ლაცაბიძის ოჯახი მიიჩნევს, რომ უსამართლოდ ართმევენ მიწის ნაკვეთს და სახლს, რომელშიც ოჯახი ათეულობით წელია ცხოვრობს; მეურნეობის მფლობელები კი საცხოვრებელს მხოლოდ საგუშაგო ჯიხურად მიიჩნევენ და ლაცაბიძეებს მის დაცლას აიძულებენ.
ლაცაბიძეების ოჯახმა დახმარებისთვის კიდევ ერთხელ მოგვმართა; ჟენრო ლაცაბიძის რძალი, მზია ბოლქვაძე ამბობს, რომ ოჯახს ხელისუფლებასთან დაახლოებული პირები უსამართლოს ავიწროვებენ:
_ ამდენი სასამართლო წაგვაგებინეს იმის გამო, რომ ვართ უპატრონოები, ღარიბები, ისინი კი გავლენიანი ბიზნესმენები არიან, ხელისუფლებასთან დაახლოებულნი და სამართლიანობა როგორ გაიმარჯვებდა?! არ გავჩერდი, მივმართე პრეზიდენტის ადმინისტრაციას; როგორც იქნა, მივაღწიე იმას, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან პასუხი მოგვივიდა, რომ პროკურორს გადაეხედა ჩვენი საქმისთვის, მაგრამ ამაოდ _ ყველა გზა მათ სასიკეთოდ მიდის. ჩემი მეუღლე კი ამ საქმეს გადაჰყვა, წამდაუწუმ სამართალდამცავებთან სიარულში, სადაც ჰპირდებოდნენ, რომ რეაგირება მოჰყვებოდა აუცილებლად და დაიწყებოდა საქმის ხელახალი ძიება, მაგრამ _ არაფერი. მეუღლე ნერვიულობით გარდამეცვალა. როგორც ჩანს, ამ სახლიდანაც მალე გამოგვასახლებენ და ქუჩაში, უსახლკაროდ აღმოვჩნდებით; გვითხარით, ეს სამართალია?!
როგორც მზია ბოლქვაძე ამბობს, ოჯახმა პრეზიდენტის ადმინისტრაციას მიმართა; პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან პროკურატურას წერილი გაეგზავნა, რომელშიც პროკურატურას მიუთითებდნენ, რომ მოდავე მხარის მიერ ყალბი დოკუმენტების შესაძლო გამოყენების ფაქტისთვის მიექცია ყურადღება _ 2012 წლის 26 ივლისს, შინაგან საქმეთა სამინისტროს რეგიონულ ტერიტორიულ ორგანოებში საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობის სამმართველოს უფროსი ნათია მეზვრიშვილი ოზურგეთის რაიონულ პროკურორს, კახა კოჩივარს წერს: “გეგზავნებათ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან მთავარ პროკურატურაში, 2012 წლის 3 ივლისს შემოსული ჟენრო ლაცაბიძისა და მზია ბოლქვაძის განცხადება, ავთანდილ ღლონტისა და ვასილ ტუღუშის მიერ, ყალბი დოკუმენტების გამოყენების შესახებ”.
თუმცა, ამ წერილს, ლაცაბიძეების თქმით, პროკურატურის მხრიდან არანაირი რეაგირება არ მოჰყოლია. ოფიციალურ წერილში, რომელიც 2012 წლის 10 სექტემბერს გაეგზავნა მზია ბოლქვაძეს და ხელს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი აბესალომ მგელაძე აწერს, ნათქვამია: “ქალბატონო მზია, შსს გურიის სამხარეო მთავარი სამმართველოს ოზურგეთის რაიონულ სამმართველოში შესწავლილი იქნა თქვენი განცხადება ოზურგეთის რაიონის სოფელ ლიხაურში მდებარე შპს “საყვავილე მეურნეობის” ტერიტორიაზე არსებულ სადაო ფართთან დაკავშირებით. გაცნობებთ, რომ განცხადებაში მითითებულ ფაქტებთან დაკავშირებით ჩატარებული იქნა წინასაგამოძიებო შემოწმება, რა დროსაც არ იქნა გამოვლენილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები. აღნიშნულიდან გამომდინარე, განცხადებაში მითითებულ ფაქტზე გამოძიება არ დაიწყება”.
როგორც ოჯახის ადვოკატი, გოჩა ძიმისტარიშვილი ამბობს, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებების გადასინჯვა შესაძლებელია, თუკი დადგინდება, რომ ის მტკიცებულებები, რომლებიც საფუძვლად ედო სასამართლო გადაწყვეტილებას, არის ყალბი: _ სწორედ ამიტომ, ჩემი მარწმუნებლების მიერ შეტანილი იქნა განცხადება პოლიციაში თხოვნით, დაწყებულიყო წინასწარი გამოძიება საბუთის სიყალბის დადგენის მიზნით; თუმცა, მიმდინარე წლის 10 სექტემბერს, პოლიციის გამომძიებელმა აბესალომ მგელაძემ, მზია ბოლქვაძეს ოფიციალურად მიწერა, რომ არ დაიწყება წინასწარი გამოძიება, რადგანაც არ არსებობს დანაშაულის ნიშნებიო.
შევადგინე ახალი საჩივარი და გავატანე მზია ბოლქვაძეს პროკურატურაში შესატანად 14 სექტემბერს. მე დარწმუნებული ვიყავი, რომ მზია ბოლქვაძე ამ საჩივარს შეიტანდა და ველოდებოდი პასუხს, თუმცა როგორც რამდენიმე დღის შემდეგ გავიგე, მისი საჩივარი პროკურატურაში არ მიიღეს. წარმოგიდგენიათ, პოლიციაში საჩივარი მიიღეს, როგორც თავად აცხადებენ _ გამოძიებაც აწარმოეს, ხოლო პროკურატურაში საჩივარი არ მიიღეს! მეტიც, არც კი მოუსმინეს!
_ ბატონო გოჩა, ვალდებული იყო თუ არა პროკურორი, მიეღო საჩივარი ხელახლა, როცა მზია ბოლქვაძეს ერთხელ უკვე გაეცა ამ საქმესთან დაკავშირებით პროკურატურიდან ოფიციალური პასუხი?
_ რა თქმა უნდა პროკურორი ვალდებული იყო მიეღო საჩივარი, ვინაიდან არსებობდა წინასწარი გამოძიების დაწყების სერიოზული საფუძვლები; საჩივარს, ისევე როგორც განცხადებას, თან ეკვროდა მტკიცებულებები _ ცნობა საჯარო რეესტრიდან, მიწის ნაკვეთის აზომვითი ნახაზი, შენობის ტექნიკური პასპორტები, რომლებიც საკმარისი იყო არა მარტო წინასწარი გამოძიების დასაწყებად, არამედ, შეიძლებოდა საფუძვლად დადებოდა გამამტყუნებელ განაჩენსაც კი.
უდანაშაულობის პრეზუმპციიდან გამომდინარე, არ მაქვს უფლება, პირი გამოვაცხადო დამნაშავედ, სანამ არ დადგება გამამტყუნებელი განაჩენი, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ არ უნდა მიეცენ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაში ის პირები, რომლებმაც გააყალბეს ზემოთ დასახელებული დოკუმენტები. ამ დოკუმენტების გაყალბება კი, უპირველეს ყოვლისა, აწყობდათ ავთანდილ ღლონტსა და ვასილ ტუღუშს, რადგანაც სწორედ ამ პიროვნებებმა მიიღეს ქონებრივი სარგებელი, – ამბობს ადვოკატი.
ლაცაბიძის ოჯახი აპირებს საჩივარი საქართველოს მთავარ პროკურატურაში შეიტანოს ავთანდილ ღლონტისა და ვასილ ტუღუშის მიერ სასამართლოზე წარმოდგენილი ყალბი დოკუმენტების გამოყენებისთვის.
შპს “საყვავილე მეურნეობის” ერთ-ერთმა მეპატრონემ ავთანდილ ღლონტმა ასეთი კომენტარი გააკეთა:
_ მე არავის არ ვაგდებ, ეს არის სამოქალაქო დავა; სასამართლომ დაადგინა, რომ ეს სახლი და მიწა ეკუთვნის შპს “ლიხაურის საყვავილე მურნეობას”. მერე მაგათ იჩივლეს, რომ ეს მიწა საყვავილე მეურნეობას კი არ ეკუთვნის, არამედ ჩვენიაო. სასამართლომ ეს განიხილა და დაამტკიცა, რომ ეს მიწა ეკუთვნის საყვავილე მეურნეობას. ჯერ-ჯერობით, გამოსახლებაზე არ შეგვიტანია საჩივარი, თუმცა ვაპირებთ, რომ კიდევ ერთხელ, ადვოკატის საშუალებით, შევთავაზოთ ნებაყოფლობით დაცალონ აქაურობა. ის, რაც არის ჩვენი, დატოვონ და ჩვენ მივცემთ მიწის შესაბამისი ფართის თანხას. იქ მე მეურნეობა მაქვს, ხელი მეშლება, სათბური მინდა გავაკეთო და მეტად განვავითარო. ეს არის და მეტი არაფერი, _ აცხადებს ავთანდილ ღლონტი.
იუსტიციის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის ხათუნა იოსავას თქმით, “აღნიშნულ საქმეზე ოზურგეთის პროკურატურამ საქმის მოკვლევა დაიწყო, რის შემდეგაც საქმეში არ გამოიკვეთა დანაშაულის კვალი”: _ აღნიშნულ ოჯახს არ გააჩნია საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი; აქედან გამომდინარე, უზენაესმა სასამართლომ მისი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. გამოსავალი არის ერთი, მხარეები უნდა მორიგდნენ. როგორც ჩვენთვის არის ცნობილი, ჟენრო ლაცაბიძეს მიწის მესაკუთრე სხვა ალტერნატივას სთავაზობს, _ ამბობს იოსავა.