“ნაციონალური მოძრაობა” ბათუმის საკრებულოს აკრძალვის დარღვევის გამო დააჯარიმეს. საკრებულოს გადაწყვეტილებით, ქალაქის ცენტრალურ ნაწილში, სადაც ისტორიული შენობა-ნაგებობებია განთავსებული, საარჩევნო პლაკატების გაკვრა აიკრძალა. მერიამ სპეციალური საარჩევნო სტენდები დაამზადა და მხოლოდ მათზე გაკვრის ნებართვა გასცა.
აკრძალვიდან რამდენიმე დღეში, ქალაქის ცენტრალურ ნაწილში მშენებარე ობიექტების ღობეზე გაჩნდა ბათუმის ყოფილი მერის და აჭარის უმაღლესი საბჭოს “ნაციონალების” სიის პირველი ნომრის, რობერტ ჩხაიძის და პარლამენტში “ნაციონალების” ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, გიორგი ბარამიძის პლაკატები.
ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურმა “ნაციონალების” ეს ქმედება დარღვევად ჩათვალა და პარტია დააჯარიმა.
ბათუმის მერიის ადმინისტრაციის უფროსის, გელა მახარაძის თქმით, ნაციონალური მოძრაობა ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 150 მუხლის 1 ნაწილით მიხედვით დაჯარიმდა.
_ “დარღვევის გამო დავაჯარიმეთ “ნაციონალური მოძრაობა”. თითოეულ შემთხვევაზე 50 ლარის ოდენობით. ანუ რამდენ ადგილასაც გააკრეს პლაკატი, იმდენჯერ 50 ლარი. ამის შემდეგ გადაწყვეტილებას მიიღებს სასამართლო. სასამართლოს გადაწყვეტილებიდან 10 დღის განმავლობაში თუკი არ მოხდება პლაკატების ჩამოხსნა, ჯარიმა თითოეულ შემთხვევაზე 500 ლარამდე გაიზრდება. საქმეზე სასამართლო იმსჯელებს, რომელიც, როგორც წესი, დაახლოებით, 3 დღის განმავლობაში უნდა ჩატარდეს”.
იურისტები პარტიების მხრიდან სხვა დარღვევებზეც საუბრობენ. ქალაქის აკრძალულ ზონაში მდებარეობს თითქმის ყველა პარტიის ოფისი. პარტიებმა ოფისის ფანჯრებზე მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატთა და საარჩევნო სუბიექტთა პარტიული ნიშნები გამოაკრეს.
_ “მე მაქვს შენობის შიგნიდან გაკრული ეს საარჩევნო პლაკატები. კერძო საკუთრების შიდა ნაწილში, ხომ გესმის”, _ ამბობს “ნაციონალი” გელა დეკანაძე, _ “ამით შენობის იერსახე არ მახინჯდება”.
“ნაციონალების” მსგავსად, საარჩევნო პლაკატები გამოაკრეს “ქრისტიან-დემოკრატებმა” და “ახალმა მემარჯვენეებმა”.
_ “ეს აკრძალულია? თუ აკრძალულია, დღესვე ჩამოვხსნით”, _ ამბობს ქრისტიან-დემოკრატი, ნიაზ ზოსიძე.
სხვების მსგავსად, პლაკატების ფანჯარაზე გამოკვრა დარღვევად არ მიაჩნიათ “ახალ მემარჯვენეებს”. ჯუმბერ მიქელაძე ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ ფანჯარა კერძო ოფისის ნაწილია და პლაკატის გამოკვრის სრული უფლება აქვთ.
“ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” და “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” ამ საკითხთან დაკავშირებით ერთი პოზიცია აქვთ. ფანჯარა შენობის ნაწილს წარმოადგენს და აკრძალვის მიხედვით, შენობა-ნაგებობაზე პლაკატის გაკვრა არ შეიძლება. ამისთვის მერიამ სპეციალურად გამოყო სტენდები, სადაც შეიძლება საარჩევნო პლაკატის გაკვრა.
_ “ფანჯარა შენობის ნაწილს წარმოადგენს და არ აქვს მნიშვნელობა, შენობის რომელ ნაწილში მდებარეობს. საკრებულოს მიერ აკრძალულ ზონაში პლაკატის გაკვრა უკვე დარღვევაა. ეს შეიძლება, გულისხმობდეს საკუთრივ შენობასაც და მის ნაწილსაც, ანუ ამ შემთხვევაში ფანჯრებსაც”, _ განმარტავს საია-ს იურისტი პარმენ ჯალაღონია.
_ “ფანჯარა, რომ შენობის ნაწილია, ამაზე არავინ დაობს, მაგრამ გასარკვევია, ეს შემთხვევა არის პლაკატის გაკვრა თუ პლაკატის გამოფენა. აქ არის ტერმინებზე საუბარი, ეს უნდა ჩაითვალოს გაკვრად თუ გამოფენად. ვიმსჯელებთ და მივიღებთ გადაწყვეტილებას”, _ ამბობს მერიის ადმინისტრაციის უფროსი, გელა მახარაძე.
თუკი მერიამ ფაქტი დარღვევად ჩათვალა, “ახალ მემარჯვენეებს”, “ქრისტიან-დემოკრატებს” და “ნაციონალურ მოძრაობას” ფინანსური ჯარიმა ელოდებათ.