„თრიალეთის“ საინფორმაციო გამოშვება დღეიდან გაურკვეველი ვადით გაჩერდა. მიზეზი საინფორმაციო სააგენტო „ინფო 9“-ის მიერ კადრების სისტემატიური გადაბირება გახდა.
„თრიალეთის“ ადმინისტრაციამ რამდენჯერმე საქმის კურსში ჩააყენა „ინფო 9“-ის ხელმძღვანელობა და პირადად ლუბა ელიაშვილიც, რომელიც დაგვპირდა, რომ „თრიალეთის“ თანამშრომლებს არ წაიყვანდნენ და ამით ხელს არ შეუშლიდნენ ტელევიზიის მუშაობას. მიუხედავად დაპირებისა, მოხდა „თრიალეთის“ 9 ჟურნალისტის და ოპერატორის წაყვანა, რამაც გამოიწვია საინფორმაციოს გაჩერება.
სამწუხაროა, რომ „თრიალეთის“ საინფორმაციო გამოშვების შეჩერების მიზეზი სწორედ ის ორგანიზაცია გახდა, რომელთანაც კოლეგიალური ურთიერთობა გვქონდა.
ვფიქრობთ, „ინფო-9“-ის ასეთი დამოკიდებულება არ არის სასარგებლო თავისუფალი მედიის განვითარებისთვის, იმ დროს, როცა “თრიალეთის” ობიექტური და აქტიური მუშაობა ყოველი ადამიანის ინტერესებში უნდა შედიოდეს, რათა წინასაარჩევნო პერიოდში ტელეკომპანიამ შეძლოს მოსახლეობას ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდოს“, _ ნათქვამია განცხადებაში.
„გურია ნიუსი“ დაუკავშირდა ლუბა ელიაშვილს, რომელმაც განაცხადა, რომ მას „ინფო 9“-სთან არანაირი შეხების წერტილი არ აქვს.
„ინფო 9“ – ის ხელმძღვანელმა მანანა ელიაშვილმა ჩვენთან საუბრისას განაცხადა, რომ ის 9 ადამიანს თრიალეთიდან ვერანაირად ვერ დაასაქმებდა, რადგან გორში მხოლოდ ერთი ჯგუფი დაამატეს, სადაც მხოლოდ 2 ადამიანი იყო საჭირო.
„რაც შეეხება გადაბირებას, მსგავს ფაქტს ადგილი არ ჰქონია. ეს ადამიანები მოვიდნენ ჩემთან და მითხრეს, რომ უმუშევრები იყვნენ. ჩვენ სამსახურში არ ვიღებთ დასაქმებულ ჟურნალისტებს“, _ განაცხადა მანანა ელიაშვილმა „გურია ნიუსთან“ საუბარში.