრის შემდეგ საშვი მოქალაქეთა მისაღებში უკანვე ჩააბაროს! აღსანიშნავია, რომ უსაშვოდ შეუშვეს ქალბატონი, რომლის წინააღმდეგ "გურია ნიუსმა" ჩოხატაურის საოლქო საარჩევნო კომისიაში, 2010 წლის თვითმმართველობის არჩევნების დროს საჩივარი შეიტანა. საჩივრის თანახმად, ქალბატონმა, გადასატანი ყუთის თანდართული ხელმოწერები გააყალბა. კომისიამ ჩვენი საჩივარი დააკმაყოფილა და ქალბატონს საარჩევნო სისტემაში მუშაობაც აუკრძალა, თუმცა, როგორც აღვნიშნეთ, ეს ქალბატონი ხელისუფლების ნდობას ისევ ინარჩუნებს. შესაბამისად, გამგეობაში უსაშვოდ გადაადგილდება.
ჩვენს კითხვაზე, რატომ უშვებენ მოქალაქეებს უსაშვოდ, მაშინ როცა ეს აკრძალვა მოქმედებს "გურია ნიუსისთვის", დაცვის სამსახურის წარმომადგენელი აცხადებს, რომ "ლაპარაკი არ იცის!" მართალია, ლაპარაკი იცის, მაგრამ ჩვენი შენობაში არშეშვების მიზეზი ვერც გამგეობის პრესმდივანმა, თეონა ჩიგოგიძემ განმარტა, რომელიც გვიმტკიცებდა, რომ შენობაში უსაშვოდ არავინ შედიოდა. თუმცა, ჩვენ არაერთი საწინააღმდეგო ფაქტი დავაფიქსირეთ და ქალბატონ ჩიგოგიძესაც ვაჩვენეთ, თუმცა, ეს საკმარისი მტკიცებულება არ აღმოჩნდა.