მათი საქმეში ჩართვისთანავე დაიწყო ახალი ვერსიის გავრცელება, თითქოს ბარბარეს მკვლელობაში ოჯახის წევრები იყვნენ ეჭვმიტანილები. მაშინ ბარბარეს დედა თათია მექერიშვილი და დეიდა, დალი მექერიშვილი ჟურნალისტებთან ურთიერთობას თავს არიდებდნენ, გამოძიების მსვლელობასთან დაკავშირებით არანაირ კომენტარს არ აკეთებდა შინაგან საქმეთა სამინისტროც. სამაგიეროდ, აქტიურად ხდებოდა იმ ვერსიის ლობირება, თითქოს ბარბარე ოჯახის ახლობელმა გაგუდა.
ზემოაღნიშნულ პირებს რაიმე სახის საგამოძიებო ან საპროცესო მოქმედებები არ განუხორციელებიათ _ წერს დაზარალებულის უფლებამონაცვლეს, თათია მექერიშვილის ინტერესების დამცველ ადვოკატს, ლალი ბიწოშვილს გურჯაანის რაიონული სამმართველოს უფროსის მოვალეობის შემსრულებელი გ. სიბაშვილი.
თუმცა, მას შემდეგ, რაც საქმის წარმოებაში ადვოკატები ვარლამ ხათრიძე და ლალი ბიწოშვილი ჩაერთვნენ, დადგინდა, რომ ზღულაძის გაგზავნილი დეტექტივები არა თუ ჩართულები იყვნენ საგამოძიებო მოქმედებაში, არამედ ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახდენდნენ ბარბარეს დედასა და დეიდაზე. როგორც ლალი ბიწოშვილი “გურია ნიუსთან” აცხადებს, მათთან შეთანხმებულად მუშაობდა დაზარალებულის ადვოკატი, ლოლა ტუხაშვილიც:
_ ეკატერინე ზღულაძის გაგზავნილი ჯგუფის წევრები გამომძიებელ გიორგი მოდებაძესთან და ადვოკატ ლოლა ტუხაშვილთან ერთად ესწრებოდნენ ბარბარეს დედის, თათია მექერიშვილის და დეიდის, დალი მექერიშვილის დაკითხვას, თუმცა რა სტატუსით, არავინ იცის. მათ არც თავი წარუდგენიათ და არც ოქმში დაფიქსირებულან. სამაგიეროდ, აქტიურ მონაწილეობას იღებდნენ დაზარალებულებზე ზეწოლაში და აიძულებდნენ, რომ მათთვის სასურველი ჩვენებები მიეცათ.
საინტერესო ფაქტორია ისიც, რომ ზღულაძის მიერ მივლინებული უცხო ადამიანების დასწრება დაკითხვებზე თავად ადვოკატს, ლოლა ტუხაშვილსაც არ გაუპროტესტებია. უფრო მეტიც, როდესაც ზეწოლები დაიწყო მათზე, სწორედ ამ დროს დატოვა იქურობა იმ მოტივით, რომ სარჩელი ჰქონდა შესატანი და ვადები ეწურებოდა. თავისი დაცვის ქვეშ მყოფი მიატოვა და საერთოდ წავიდა იქედან. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, მე ვაცხადებ, რომ მათ შორის იყო შეთანხმება.
როგორც დაზარალებულის უფლებამონაცვლემ თათია მექერიშვილმა აღნიშნა, როდესაც საქმის გამომძიებელმა გიორგი მოდებაძემ დაკითხვა დაიწყო, შემოვიდა ვიღაც უცხო პიროვნება (როგორც აღწერილობიდან გამომდინარე გავარკვიეთ, ეს იყო შსს-ს პირველი სამმართველოს დეტექტივი გამომძიებელი თამარ ზედგენიძე), რომელიც კარნახობდა გამომძიებელს, რა უნდა ჩაეწერა ჩვენებაში. გამოკითხვა ხდებოდა სამმართველოს ოთახში. ეკატერინე ზღულაძის მიერ გაგზავნილი ადამიანების მეორე ნაწილი მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილის ოთახში ისხდნენ. თათია მექერიშვილს არწმუნებდნენ იმაში, რომ მკვლელობა მისმა შინაურებმა ჩაიდინეს და ტყუილად აბრალებდა გიორგი ღვინიაშვილს და მის დეიდაშვილს, გიორგი მექერიშვილს რომლებიც ძალიან კარგი ადამიანები არიან. ზღულაძის მივლინებული დეტექტივები ბარბარეს დედას და დეიდას ატერორებდნენ, _ აცხადებს ლალი ბიწოშვილი.
ადვოკატის თქმით, ეს ადამიანები ორ ოთახში იყვნენ განლაგებულები. დაკითხვის შემდეგ, თათია მექერიშვილი გაიყვანეს მეორე ოთახში მყოფ ოთხ პიროვნებასთან, რომლებმაც დაიწყეს დაზარალებულის ტერორი. ისინი უყვიროდნენ ბავშვის დედას, მაგიდაზე მუშტებს ურტყამდნენ და ეუბნებოდნენ, _ როგორც ჩვენ გეტყვთ, ისე უნდა მოიქცეო. აქცენტს აკეთებდნენ თათიას დაზე, თითქოს მისი ჩადენილი იყო ეს საშინელი მკვლელობა. როდესაც დაზარალებულმა განუცხადა, რომ ის ღრმად იყო დარწმუნებული მისი დის უდანაშაულობაში, ის დაკითხვის ოთახში დააბრუნეს. ამის შემდეგ, დალი მექერიშვილი აიყვანეს იმ ოთახში, სადაც ზღულაძის მივლინებული დეტექტივები იმყოფებოდნენ და მასზე დაიწყეს ზეწოლა. ეუბნებოდნენ, ნამდვილი ჩვენება მოგვეცი და შეგიმსუბუქებთ ბრალსო.
_ მათი მოქმედება იყო აბსოლუტურად უკანონო. როდესაც დალისგან პასუხად მიიღეს, რომ ის არ აპირებდა ჩვენების შეცვლას, თათიაც ამოიყვანეს და ერთმანეთის ზურგსუკან დასვეს, ერთმანეთს თვალებში არ უყუროთო. ამას მოჰყვა ისევ ყვირილი, ჩხუბი და ზეწოლა. მიუხედავად იმისა, ეს გოგოები ვერ გატეხეს და სიმართლე ვერ გადაათქმევინეს, _ აცხადებს ლალი ბიწოშვილი.
ზღულაძის მიერ მივლინებული ადამიანები თავიანთ ვინაობას არც ოქმში აფიქსირებდნენ და არც დაზარალებულებს წარუდგენდნენ თავს. როგორც ” ქართული ოცნების” ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის წევრი, ადვოკატი ვარლამ ხათრიძე “გურია ნიუსთან“ აცხადებს, როდესაც ეს ადამიანები გურჯაანის სამმართველოში იყვნენ ჩასულები, მათ შეატყობინეს ამის შესახებ. როგორც კი ზღულაძის დეტექტივებმა შეიტყვეს, რომ სამმართველოში ადვოკატები მიდიოდნენ, სასწრაფოდ ჩახტნენ მანქანაში და გაიქცნენ.
_ თავდაპირველად, სიბაშვილმა საერთოდ უარყო ამ ადამიანების სამმართველოში ყოფნა, მაგრამ მას შემდეგ, რაც ვუთხარით, რომ ამის დამადასტურებელი ვიდეოკადრები გქვონდა, სადაც თავადაც ფიქსირდებოდა, გვითხრა, რომ მათ სიას მოგვაწოდებდა, _ აცხადებს ადვოკატი.
კიდევ უფრო შოკისმომგვრელი აღმოჩნდა ვარლამ ხათრიძის მიერ მოწოდებული ინფორმაცია ექსპერტიზის დასკვნის შესახებ, რომლითაც ჩვილის სიკვდილის მიზეზები დგინდება.
_ ბავშვი ქვევრში ცოცხალია ჩაგდებული და ამის ვარაუდის საფუძველს გვაძლევს ექსპერტიზის დასკვნა. ჩვენ ვფიქრობდით, რომ ბავშვი შემთხვევით გაეგუდათ და შემდეგ გადამალეს, რაც უფრო შემამსუბუქებელი გარემოება იქნებოდა, თუ ამას შემამსუბუქებელი შეიძლება ერქვას. მაგრამ ექსპერტიზის დასკვნა, რომელსაც გავეცანი, ნამდვილად შოკისმომგვრელია. მე ბევრი ექსპერტიზა მინახავს, ასობითაც კი და ზოგჯერ ექსპერტი წერს ცოტა გაურკვევლად, მაგრამ ამ შემთხვევაში, ყოველგვარი მოსაზრებებისა და ვარაუდების გარეშე აქვს ექსპერტს სიკვდილის მიზეზები დადგენილი.
სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის სასამართლო-სამედიცინი ბიუროს კახეთის სამედიცინო განყოფილების მიერ გაცემულ დასკვნაში ვკითხულობთ: “ბარბარე ლაფარიანცის სიკვდილის მიზეზი არის ასფიქსია სასუნთქ გზებში სითხის მოხვედრით” _ აცხადებს ვარლამ ხათრიძე “გურია ნიუსთან”.
შეგახსენებთ, რომ არჩევნების წინა საღამოს, ცხრა თვის ჩვილი ბარბარე ლაფარიანცი მშობლებმა საძინებელში დაძინებული დატოვეს, თავად კი სამზარეულოში სავახშმოდ გავიდნენ, თუმცა უკან დაბრუნებულებს ჩვილი ადგილზე აღარ დახვდათ. საქმე პირად კონტროლზე ეკატერინე ზღულაძემ აიყვანა. “გურია ნიუსმა” რამდენჯერმე სცადა ეკატერინე ზღულაძესთან დაკავშირება, მაგრამ მას ტელეფონი გამორთული აქვს.