“კოალიცია “ქართულ ოცნებაში” არიან ადამიანები, მაგალითად: გიორგი ვოლსკი, ირაკლი ალასანია, გურამ ოდიშარია და ბევრი სხვა, რომლებსაც ქართულ-ოსური, ქართულ-აფხაზური კონფლიქტის მოგვარება შეუძლიათ. ჩვენ რაღაც ნაბიჯები უნდა გადავდგათ, იმისთვის რომ ვნახოთ არის თუ არა მათი მზაობა. მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ აფხაზების და ოსების მხრიდან არის მზაობა ამ საკითხის მოგვარებისთვის”, _ აცხადებს პაატა ზაქარეიშვილი „გურია ნიუსთან“.
_ ბატონო პაატა, რა იქნება პირველი ნაბიჯი, რომელიც საქართველომ უნდა გადადგას აფხაზურ და ოსურ მხარესთან მიმართებაში?
_ მე მანამდე მოვსინჯავ ნიადაგს. ბუნებრივია, პირველი ნაბიჯი იქნება ის, რომ შევეხმიანო აფხაზურ და ოსურ მხარეებს. მათ უნდა შევატყობინო, რომ ჩვენ გვაქვს სურვილი დიალოგის, რათა არცერთი ნაბიჯი არ გადავდგათ მათი ინტერესების საწინააღმდეგოდ. მე ისინი კარგად მიცნობენ და იციან, რომ არ ვატყუებ. მინდა შევატყობინო, რომ ჩვენ არ ვაპირებთ ამპლუა და პოზიცია შევიცვალოთ. გვინდა, ყოველი ჩვენი ნაბიჯი მათთან იყოს არა შეთანხმებული, არამედ გათვითცნობიერებული, ჩვენ არ ვაპირებთ მათ საწინააღმდეგოდ ქართული პოლიტიკა ვაწარმოოთ. ქართული პოლიტიკა ეს არის აფხაზური და ოსური პოლიტიკის ნაწილი. ჩვენ უნდა ავიღოთ ჩვენს თავზე მათი იდენტობისა და განვითარების საკითხი და არა რუსეთმა. ჩამოვაშოროთ ეს ყველაფერი რუსეთს, რაც ასე იოლად გადაულოცა სააკაშვილმა და გააძლიერა რუსული პოზიები აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიებზე. არის უამრავი საკითხი, მაგრამ სასტარტო ნაბიჯები გვაჩვენებს, რა შეიძლება პირველ ნაბიჯად გადაიდგას და რა _ მოგვიანებით.
_ ფიქრობთ თუ არა, რომ ეს საკმაოდ რთული პროცესი იქნება?
_ თავიდან იქნება რთული, მაგრამ…
_ ექნება თუ არა თქვენს პირველ ნაბიჯებს ხელისშემშლელი ფაქტორი?
_ პირველ რიგში, მეშინია, რომ თუ ვინმე შემიშლის ხელს, ეს იქნება ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლები, რომლებიც თვლიდნენ რომ არანაირი ნება არ გააჩნია ოსურ და აფხაზურ მხარეებს. რუსეთს ჩვენ არ ველაპარაკებით და გაყინული გვაქვს ეს ყველაფერი. ჩვენ უნდა გავალღვოთ ეს ყინული და რუსეთს უნდა ველაპარაკოთ ცალკე. ოსურ და აფხაზურ მხარეებს უნდა ველაპარაკოთ ცალკე. უნდა მოვახდინოთ ამ საკითხების განთავსება სხვადასხვა უჯრებში. ჩვენი ერთ-ერთი ძირითადი პლუსია ის, რომ რუსეთი უკვე ვერ იქნება სამშვიდობო მხარე. რუსეთმა საქართველოს ოკუპაცია მოახდინა. შესაბამისად, ჩვენ თამამად ვეტყვით: უკაცრავად, თქვენ ვეღარ გენდობით ისე, როგორც გენდობოდით ამდენ ხანს. თქვენ ხართ კონფლიქტის მხარე. გარდა ამისა, ჩვენ გვაქვს პრობლემები აფხაზურ და ოსურ მხარესთან. თქვენ არ ერთვებით ამ პროცესში. იყავით კარგად, მშვიდად. ჩვენ ვიპოვით საერთო ენას აფხაზებთან, ჩვენ ვიპოვოთ საერთო ენას ოსებთან. პუტინი ამბობდა – ეს ჩვენი კონფლიქტი არ არის. ძალიან კარგი. ეს არის ის დიდი შეცდომა, რასაც პუტინი უშვებდა ბოლო წლების განმავლობაში. ჩვენ ეს შეცდომა უნდა გამოვიყენეოთ. პირდაპირ გავიდეთ და რეგულარულად შევახსენოთ პუტინს, – იცოდე, შენ თვითონ თქვი, რომ ეს არ არის შენი კონფლიქტი!