ბრიგადის გენერალი გიორგი კალანდაძე დღემდე შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის მოადგილე იყო, თუმცა, როგორც თავდაცვის სამინისტროში ამბობენ, რეალურად ის მართავდა გაერთიანებულ შტაბს, დევი ჭანკოტაძე კი დოკუმენტებზე ხელისმომწერის ფუნქციას ასრულებდა. გიორგი კალანდაძე ბაჩანა ახალაიaს კადრი და მისი ნდობით აღჭურვილი პირია.
იმის მიუხედავად, რომ 2008 წლის აგვისტოს ომში, კალანდაძეს, როგორც მეოთხე ბრიგადის მეთაურს, ყველაზე დიდი დანაკარგი ჰქონდა (დაკარგა როგორც ცოცხალი ძალა, ასევე 26-ივე ტანკი, 9 ქვეითთა საბრძოლო მანქანა და მთელი არტილერია). მან უპრეცედენტოდ მოკლე ვადაში კაპიტნის ჩინიდან გენერლობას მიაღწია. გენერლის ჩინის მიღებას მინიმუმ 11 წლის ნამსახურეობა სჭირება, თუმცა, ეს ეტაპები კალანდაძემ სულ რაღაც სამ წელიწადში გაიარა. მას მიღებული აქვს სხვადასხვა მედლები და ორდენები, მათ შორის ისეთიც, რასაც სამხედრო მოსამსახურეებს მხოლოდ სიკვდილის შემდეგ ანიჭებენ .
3 დღის წინ გაერთიანებულ შტაბში დაბრუნდა სისატიკით ცნობილი გაერთიანებული შტაბის უფროსის ყოფილი მოადგილე პოლკოვნიკი მერაბ კიკაბიძე. შინაგან საქმეთა სამინისტროში გადასულმა ახალაიამ კიკაბიძეც თან წაიყვანა, თუმცა, მინისტრის თანამდებობის დატოვების შემდეგ, ახალაიას გარეშე დარჩენილ კიკაბიძეს სერიოზული პრობლემები შეექმნა. როგორც “გურია ნიუსს” შს სამინისტროდან აცნობეს, კალანდაძეს თანამშრომლები აუჯანყდნენ და ის სამსახურიდან გააგდეს. 3 დღის წინ კიკაბიძე ისევ თავდაცვის სამინისტროს გაერთიანებულ შტაბში გამოცხადდა და თანამშრომლებს აცნობა, რომ ძველ თანამდებობას დაუბრუნდა.
გაერთიანებული შტაბის უფროსის კიდევ ერთი მოადგილე _ ივერი სუბელიანი სვანეთში არჩევნების გაყალბების გეგმას ხელმძღვანელობდა. არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე სუბელიანმა თავდაცის სამინისტროს კლუბში, რომელსაც მომღერალი ნატო გელაშვილი ხელმძღვანელობს, დაიბარა ხელმძღვანელ თანამდებობებზე მყოფი სვანური წარმოშობის სამხედრო მოსამსახურეები და გაერთიანებული შტაბის უფროსის ბრძანების საფუძველზე გაურკვეველი ვადით მიავლინა ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო შტაბებში.
აღსანიშნავია რომ თავდაცვის სამინისტროს პოლკოვნიკები კიდევ რამდენიმე რეგიონში ეხმარებოდნენ ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარ კანდიდატებს. მათ შორის განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა სვანეთზე, სამეგრელოზე და სამცხე ჯავახეთზე. “გურია ნიუსის” წყაროს ინფორმაციიით, ეს ადამიანები კვლავაც რეგიონებში რჩებიან და მესამე თვეა, არ ცხადდებიან სამსახურში.