ტელეკომპანიაში უკვე იმყოფებოდა ვანო ჩხარტიშვილის წარმომადგენელი ზურაბ გობრონიძე, რომელმაც ჩვენთან სატელეფონო საუბრის დროს განაცხადა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით ინტერვიუს მოგვიანებით მოგვცემდა. ტელეკომპანიის დირექტორი ავთანდილ გველებიანი ამბობს, რომ ზურაბ გობრონიძემ თავად მივიდა მასთან და აცნობა, რომ ის ახალი მფლობელი იყო.
_ მეტი ამ ეტაპზე არაფერი არ არის ჩემთვის ცნობილი, _ თქვა ჩვენთან საუბრის დროს ავთო გველებიანმა.
“გურიას” საქმე 2010 წლის 17 მაისს იქნა წარმოებაში მიღებული და გადაწყვეტილება, მაქსიმუმ, 2010 წლის 18 ნოემბერს უნდა დამდგარიყო, მაგრამ 18 თვესა და დარღვეულ ვადებს არავინ შეუწუხებია….
ალბათ, კიდევ ამდენივე ხანი ექნებოდათ ეს საქმე განუხილველი და საერთოდაც არ გაახსენდებოდათ, რომ არა რამდენიმე ფაქტორი.
პირველი, რამაც უზენაეს სასამართლოს 18 თვის შემდეგ ამ საქმის მყისიერი განხილვა გადააწყვეტინა, თანაც მხარეთა დასწრების გარეშე, ის გარემოება გახლდათ, რომ ბოლო პერიოდში, საზოგადოებაში აქტიურად მიმდინარეობდა საუბარი ტელეკომპანიის შესყიდვაზე ბიძინა ივანიშვილის მხრიდან. გარდა ბიძინა ივანიშვილისა, ტელეკომპანიას ვანო ჩხარტიშვილის სახელსაც უკავშირებდნენ.
მოახლოებული საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების ფონზე კი ხელისუფლება, რომელმაც ყველაზე უკეთ იცის თავისუფალი მედიის როლი, ცდილობს, რეგიონებში არ დაუშვას ოპოზიციურად განწყობილი ტელეკომპანიების გამოჩენა, რომელიც, შესაძლოა, განსხვავებული პოზიციის მქონე ადამიანების საკუთრებაში აღმოჩნდეს.
შეგახსენებთ, რომ საქმე ეხება გურიის ტელევიზიის ყოფილი მფლობელის, მერაბ სიორიძისა და მისი ყოფილი ბიზნესპარტნიორის მარინა ვასილევა-ხარაბაძის დავას. ხარაბაძე მერაბ სიორიძეს 308 000 აშშ დოლარს ედავებოდა და ამასთანავე, ითხოვდა ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობას, რომლითაც გურიის ტელევიზიის 100-პროცენტიანი წილი მერაბ სიორიძემ მის შვილს ხათუნა სიორიძეს გადასცა.
ტელეკომპანია “გურიას” გარშემო 1991 წელს დაწყებული დავის შედეგი, უზენაესი სასამართლოს 2011 წლის 5 დეკემბრის გადაწყვეტილებით საბოლოოდ გახდა ცნობილი.
ამ გადაწყვეტილების თანახმად, ტელეკომპანია “გურიას” 100%-იანი მფლობელი რუსეთის მოქალაქე, მარინა ხარაბაძე-ვასილევა გახდა და მისი ყველა მოთხოვნა დაკმაყოფილდა.
ხათუნა სიორიძის ადვოკატის თედო კობახიძის განმარტებით, 5 დეკემბრის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა მოითხოვეს, რადგან ხათუნა სიორიძეს არ ჰქონდა ჩაბარებული შეტყობინება იმის შესახებ, რომ საქმე იხილებოდა. კობახიძის თქმით, 10 დეკემბერს მათ ჩაბარდათ უზენაესი სასამართლოს მიერ 9 დეკემბრით დათარიღებული განჩინება იმის შესახებ, რომ მარინა ვასილევას უფლებამონაცვლედ (მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულების საფუძველზე) საქმეში ჩაება ვინმე მალხაზ საბაძე.
უზენაესი სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებით, რომელიც გასაჩივრებას არ ექვემდებარება, ტელეკომპანიას ახალი და საზოგადოებისთვის უცნობი მფლობელები ჰყავს. ყოველ შემთხვევაში, მედიისგან და ამ საქმიანობისგან საკმაოდ შორს მდგომები და საქმის მასალების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, მათი მთავარი მიზანი ტელეკომპანიიდან ფულის ამოღებაა, _ წერდა “გურია ნიუსი” 2011 წელს.