საზოგადოებას სურს დაინახოს, რომ ეს არჩევნები იქნება გადამწყვეტი. ასევე, უნდა დაინახოს, რომ გავაგრძელებთეროვნული სახელმწიფოს მშენებლობას, რომელიც 20 წლის წინ, ჯერ კიდევ ზვიად გამსახურდიამ და მერაბ კოსტავამ დაიწყეს. ამ იმედებს უკავშირდება “ქართული ოცნებაც”, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც რეალურად, პოლიტიკაში გამოჩნდა შემკვრელი ძალა, რომელიც არის ბიძინა ივანიშვილი. მან შეკრა ოპოზიციური ძალები და ახლა ჩვენში ხედავენ ალტერნატივას. მიუხედავად ზეწოლის ფაქტებისა, თქვენ იცით, რომ ჩემი თანაპარტიელები დაჭერილები არიან და ციხეში სხედან იმიტომ, რომ ისინი წარმოადგენდნენ ჩემ პარტიას; თქვენ იცით, რამდენი ადამიანი გაათავისუფლეს სამსახურიდან იმ მიზეზით, რომ ისინი იყვნენ “ქართული ოცნების” მხარდამჭერები. მიუხედავად ამ ყველაფრისა, საზოგადოება და ხალხი მზად არის, გააკეთოს სწორი არჩევანი”, _ აცხადებს “გურია ნიუსთან” ინტერვიუში კოალიცია “ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერი, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ზუგდიდში, ირაკლი ალასანია.
_ ბატონო ირაკლი, წინასაარჩევნო კამპანია გადამწყვეტ ფაზაშია შესული. თქვენი ოპონენტი, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მაჟორიტარობის კანდიდატი, აშკარად გამოირჩევა სხვებისგან არა ერთი ფაქტორით _ გარდა იმისა, რომ როლანდ ახალაია ყოფილი პროკურორია, ის თავდაცვის მინისტრის მოადგილის და შინაგან საქმეთა მინისტრის მამაა. ამბობენ, რომ არის ძალიან სერიოზული ზეწოლები მოსახლეობაზე და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებასაც დიდი დოზით ექნება ადგილი. რა ხდება ახლა ზუგდიდში, ამ კუთხით?
_ პირველ რიგში, მინდა გითხრათ, მეამაყება და ბედნიერი ვარ, რომ დავბრუნდი ჩემს ფესვებთან და სწორედ ზუგდიდიდან და სამეგრელოდან ვაგრძელებ ჩემი ხალხის სამსახურს. რა თქმა უნდა, სამეგრელოს რეგიონი განსაკუთრებულად დეპრესიული იყო. განსაკუთრებით, ავტორიტარული რეჟიმის მხრიდან დიდ ზეწოლას განიცდიდა წლების განმავლობაში, მაგრამ მიუხედავად ამისა, ვიცი, რა იმედით ხვდება საზოგადოება და სამეგრელო ამ არჩევნებს. მართლა გატეხილია შიში.
მე, ყოველდღიურად, 7-8 შეხვედრა მაქვს ზუგდიდსა და სოფლებში და ვგრძნობ, რომ მოსახლეობას გადაწყვეტილება უკვე მიღებული აქვს. ხალხს არ ეშინია არჩევნების დღის იმიტომ, რომ საერთაშორისო დამკვირვებლების ჯარი და არმიაა ჩამოსული ზუგდიდში და მთელ საქართველოში. არც ერთი ხმა არ იქნება გაყალბებული, ვერც ერთ ხმას ვერ მოიპარავს სააკაშვილის რეჟიმი.
ევროკავშირის ელჩმაც გააკეთა განცხადება, რომ მთავარი მოთხოვნაა, ჩატარდეს არჩევნები თავისუფლად, დემოკრატიულად, სამართლიანად. სხვა შედეგებს არც ქართული საზოგადოება მიიღებს და არც საერთაშორისო თანამეგობრობა.
რაც შეეხება ჩემს ოპონენტს, მე შევთავაზე მას, რომ დავმსხდარიყავით ადგილობრივი ტელევიზიის ეთერში, დებატებში და წარმოგვეჩინა საკუთარი პროგრამები. ზუგდიდელებს და ჩვენს ამომრჩევლებს აქვთ იმის უფლება, ინფორმირებულები იყვნენ და გადაწყვეტილებები ისე მიიღონ. როლანდ ახალაიამ დებატებზე უარი თქვა, რაც ძალიან ცუდია.
ადმინისტრაციულ რესურსს დღესაც იყენებს “ნაციონალური მოძრაობა,” მაგრამ მიუხედავად ამისა, დარწმუნებული ვარ, ჩვენ გადამწყვეტ და დამაჯერებელ წარმატებას მივაღწევთ ზუგდიდში. 22 სექტემბერს, ძალიან ფართო მასშტაბიანი ადამიანური სოლიდარობის აქცია გაიმართება ზუგდიდში. ჩვენ ველოდებით მრავალათასიან აქციას, რომელზედაც “ნაციონალური მოძრაობის” აქციისგან განსხვავებით, სადაც პოლიტიკოსები გამოდიოდნენ და საუბრობდნენ სიძულვილით, ჩვენ მოვუწოდებთ საზოგადოებას ერთსულოვნებისკენ, მოვუწოდებთ, რომ ერთიანად დავუდგეთ ქართველები ერთმანეთს გვერდით და ერთიანად გავაგრძელოთ ეროვნული სახელმწიფოს მშენებლობა.
_ დამკვირვებლებზე მინდა გკითხოთ: ერთ-ერთმა ზუგდიდელმა, რომელსაც მრავალრიცხოვანი დამკვირვებლების მნიშვნელობაზე ესაუბრებოდნენ, ასეთი რამ იკითხა: კი, მაგრამ, როგორ დააკვირდებიან და გააკონტროლებენ იმ პოლიციელებს, რომლებიც პრობაციონერებთან სახლში დადიან, აშინებენ და აშანტაჟებენო. როგორც ამბობენ, ზუგდიდში, პრობაციონერები განსაკუთრებული ზეწოლის ქვეშ იმყოფებიან.
_ მართალს ბრძანებთ, პრობაციონერების მიმართ მართლაც განსაკუთრებულად დანაშაულებრივი მიდგომა აქვს სახელმწიფოს და “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებს”. ეს არის სენი და ტკივილი მთელი ჩვენი საზოგადოების. ჩვენ, რა თქმა უნდა, არ გვაქვს საშუალება, რომ პრობაციონერებს, ციხეში მჯდომ ჩვენს თანამემამულეებს შევუწყოთ ხელი, რომ დაცულები იყვნენ. სწორედ ამიტომ, ოქტომბრის არჩევნები უნდა იქცეს იმ ცვლილებად, რაც მომავალში, პრობაციონერებს, ციხეში და წინასწარი დაკავების ადგილებში მყოფ მოქალაქეებს, გაუსაძლისად არ უქცევს იქ ყოფნას. პრობაციონერებსა და მისი ოჯახის წევრებს, მინდა მივმართო ყველას, რომ ყველა უსამართლოდ დაკავებული ადამიანი, ყველა უკანონო განაჩენი, რომელიც მიღებული აქვს უსამართლო პროკურორის ზედამხედველობის ქვეშ მომუშავე სასამართლოს, აუცილებლად გადაიხედება!
რა თქმა უნდა, დამნაშავე ციხეში უნდა იჯდეს, მაგრამ სასჯელი უნდა იყოს ადეკვატური და როდესაც ის გამოვა, უნდა დაუბრუნდეს საზოგადოებას. განზრახ ავრცელებენ ხმებს, რომ ჩვენ, “ქართული ოცნება”, კრიმინალებს ისევ ვათარეშებთ. პირიქით, ჩვენ ვიქნებით ძალიან შეურიგებლები კრიმინალებთან ბრძოლაში, მაგრამ ასევე ვიქნებით ძალიან სამართლიანები იმიტომ, რომ არც ერთი უდანაშაულო ადამიანი არ დაჯდეს ციხეში.
დღეს, ჩვენი ციხეები სავსეა უდანაშაულო ადამიანებით, რომელთა ქონებას თვალი დაადგა “ნაციონალურმა მოძრაობამ”. ყველა ის ადამიანი, რომელიც პოლიტიკური ნიშნითაა დაკავებული, გათავისუფლდება და რეაბილიტაცია ელის. დამოუკიდებელი სასამართლო აბსოლუტურად ობიექტურად შეაფასებს, რა მოხდა ბოლო რვა წლის განმავლობაში ჩვენს მართლმსაჯულებაში. ამასთან ერთად ვიტყვი, რომ არცერთი პრეზიდენტი, არცერთი პრემიერი აღარ იქნება იმის გადამწყვეტი, მოქალაქე დამნაშავეა თუ არა. დამოუკიდებლობას შეიძენს სასამართლო და ის გადაწყვეტს კანონის შესაბამისად, ვინ არის დამნაშავე და ვინ _ არა.
_ ბატონო ირაკლი, თქვენ კარგად იცით პანკისის თემა და ასევე, მუშაობა გიხდებოდათ იმ ადამიანებთან, რომლებიც დღეს ხელისუფლებაში არიან და რომლებმაც ეს სპეცოპარაცია დაგეგმეს. როგორ ფიქრობთ, რა მოხდა ლაფანყურში, რა სახის სპეცოპერაციასთან გვქონდა საქმე რეალურად?
_ მე, მინდა პირველ რიგში ვთქვა, რომ რაც მოხდა, ის მეტყველებს აბსოლუტურ არაკომპეტენტურობასა და საქმისადმი გულგრილობაზე, რასაც ვხედავთ შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოებში. კითხვებზე პასუხები არის გასაცემი და აუცილებლად ამაზე გავაცემინებთ პასუხს, ვისაც საჭიროა. გაგვცემენ პასუხს იმაზე, თუ რატომ იქნა დაგეგმილი განადგურების და არა აყვანის ოპერაცია. საერთოდ, როგორ აღმოჩნდა ეს ჯგუფი ლაფანყურის მიმდებარე ტერიტორიაზე, იყო თუ არა შეთანხმება მანამდე ხელისუფლების წარმომადგენლებსა და იმ ჯგუფს შორის, რაც შემდეგ დაირღვა და შეიცვალა. ასეთი ტრაგედია მოხდა და ჩვენი სამი ვაჟკაცი, თანამებრძოლი დაიღუპა, ასევე 11 ადამიანი დაიღუპა მეორე მხრიდან და ამ შემთხვევაში, საზოგადოება, პრაქტიკულად, იზოლირებული იყო პრეზიდენტის მხრიდან, უშიშროების საბჭოს მდივნის, შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდანაც და ისინი დანაშაულებრივად მალავდნენ რეალობას. ეს არის კიდევ ერთი გამოვლინება იმისა, რომ ჩვენ ავტორიტარულ, პოლიციურ სახელმწიფოში ვცხოვრობთ. ეს არის ის, რომ არც პრეზიდენტს და მაღალი რანგის არც ერთ სახელმწიფო მოხელეს არ აქვს პასუხისმგებლობა საზოგადოების წინაშე, არც ერთ დემოკრატიულ ქვეყანაში ის არ მოხდებოდა, რაც აქ მოხდა. ეს შეკითხვები პასუხგაუცემელია და მე არ მაქვს იმედი, რომ ვინმე, ამ შეკითხვებს, რეალურ პასუხს გასცემს ოქტომბრის არჩევნებამდე, მაგრამ გპირდებით საზოგადოებას და მოსახლეობას, რომ აუცილებლად ჩატარდება დეტალური გამოძიება, ვინ აწარმოებდა მოლაპარაკებას, რატომ იყო ეს მოლაპარაკება ასე წარუმატებელი, რატომ ჩატარდა განადგურების და არა დაკავების ოპერაცია. ასე რომ, ეს არის შეკითხვები, რომელსაც გამოძიება პასუხს გასცემს ოქტომბრის ბოლოს.
_ ამბობენ რომ 22 სექტემბრისთვის ბაჩო და დათა ახალაიები თავიანთი რესურსის მობილიზაციას მოახდენენ და არ მისცემენ ზუგდიდელებს იმის საშუალებას, რომ მრავალრიცხოვანი მიტინგი ჩაატარონ. თქვენ რა ინფორმაციას ფლობთ ამასთან დაკავშირებით?
_ პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ “ნაციონალური მოძრაობა” და ყველა, ვინც ფიქრობს, რომ რაიმე ფორმით შეიძლება შეინარჩუნონ ძალადობა, უკვე დამარცხებულია და გატეხილია. პიროვნულად ჩვენ არავის წინააღმდეგი არა ვართ, ჩვენ ვებრძვით სისტემას, რომელიც ჩვენმა ავტორიტარულმა რეჟიმმა შექმნა და ახალაიებიც ამ სისტემის კლანი გახდა. ასე რომ, მათ მხრიდან არანაირი საფრთხის განცდა არ მაქვს. ჩატარდება დიდი სოლიდარობის ღონისძიება, ვინმეს უნდა ეს თუ არ უნდა. მთავარია, რომ ხალხს უნდა ეს და ხალხს სჭირდება. დარწმუნებული ვარ, ეს აქცია იქნება ფართომასშტაბიანი და რაც მთავარია, ეს იქნება ერთგულების, სიყვარულის აქცია, განსხვავებით იმ მკაცრი რიტორიკიდან, რაც დამახასიათებელია “ნაციონალური მოძრაობის” მხრიდან.
_ ბატონო ირაკლი, გურიის რეგიონის მკითხველისთვის ძალიან საინტერესოა ერთი თემა, რომელიც თქვენს თანაპარტიელს, გოჩა ჩხაიძეს ეხება და რომელიც ახლა საფრანგეთში იმყოფება. ჩხაიძის დედამ, ქალბატონმა ნათელა ჩხაიძემ მოგვწერა წერილი, სადაც წერია, “რომ არა ირაკლი ალასანია, გოჩა დღეს ცოცხალი აღარ იქნებოდაო”. თავად გოჩა ჩხაიძეც, რომელმაც საფრანგეთიდან ექსკლუზიური ინტერვიუ მოგვცა, ამ რეპრესიებში, შანტაჟსა და ძალადობაში “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მაჟორიტარი-დეპუტატობის კანდიდატს, რამაზ ნიკოლაიშვილს ადანაშაულებს. თქვენ რა ინფორმაცია გაქვთ ამ ფაქტთან დაკავშირებით?
_ გოჩა ჩვენი მეგობარია და ის არის ნათელი მაგალითი იმისა, თუ როგორ ებრძვის თავისუფალ აზრს “ნაციონალური მოძრაობა”. მათთვის, რა თქმა უნდა, მიუღებელია, როცა კაცს საკუთარი მე, თავმოყვარეობა და ღირსება აქვს, რომელსაც იცავს. გოჩა არის ნათელი მაგალითი, როგორ უნდა იდგეს ვაჟკაცურად კაცი თავის პოზიციაზე. გოჩა, 9 აპრილის მოვლენების დროს, ძალიან მძიმედ დაშავდა, ის საავადმყოფოში იწვა და იყო ძალადობის მსხვერპლი. მას შემდეგ ხორციელდებოდა დაშინება, ის ვაჟკაცი კაცია, მაგრამ ამ ეტაპზე არჩია, რომ წასულიყო საფრანგეთში. მე, დარწმუნებული ვარ უცხოეთში მას დიდხანს არ მოუწევს ყოფნა და ის მალე დაბრუნდება სამშობლოში, თავის დედასთან, საკუთარ კუთხეში. დიდი იმედი მაქვს, რომ ყველა ის ადამიანი, ვინც “ნაციონალური მოძრაობის” პირობებში იძულებული გახდა, დაეტოვებინა ქვეყანა, მალე დაბრუნდება სამშობლოში.