ჩვენი წყაროს ინფორმაციით, “ზიმო” ვანო მერაბიშვილის პირადი კომპანიაა, და შესაბამისად ყველა მრავალმილიონიანი ტენდერის ერთპიროვნული გამარჯვებულიც.
“ზიმო” გახლდათ დაცული ტერიტორიების სააგენტოს მიერ გამოცხადებული ტენდერის ერთადერთი პრეტენდენტი . პროექტი ოკაცეს კანიონის ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობას ითვალისწინებდა და 5 მილიონი ლარი ღირდა.
“ზიმომ” მოიგო შინაგან საქმეთა და იუსტიციის სამინისტროების, ასევე აღსრულების ეროვნული ბიუროს და შემოსავლების სამსახურის მიერ გამოცხადებული ერთობლივი ტენდერი, რაც ახალციხეში 9-სართულიანი კორპუსის აშენებას ითვალისწინებდა. პროექტი 5 მილიონი დოლარი ღირდა და “ზიმო” აქაც ერთადერთი პრეტენდენტი იყო.
“ზიმომ” ერთპიროვნულად გაიმარჯვა ბათუმის მერიის მიერ გამოცხადებულ მდინარე ბარცხანაზე გადასასვლელი ხიდის მშენებლობაზე გამოცხადებულ 2,5-მილიონიან ტენდერშიც. ანაკლიაში შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებისთვის განკუთვნილი ორი ხუთსართულიანი კორპუსიც “ზიმომ” ააშენა. პროექტი 5 მილიონი დაჯდა. რამდენიმე თვეში, ამავე კომპანიამ გაიმარჯვა შს სამინისტროს მიერ გამოცხადებულ კიდევ ერთ ტენდერში, რაც თბილისში, წულუკიძის ქუჩაზე, პოლიციელებისთვის განკუთვნილი საცხოვრებელი კორპუსის აშენებას ითვალისწინებდა. პროექტი 5 მილიონამდე ღირდა.
მალე “ზიმომ” შს სამინისტროს კიდევ ერთი 14 მილიონიანი ტენდერი მოიგო და წულუკიძის ქუჩაზე პოლიციელებისათვის განკუთვნილი საცხოვრებელი კორპუსები ააშენა. პოლიციელთა ქალაქს ” ლაზიკა” უწოდეს.
“ზიმო” იგებს ბათუმის მერიის მიერ გამოცხადებულ ყველაზე ძვირადღირებულ ტენდერებსაც.
ბათუმში, ამარისის (ყოფილი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ტერიტორია) დასახლებაში 22-სახლიანი საცხოვრებელი უბნის ტერიტორიის კეთილმოწყობაზე გამოცხადებული 5-მილიონიანი ტენდერი” ზიმომ” მოიგო. ამ კომპანიამ გაიმარჯვა ბათუმში, ფეხით მოსიარულეთა და ველოსიპედის სავალი ბილიკების მოწყობისთვის გამოცხადებულ 1 290 000 ლარიან ტენდერში, ასევე შპს “საგზაო ტექნიკის” მიერ გამოცხადებული 1,5 მილიონიანი ტენდერში, რაც სენაკი-ფოთი-სარფის 119-ე კმ-ზე გზის რეაბილიტაციას ითვალისწინებდა.
გარდა ამისა, 2010-2012 წლებში “ზიმომ” გაიმარჯვა მუნიციპალური ფონდის მიერ გამოცხადებულ 11 ტენდერში.
შპს “ზიმო” ფლობს 25% წილს შპს “ზიმო 7”-ში, რომელიც ბათუმის მერიის მიერ გამოცხადებული ტენდერებში ძირითადად კონკურენტის გარეშე მონაწილეობს.
“ზიმო 7”-მა განახორციელა ბათუმი-გონიოს დამაკავშირებელი ახალი გზის მშენებლობა. ტენდერის ღირებულება 6 970 000 ლარი იყო; ზღვისპირა ბილიკის მშენებლობა _ ტენდერის ღირებულებაა 4 021 000 ლარი; მელიქიშვილის ქუჩის სარეკონსტრუქციო სამუშაოები (ჭავჭავაძის ქუჩიდან ლადო ასათიანის ქუჩამდე) _ ღირებულება 3 000 000 ლარი; ბუნებრივი ქვის ქვაფენილების დასაგებად საფუძვლის მომზადება _ 2 240 000 ლარი; ახალი ქუჩის მშენებლობა (ბაგრატიონის ქუჩიდან ლეონიძის ქუჩამდე). ღირებულება _ 4 500 000 ლარი.
ცოტა ხნის წინა, შპს “ზიმო” სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, მიმწოდებელთა “თეთრ სიაშიც” მოხვდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს კომპანია გარკვეული შეღავათებით ისარგებლებს და ტენდერების მოგების უფრო მეტი შანსი მიეცემა.