ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო გამოსავლის ძიებაშია _ დახმარებისათვის ის საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართავს, რათა დევნილების შენობებიდან გამოყვანა “გამჭვირვალედ და შესაბამისი სტანდარტით წარიმართოს.”
2012 წლის 16 ოქტომბერს განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროში სამეთვალყურეო საბჭოს რიგგარეშე შეხვედრა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს გაერო-ს ლტოლვილთა საქმეების უმაღლესი კომისარიატის (UNHCR), საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის, ევროკავშირის მონიტორინგის მისიის (EUMM), შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC), აშშ საელჩოს მოსახლეობის, ლტოლვილთა და მიგრაციის ბიუროს (US BPRM), დანიის ლტოლვილთა საბჭოს (DRC), ნორვეგიის ლტოლვილთა საბჭოს (NRC), საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა (საია) და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლებმა.
სამინისტროს მონაცემებით, ბოლო პერიოდში, თბილისში სახელმწიფო და კერძო მფლობელობაში არსებული 14 ობიექტი უკანონოდ დაიკავა 712 ოჯახმა. შეხვედრის მონაწილეები მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ უახლოეს დღეებში მოხდება სამუშაო ჯგუფების ჩამოყალიბება ამ შენობებში მყოფი დევნილი ოჯახების საჭიროებების დეტალური შესწავლისა და პროცესის მონიტორინგის მიზნით. სამუშაო ჯგუფები დაკომპლექტდება სამინისტროს, საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებით, რაც უზრუნველყოფს დევნილთა მიერ უკანონოდ დაკავებული ფართების გამოთავისუფლების პროცესის გამჭვირვალობასა და შესაბამისი სტანდარტების დაცვას.