აჭარის მოქმედ მთავრობამ ახალი შენობის ასაშენებლად 6 მილიონი ლარი გამოყო. მშენებლობა ბათუმის ყოფილი პირველი საავადმყოფოს შენობის ადგილას დაიწყო. პროექტის ისტორიული შენობა-ნაგებობების რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში მოხდა, თუმცა ძველი შენობისაგან თითქმის არაფერი დარჩენილა. შენობაში აჭარის მთავრობის აპარატი უნდა განთავსებულიყო. თუმცა, ვარშალომიძემ შენობა ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტს გადასცა.
ბათუმის #1 საავადმყოფოს შენობა ისტორიული ნაგებობაა. ყოფილი საავადმყოფოს შენობას რეკონსტრუქცია დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში უტარდებოდა.
“ქართული ოცნების” წევრი სულხან ღლონტი ამბობს, რომ ვარშალომიძის ეს ქმედება არის წვრილ ვაჭრული ინსტიქტი; “მათ არ უნდათ, რომ შენობაში, რომელსაც მათი კომფორტისთვის იშენებდნენ, შევიდეს ახალი მთავრობა. ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ხელი შეგვიშალონ, რომ ახალ მთავრობამ ეფექტურად ვერ იმუშაოს. ეს ადამიანები ფიქრობენ, რომ ყველაფერი რაც კეთდებოდა, კეთდებოდა არა ქვეყნისთვის, არამედ პირადად მათთვის. ახლა ლევან ვარშალომიძემ, წმინდა ეგოისტურად იფიქრა, რომ შენობა, რომელსაც იშენებდა მისთვის არ უნდა მოხმარებოდა შემდეგ, ანუ ჩვენს ხელისუფლებას”, _ ამბობს ღლონტი.
კოალიციაში ამბობენ, რომ ხელოვნების უნივერსიტეტის საწინააღმდეგო არაფერი აქვთ, თუმცა გადაწყვეტილება შეიძლება გადაიხედოს.
ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტი (ადრე ხელოვნების ინსტიტუტი) დაარსების დღიდან იმ შენობაში იყო განთავსებული, სადაც დღეს დღეობით პრეზიდენტის ინიციატივით ბათუმის ხელოვნებისა და კულტურის ცენტრია განთავსებული. პრეზიდენტის პირადი ინიციატივით ხელოვნების უნივერსიტეტი დროებით ფიროსმანზე მდებარე შენობაში შეასახლეს, ხოლო მათ საკუთრებაში არსებულ შენობას რეკონსტრუქცია გაუკეთეს და კულტურის ცენტრად (ბათუმის ოპერის სახლად) გადააკეთეს. ხელოვნების უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი და სტუდენტები თითქმის სამი წელია, ხელისუფლებისაგან ალტერნატიული ფართის გამოყოფას ელოდებიან.
რაც შეეხება, ყოფილი პირველი საავადმყოფოს შენობას, პროექტის მიხედვით რეაბილიტირებულ შენობაში აჭარის მთავრობა უნდა განთავსებულიყო, თუმცა კოალიცია “ქართულ ოცნებაში” ვარაუდობდნენ, რომ მოსახლეობისათვის მეტი ხელმისაწვდომობის გამო აჭარის უმაღლესი საბჭო, ჩაქვიდან ამ შენობაში გადმოეტანათ, რითაც მაღალმთიანეთის მოსახლეობას დეპუტატებთან კავშირი გაუადვილდებოდა.