ქალბატონი კოალიციის რომელიმე წარმომადგენელთან, მაია ფანჯიკიძესთან ან მედია საშუალებებთან შეხვედრას ითხოვდა. სამწუხაროდ, აღელვებულ და ატირებულ ქალბატონთან კოალიცია “ქართული ოცნების” არცერთი წარმომადგენელი არ ჩამოსულა.
“გურია ნიუსს” მერი კიკნაძემ განუცხადა, რომ ის არის გოდერძი (კახა) კიკნაძის დედა. მისი შვილი #6 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იხდის სასჯელს და უვადო პატიმრობა აქვს შეფარდებული. კიკნაძის დედის განცხადებით, მის პატიმარ შვილს ციხეში საფრთხე ემუქრება.”
მერი კიკნაძე: “ჩემი შვილი #6 სასჯელაღსრულების ციხეში დიდი ხანია შიმშილობს. ძალიან ცუდი მდგომარეობა ჰქონდა. მშრალ შიმშილზე იყო. რამდენიმე ათასი წერილი გააგზავნა ზემდგომ ორგანოებში: სასჯელაღსრულების დეპარტამენტში, ჯონ ბასთან, ჭაკუასთან, წიკლაურთან, ადეიშვილთან, ზოდელავასთან, კალმახელიძესთან, სახალხო დამცველთან.
არცერთი წერილზე პასუხი არ მიუღია. ყველა გზაში დაბლოკეს თუ რა არის, არ ვიცი. მოვითხოვე წერილის კოდები, რომელიც მომცა ციხის უფროსმა. მერე მონიტორინგი შევიდა. მეც ვირბინე… არცერთი წერილი ადგილზე არ არის მისული. საერთოდ, წერილები გამქრალია. ჩემი შვილი შიმშილობს. ახლა მომივიდა ინფორმაცია, ჩემი შვილი უნდა მოკლან. თუ არ შეწყვიტავს შიმშილს, უნდა მიმაყოლონ მეც, როგორც გირგვლიანი იმსხვერპლეს დედამისთან ერთად.
მე არავისი არ მეშინია. ჩემი შვილი უდანაშაულოდ იხდის სასჯელს. რუსთავის ციხეში მოხდა დანაშაული, მოკლეს დიასამიძე. ეს გახლავთ ასლან აბაშიძის სიძე. ზუსტად არ ვიცი…
ჩემი შვილი მაშინ 20 წლის იყო. დაადეს იარაღი და უთხრეს: თუ შენ ამ საქმეს არ დაიბრალებ, მოგკლავთო. იცით, იმ დროს როგორ კლავდნენ?! პატარა იყო ჩემი, ისინიც პატარა კაცები იყვნენ, ახლა გახდნენ მინისტრები, თორემ…
ჩემი შვილი 13 წელია ზის. იქ რა მოხდა, რაზე დაადეს იარაღი, რატომ დააბრალეს არ ვიცი.
პირველი დანაშაული საჩხერეში ჩაიდინა, რისთვისაც 2001 წლის 12 ოქტომბერს გაასამართლეს. ადვოკატმა მითხრა, _ გაგიჟდა, კასაციას არ აწერს ხელს, მგონი რაღაც დანაშაული უნდათ ჩაადენინონ ორთაჭალის ციხეშიო. მართლაც, ჩემი შვილის გასამართლებიდან 4 დღეში, ციხეში მოხდა დანაშაული, მოკლეს დიასამიძე, რომელიც ჩემს შვილს თვალითაც არ დაუნახავს. ჯიბე გასქელებულმა მოსამართლე ქოიავამ ჩემს შვილს უვადო პატიმრობა გამოუტანა. ჩემს შვილს იარაღი დაადეს და ემუქრებოდნენ აქეთ ესენი, იქეთ _ კანონიერი ქურდები, გესმით რა ხდება?! დიასამიძე იყო ორი კანონიერი ქურდის და ორი მაღალჩინოსანი პოლიციელის მკვლელი. იქ ვინ შევიდა, ჩემს შვილთან, არ ვიცი. ხომ გეუბნებით, ვინც ურევია ამ საქმეში – კანონიერი ქურდები, რომელებიც სასამართლო დარბაზში ისხდნენ, როდესაც ჩემს შვილის ასამართლებდნენ.
ვითხოვ განაჩენს. განაჩენი გამქრალია. მივდივარ და არ მაძლევენ. ადვოკატს არ აძლევენ; უნდათ, რომ ჩემი შვილი მოკლან. მომივიდა ინფორმაცია, რომ უნდა მომიკლან შვილი. ბოლოს რომ შევხდი, მითხრა: ამდენს ვიბრძვი და თუ რამე მომივიდა, იცოდე, არ აპატიოო. ის ერთი შვილი მყავს, რომ მომიკლან რა ვქნა?!”
17 აგვისტოს, “გურია ნიუსმა” გოდერძი კიკნაძის საქმესთან დაკავშირებით კითხვით მიმართა სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს პრესსამსახურს თეა სუხიაშვილს, რომელმაც გაგვიცხადა: “კითხვები წერილობით ჩამოაყალიბეთ და პასუხს აუცილებლად მიღებთ”. აღნიშნული უწყებიდან პასუხი 10 დღის შემდეგაც არ არის.
“გურია ნიუსმა” პატიმრის დედის განცხადების შესახებ, სიტყვიერი განცხადებით მიმართა სახალხო დამცველის აპარატს. სახალხო დამცველის რწმუნებულები შევიდნენ პატიმარ გოდერძი (კახა) კიკნაძესთან. პატიმრის განმარტებით, #6 დაწესებულებაში ადგილი არ ჰქონია მისი უფლებების დარღვევას.
“გურია ნიუსი” უცვლელად გთავაზობთ სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლის, ნინო ერემაშვილის მიერ გამოგზავნილ განცხადებას.
გოდერძი კიკნაძის საქმესთან დაკავშირებით
2012 წლის 19 ივლისს, საქართველოს სახალხო დამცველის რწმუნებული იმყოფებოდა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის #6 დაწესებულებაში, სადაც შეხვდა და გაესაუბრა მსჯავრდებულ გოდერძი კიკნაძეს. მსჯავრდებულის განმარტებით, 2012 წლის 11 აპრილის შემდეგ, სხვადასხვა განცხადებებით მიმართა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ზედამხედველ პროკურორს, საქართველოს მთავარ პროკურორს, საქართველოს იუსტიციის მინისტრს, თავდაცვის მინისტრს ბაჩო ახალაიას, შს სამინისტროს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის უფროსს, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის გენერალური ინსპექციის უფროსს, ამერიკის ელჩს საქართველოში, საქართველოს პრეზიდენტს, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარეს, სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრს. მსჯავრდებულის თქმით, აღნიშნული განცხადებები არ მისულა ზემოაღნიშნულ უწყებებში.
ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი პრობლემაა და პატიმრები ხშირად ალტერნატიულ გზებს მიმართავენ საჩივრის გასაგზავნად. მაგალითად, ამისთვის იყენებენ სახალხო დამცველის წარმომადგენლების ხშირ ვიზიტებს და ადგილზე წერენ საჩივრებს, ან ამას ადვოკატების საშუალებით ახერხებენ.
ამ პრობლემის თაობაზე სახალხო დამცველმა არა ერთი რეკომენდაცია გასცა კონკრეტული დაწესებულებების მითითებით, ამ საკითხზე ასევე საუბარი იყო სახალხო დამცველის ანგარიშებში.
ხშირ შემთხვევაში, პატიმრები ამ პრობლემაზე საუბარს პრიორიტეტულად არ მიიჩნევენ, სწორედ ამ ალტერნატიული საშუალებების არსებობის გამო, თუმცა ამ კუთხით შექმნილი ვითარება კრიტიკას ვერ უძლებს და სახალხო დამცველი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ეს პრობლემა მოგვარდეს.
კონკრეტულად რაც შეეხება მსჯავრდებულ გოდერძი კიკნაძის საკითხს, სახალხო დამცველმა უკვე გამოითხოვა მის მიერ ზემოაღნიშნულ უწყებებში გაგზავნილი განცხადებების სარეგისტრაციო ნომრები და გაგზავნის თარიღები.
2012 წლის 15 აგვისტოს, სახალხო დამცველის წარმომადგენელი კვლავ შეხვდა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის #6 დაწესებულებაში განთავსებულ მსჯავრდებულ გოდერძი კიკნაძეს, რომელმაც იუსტიციის მინისტრის სახელზე დაწერილი განცხადება სახალხო დამცველის წარმომადგენლის თანდასწრებით გადასცა დაწესებულების სოციალურ მუშაკს გასაგზავნად.
2012 წლის 24 აგვისტოს, სახალხო დამცველის წარმომადგენელმა კვლავ მოინახულა მსჯავრდებული გოდერძი კიკნაძე. მან განაცხადა, რომ ჯერჯერობით არ იცის, მივიდა თუ არა წერილი ადრესატამდე. მისივე თქმით, ამ ეტაპზე სხვა რაიმე სახის დახმარებას არ საჭიროებს და ზემოაღნიშნულის გარდა (კორესპონდენციის გაგზავნა) მისი უფლბების დარღვევას ადგილი არ ჰქონია,” – ნათქვამია სახალხო დამცველის აპარატის განცხადებაში.