ადვოკატი ბაცანაძე ამბობს, რომ მისი საქმიდან ჩამოცილება ჟურნალისტ გელა მთივლიშვილის ინიციატივით მოხდა.
კახეთის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელი გელა მთივლიშვილი, რომელიც ამავე დროს სასჯელაღსრულების დაწესებულებების მონიტორინგის ჯგუფის წევრია, # 18 სამკურნალო დაწესებულებაში პირადად შეხვდა ლოპოტას სპეცოპერაციის ერთ-ერთ მონაწილეს ახმედ ჩატაევს. ამავე დროს, ჟურნალისტმა ჩაწერა ის მესაზღვრეები, რომლებმაც გამოძიებაში მიცემული ჩვენება შეცვალეს და განაცხადეს, რომ ჩატაევი შეიარაღებული არ ყოფილა.
გელა მთივლიშვილმა მთავარ პროკურორს, არჩილ კბილაშვილს ღია წერილით მიმართა და ჩატაევის, როგორც უკანონო პატიმრის გათავისუფლება მოითხოვა.
“გურია ნიუსის” ინფორმაციით, უნდობლობაგამოცხადებულ ადვოკატებს შორის ერთი სახაზინო ადვოკატია, მეორე კი, ოჯახის ახლობლების მიერ დაქირავებული.
ზურაბ ბაცანაძე “გურია ნიუსთან” საუბარში ამბობს, რომ მისთვის მოულოდნელი იყო გელა მთივლიშვილის სატელეფონო ზარი: “გელა მთივლიშვილმა დამირეკა და მითხრა, რომ ციხეში მონიტორინგს ატარებდა, რა დროსაც შეხვდა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფ ახმედ ჩატაევს. ჟურნალისტმა მითხრა, ამ წუთებში ციხის უფროსთან ვარ შესული და შენი აცილების შესახებ ვწერ განცხადებას, უნდობლობას გიცხადებთ, პატიმარი არ გენდობაო… გამიკვირდა, რადგან პატიმარს იმ დღეს, 3-ის ნახევარზე დავშორდი და მსგავსი არაფერი უთქვამს. არ ვიცი, რატომ ჩაერია მთივლიშვილი ჩემს კომპეტენციაში. ჩატაევს ან მის ახალ ადვოკატ ანდრიაშვილს შეეძლოთ წინასასამართლო სხდომაზე დაეყენებინათ ჩემი აცილების საკითხი,” _ ამბობს ბაცანაძე.
ბაცანაძე არ მალავს, რომ ახმედ ჩატაევის დაცვა ზელიმხან ხანგოშვილმა, წინასასამართლო სხდომის დაწყებამდე 3 დღით ადრე სთხოვა. ზელიმხან ხანგოშვილი, იგივე “დიშნა”, ჩვენი წყაროს ინფორმაციით, რომლის საქმიანობაც კავკასიური საკითხების ანალიტიკასთანაა დაკავშირებული, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელია, რომელმაც, მისივე თქმით, ანტიტერორისტული ცენტრის თანამშრომლებთან ერთად, დიდი როლი ითამაშა ლაფანყურში განვითარებულ მოვლენებში.
ბაცანაძე აცხადებს, რომ ხანგოშვილი მან 5 წლის წინ, პანკისელი ასლან ალდამოვის პროცესზე გაიცნო, სადაც სასამართლოს ხანგოშვილი თარჯიმნად ჰყავდა მიწვეული: “მას შემდეგ, არაერთი ქისტის ინტერესები დამიცავს; აქედან გამომდინარე, ძალიან ბევრ ადამიანს ვიცნობ ხეობაში და არ გამკვირვებია, როდესაც ძველმა ნაცნობმა ხანგოშვილმა ჩატაევის დაცვა მთხოვა. 26 ოქტომბერს შევხვდი პატიმარს, ვუთხარი, ვინც ვიყავი, ვუთხარი, რომ მისი დაცვა ხანგოშვილმა მთხოვა, რაზედაც მიპასუხა, ჩემთვის ძალიან პატივსაცემი ადამიანიაო. მისი მხრიდან უნდობლობა არ ყოფილა. ჩვენ ვისაუბრეთ და დავგეგმეთ წინასასამართლო სხდომა. ჩატაევს ვთხოვე, გონება მოეკრიბა და გაეხსენებინა ყველა დეტალი, რადგან გამორიცხული არ იყო საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარება. იმის გამო, რომ ის თავს დამნაშავედ არ ცნობდა და საქმეშიც არ იდო მისი მამხილებელი მტკიცებულებები, მოვილაპარაკეთ, რომ ამ გარემოებებთან დაკავშირებით, სასამართლოზე შუამდგომლობას დავაყენებდით. მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ არავისგან მიგზავნილი ადვოკატი არ ვარ; მიგზავნილი ადვოკატები ასე არ იქცევიან და არ სთხოვენ განსასჯელს რაც გაახსენდება, პროცესზე ყველაფერი ილაპარაკოს,” _ აცხადებს ადვოკატი ბაცანაძე. ადვოკატის თქმით, მისი მომსახურების თანხა ზელიმხან ხანგოშვილს უნდა გადაეხადა.
ადვოკატი ბაცანაძე აცხადებს, რომ პატიმრის გათავისუფლების შუამდგომლობა მათ პირველივე სხდომაზე უნდა დაეყენებინათ: “ჩატაევს მუდმივი საცხოვრებელი არ აქვს; სამწუხაროდ, აქვს ნასამართლეობა. ადვოკატ მამუკა ბასილაშვილთან ერთად დავგეგმე, რომ საქმეში ჩაგვერთო ქისტების სათვისტომოს წარმომადგენლები, ჯამაათის წევრები, რომლებიც პატიმარზე პასუხისმგებლობას აიღებდნენ. ამავე დროს ვაპირებდით, დამატებითი სამედიცინო ექსპერტიზის დანიშვნას, რომელიც დაადასტურებდა, რომ ჩატაევის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა, მისთვის ციხეში გატარებული თითოეული დღე სიკვდილის ტოლფასია,” _ აცხადებს ბაცანაძე “გურია ნიუსთან” საუბარში.
“გურია ნიუსი” ადვოკატ მამუკა ბასილაშვილს დაუკავშირდა. ის ჩატაევს სახაზინო წესით იცავდა. ბასილაშვილი აცხადებს, რომ ახმედ ჩატაევმა პირადად სთხოვა ზელიმხანთან შუამავლობა: “ჩატაევი გირაოთი გათავისუფლებაზე იყო თანახმა _ საუბარი იყო 10 ათას ლარზე. პატიმარს ვკითხე, ვის დავკავშირებოდი, ვინ იყვნენ მისი შინაურები. მან ზელიმხანი მიხსენა და მომცა მისი სახლის მისამართი. ორჯერ ვიყავი ზელიმხანის სახლში, მაგრამ არც ერთხელ არ დამხვდა. ზელიმხანი ტელეფონით დამეკონტაქტა და მითხრა, რომ არჩევნების საქმეზე იყო წასული და პირადად ვერ შემხვდებოდა. ჩატაევს არ უთქვამს, რისთვის უნდოდა ზელიმხანის ნახვა. ამბობდა, მოვიდეს და მნახოსო. საერთოდ, ახმედ ჩატაევი არ იყო ჩემთან გახსნილი, ეს გასაგებიცაა,რადგან სახაზინო წესით ვიცავდი და არ მენდობოდა,” _ აცხადებს მამუკა ბასილაშვილი.
გელა მთივლიშვილი ადვოკატ ბაცანაძის ნათქვამის კომენტირებისას ამბობს, რომ ჩატავმა თავად მიიღო ადვოკატების აცილების გადაწყვეტილება, ნინო ანდრიაშვილის კანდიდატურაც თავად შეარჩია: “მე, როგორც ციხეების მონიტორინგის ჯგუფის წევრს, მუდმივი მეთვალყურეობა მაქვს დაწესებული ახმედ ჩატაევზე. ერთ-ერთ საღამოს შევედი და მან მომცა დაწერილი განცხადება, სადაც ის აცილებას აძლევდა ორ ადვოკატს _ ბაცანაძეს და სახაზინო წესით დანიშნულ მამუკა ბასილაშვილს. ეს განცხადება მისივე თხოვნით გავატარე რეგისტრაციაში კანცელარიაში, გამოვიტანე და გადავეცი მის ადვოკატს, ნინო ანდრიაშვილს. ასევე, ჩატაევმა მთხოვა, დავკავშირებოდი ორივე ადვოკატს და მეთქვა, რომ აცილებას აძლევდა. პირადად შევხვდი თბილისის იურიდიული დახმარების ოფისთან ბასილაშვილს და მასაც გადავეცი ეს ასლი, რის შემდეგაც დავუკავშირდი ბატონ ბაცანაძეს და ვუთხარი, თუ სურდა მასაც გადავცემდი ამას, თუ არადა მივაწოდე შინაარსი განცხადების თაობაზე. რაც შეეხება ადვოკატ ანდრიაშვილს, პატიმრისთვის მისი კანდიდატურა მე არ შემითავაზებია,” _ ამბობს გელა მთივლიშვილი “გურია ნიუსთან” საუბარში.
ავსტრიაში ლტოლვილის სტატუსით მცხოვრები ახმედ ჩატაევი ლოპოტას სპეცოპერაციის დროს საქართველოში იმყოფებოდა. დუისში მას ცოლ-შვილი ჰყავს და როგორც ირკვევა, ის პერიოდულად ჩამოდიოდა საქართველოში.
ჩვენი წყაროების ინფორმაციებზე დაყრდნობით, ამგვარი ვერსია იკვეთება: 28 აგვისტოს, ლაფანყურში მდგომარეობის დაძაბვის გამო, ზელიმხან ხანგოშვილმა ახმედ ჩატაევს შეიარაღებულ პირებთან შუამავლობა სთხოვა. მოსალაპარაკებლად წასულ ჩატაევს თან ახლდა ზელიმხან ხანგოშვილი და ვინმე “გოგი”. შეიარაღებული ჯგუფიდან კი მოლაპარაკებაში ორი პირი მონაწილეობდა. ხანგოშვილი და “გოგი” ხელისუფლებისთვის ულტიმატუმის პირობების გადასაცემად წავიდნენ, ჩატაევი და ორი შეიარაღებული პირი კი მარტო დატოვეს. სწორედ ამ დროს გაიხსნა ცეცხლი და ჩატაევი მძიმედ დაიჭრა ფეხის არეში. მისი თქმით, სროლის დროს დაიჭრა ქისტიც, თუმცა მსუბუქად და მან, მეგობართან ერთად, გაქცევა მოახერხა.
ამ დროისათვის ახმედ ჩატაევი ლოპოტას მოვლენების ყველაზე მნიშვნელოვანი მოწმეა; ბევრ ინფორმაციას ფლობს ზელიმხან ხანგოშვილიც, რომელიც თანასოფლელებმა ბოლოს 3 ოქტომბერს ნახეს. დაუდასტურებელი ინფორმაციით, ხანგოშვილი და ანტიტერორისტული ცენტრის თანამშრომელი სანდრო ამირიძე, რამდენიმე ქისტ ახალგაზრდასთან ერთად, სირიაში გაემგზავრნენ.
ადვოკატი ბასილაშვილი იხსენებს, რომ ოჯახის წევრებმა მას ხანგოშვილის ტელეფონის ნომერი არ მისცეს, ნომერი თავად აკრიფეს და ისე დაალაპარაკეს. აქედან გამომდინარე, ადვოკატისთვის უცნობია, საიდან დაელაპარაკა ხანგოშვილი.