“ისტორიას არ ახსოვს, რომ გათხრილი საფლავები სამი დღის განმავლობაში ყოფილიყო ცარიელი, ჩვენს ტრადიციაში შედის მიცვალებულის სახლიდან გასვენება და არა პირდაპირ საფლავზე მიყვანა, როგორც ეს მოხდა. შეურაცხყოფილები ვართ ასეთი ქმედებით, ნათესავებმა დაღუპულების ოჯახებს ნორმალურად ვერც მიუსამძიმრეს, რადგან ხელისუფლების ზეწოლით მათ კარები ჩააკეტინეს და უახლოეს ნათესავებსაც არ მისცეს ამის საშუალება”, _ აცხადებს ომარ ბაღაკაშვილი “გურია ნიუსთან”.
ბაღაკაშვილის თქმით, მიუხედავად დაპირებისა, გარდაცვლილი ბიჭები, წესების მიხედვით არ დააკრძალვინეს. მისივე თქმით, ხელისუფლებამ უარესი დანაშაული ჩაიდინა, როდესაც არ ჩავიდა პანკისში მიხეილ სააკაშვილი და არ მიუსამძიმრა დაღუპულების ოჯახებს.
სოფლის მცხოვრებლები, რომლებიც ვინაობის გამჟღავნებას ერიდებიან, ჩვენთან საუბარში ამბობენ, რომ როგორც თავდაცვის სამინისტროსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს გარდაცვლილი თანამშრომლების ოჯახებს მიუსამძიმრა პრეზიდენტმა, ისე უნდა მოქცეულიყო დუისელი ახალგაზრდების დაღუპვის შემთხვევაში.